განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№3281-13 8 მარტი, 2013 წელი
ს-ა პ, 3281-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის
პროკურორ - მ. ც-ს
მსჯავრდებულ - პ. ს-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ პ. ს-ს საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 დეკემბრის განაჩენით:
ზუგდიდის რაიონული პროკურორის მოადგილე დ. ხვიტიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.
პ. ს-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვენუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2009 წლის 8 დეკემბრიდან.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისის განაჩენით პ. ს-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა პ. ს-ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და მის მიმართ გამოყენებულ სასჯელს, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაემატა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით, 11 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით, 11 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა. პ. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 9 ივნისიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით:
დამტკიცდა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ. ს-ა და მსჯავრდებულ პ. ს-ს შორის 2011 წლის 10 ოქტომბერს წერილობით გაფორმებული საპროცესო შეთანხმება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისის განაჩენი პ. ს-ს მიმართ შეიცვალა სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულის სასიკეთოდ.
პ. ს-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 1 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 4 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, რომლის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით, 11 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დაემატა მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მას მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით, 11 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი, 11 თვე და 5 დღე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 4 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. პ. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 9 ივნისიდან.
2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ პ. ს-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ პ. ს-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
პ. ს-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული რეალური სასჯელი, პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა და მოსახდელად დარჩა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, რეალურად უნდა მოიხადოს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით.
მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისის განაჩენით (განაჩენთა ერთობლიობის საფუძველზე) საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 3 წელი, 11 თვე და 5 დღე და მოსახდელად დარჩა 2 წლით, 11 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საბოლოოდ პ. ს-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად განსაზღვრული რეალური სასჯელი, პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა და მოსახდელად დარჩა 6 წლით, 8 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად რეალურად უნდა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 8 თვისა და 11 დღის ვადით, ხოლო დარჩენილი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით.
პ. ს-ს რეალური სასჯელის - 3 წლის, 8 თვისა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაეწყო 2011 წლის 9 ივნისიდან.
მსჯავრდებული არ თავისუფლდება განაჩენით შეფარდებული აღსრულებული ჯარიმისაგან.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა პ. ს-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.
ამდენად, მსჯავრდებულ პ. ს-ს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 3 წელს. ამ განაჩენით საბოლოოდ მოსახდელად უნდა დარჩეს 2 წლით, 11 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ პ. ს-ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 3 წელსა და 9 თვეს.
ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას - უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით, 11 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა და მსჯავრდებულ პ. ს-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 6 წლით, 8 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი, 8 თვე და 5 დღე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2011 წლის 9 ივნისიდან, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წელი - უნდა ჩაეთვალოს პირობით, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ პ. ს-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
მსჯავრდებულ პ. ს-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით, 8 (რვა) თვითა და 5 (ხუთი) დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 (სამი) წელი, 8 (რვა) თვე და 5 (ხუთი) დღე მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომლის ათვლა დაეწყოს 2011 წლის 9 ივნისიდან, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 (სამი) წელი - ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლისა და 9 (ცხრა) თვის გამოსაცდელი ვადით.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე