განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 08.03.2013
საქმის ნომერი
2კ-266-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#1155ap_10 10 Tebervali, 2011 weli

№2661-13 8 მარტი, 2013 წელი

მ-ა ლ, 2661-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ნ. ფ-ის

მონაწილეობით განიხილი მსჯავრდებულ ლ. მ-ას საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ლ. მ-ა, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ა“, ,,დ“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,თ“, ,,ი“, ,,ლ“ ქვეპუნქტებით – 20 წლით; სსკ-ის 19, 109-ე მუხლის ,,ა“, ,,ზ“, ,,თ“, ,,ი“, ,,ლ“ ქვეპუნქტებით - 14 წლით; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით – 8 წლით; სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით - 3 წლით; სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 6 წლით, ხოლო სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ლ. მ-ას სასჯელად განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2003 წლის 28 აგვისტოდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 2 ივნისის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 27 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება, კერძოდ: ლ. მ-ას განაჩენიდან ამოერიცხა სსკ-ის 19, 109-ე მუხლის ,,ა“, ,,დ“, ,,ვ“, ზ“, თ“, ,,ი“, ,,ლ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის სასჯელის ნაწილში, დარჩა უცვლელად.

წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 იანვრის დადგენილებით ლ. მ-ას გაუნახევრდა სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 4 წელი.

ლ. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ა“, ,,დ“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,თ“, ,,ი“, ,,ლ“, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“, სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ლ. მ-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2003 წლის 28 აგვისტოდან.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენით ლ. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 7 წლით, 3 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 2 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 17 წლით, 8 თვითა და 3 დღით და საბოლოოდ სასჯელად განესზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ლ. მ-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო2010 წლის 9 სექტემბრიდან.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ლ. მ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული ლ. მ-ა გათავისუფლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 27 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელისგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ლ. მ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა გარადაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა 25 წლით და განესაზღვრა 18 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

რუსთვაის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ლ. მ-ამ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, მას ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თითოეული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი. ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ სსკ-ის 184-ე მუხლმა განიცადა დეკრიმინალიზაცია, ითხოვა ამ მუხლის ამორიცხვა და დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-17 მუხლის თანახმად, პირზე, რომელსაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად სასჯელი დანაშაულთა ან/ და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშა/ დაენიშნება, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისთვის ცალ-ცაკლე. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად კი უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან ადრე განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის მე–16 მუხლში კი აღნიშნულია: „ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე–15 მუხლების მოქმედება“.

საკასაციო პალატა იზიარებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას ლ. მ-ას სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიას და მსჯავრდებული ამ დანაშაულის ჩადენის დროს იყო ნასამართლობის არმქონე პირი. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მასზე კანონიერად გაავრცელა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლი.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ლ. მ-ა მსჯავრდებულ იქნა დანაშაულთა ერთობლიობით და სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, ნაწილობრივი შეკრებით, სასჯელად განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა.

,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-16, მე-18 მუხლების საფუძველზე მსჯავრდებულს ერთნაირად და პროპორციულად ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 109-ე, 179-ე და 184-ე მუხლებით დანიშნული სასჯელები, ხოლო რაც შეეხება სსკ-ის 187-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს, როგორც უკვე ზემოთ იქნა აღნიშნული, მსჯავრდებული მისგან სრულად გათავისუფლდა.

მსჯავრდებულ ლ. მ-ას მიმართ დანიშნულ საბოლოო სასჯელში – 25 წელში შემავალი სასჯელების წილის ¼-ით შემცირების შემდეგ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრული წილი შეადგენს: სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ა“, ,,დ“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,თ“, ,,ი“, ,,ლ“ ქვეპუნქტებით – 11 წელსა და 3 თვეს; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით – 3 წელსა და 9 თვეს; სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 11 თვესა და 7 დღეს, ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილით – 1 წელს, 10 თვესა და 15 დღეს.

ლ. მ-ათვის საბოლოოდ დანიშნული სასჯელი შეადგენს – 17 წელს, 9 თვესა და 22 დღეს. აღნიშნულ სასჯელს უნდა გამოაკლდეს 2003 წლის 28 აგვისტოდან - 2010 წლის 9 სექტემბრამდე (დაკავების დღიდან – აღკვეთის ღონისძიების შეფარდებამდე) მოხდილი სასჯელი – 7 წელი, 12 დღე და მოსახდელად დარჩენილ სასჯელს – 10 წელს, 9 თვესა და 10 დღეს – უნდა დაემატოს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი, მე-5 ნაწილებით დანიშნული, სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე – 7 წლით, 3 თვითა და 27 დღით განსაზღვრული და ¼-ით შემცირებული სასჯელი – 5 წელი, 5 თვე და 27 დღე.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით ლ. მ-ას საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 16 წლით, 3 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ლ. მ-ას სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2010 წლის 9 სექტემბრიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ლ. მ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-17,მე-18 მუხლების საფუძველზე ლ. მ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელები და საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 19 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ლ. მ-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2010 წლის 9 სექტემბრიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ

№2661-13 13 მაისი, 2013 წელი

მ-ა ლ- 2661-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 8 მარტს მსჯავრდებულ ლ. მ-ას მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.

საკასაციო პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

განჩინების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია:

,,მსჯავრდებულ ლ. მ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-17, მე-18 მუხლების საფუძველზე ლ. მ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელები და საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 19 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ლ. მ-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2010 წლის 9 სექტემბრიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება“.

ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2013 წლის 8 მარტს მსჯავრდებულ ლ.ა მ-ას მიმართ გამოიტანა განჩინება, რომელშიც დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:

პალატამ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში შეიტანა ზემოაღნიშნული ცვლილება, თუმცა სამოტივაციო ნაწილში ნამსჯელი აქვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაში მსჯავრდებულის სასიკეთოდ შესატან ცვლილებაზე.

აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რაც უნდა აღმოიფხვრას მითითებულ განჩინებაში.

პალატამ იხელმძღვანელა ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით, სსსკ-ის 287-ე მუხლის ,,ვ” პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მარტს მსჯავრდებულ ლ. მ-ას მიმართ გამოტანილ განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მსჯავრდებულ ლ. მ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-17, მე-18 მუხლების საფუძველზე ლ. მ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელები და საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 16 წლით, 3 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ლ. მ-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2010 წლის 9 სექტემბრიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება“.

აღნიშნული განჩინება წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 15 მარტის განჩინების განუყოფელ ნაწილს.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი