დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 08.03.2013
საქმის ნომერი
2კ-350-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№3501-13 8 მარტი, 2013 წელი

ი-ე ვ , 3501-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ი. ჩ-ის

მსჯავრდებულ _ ვ. ი-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ვ. ი-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით ვ. ი-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 5.000 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 1 აპრილის განაჩენით ვ. ი-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (ლ. ტ-ის ა/მანქანის გაქურდვის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 6 თვით, ხოლო სსკ–ის 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით (შ. ქ-ის ა/მანქანის გაქურდვის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 10.000 ლარი.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ვ. ი-ეს სასჯელად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 10.000 ლარი.

საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი– 5 წელი, რაც საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დაემატა ზემოაღნიშნულ სასჯელს და საბოლოოდ ვ. ი-ეს სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 10.000 ლარი.

ვ. ი-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 19 იანვრიდან.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ვ. ი-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ვ. ი-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ლ. ტ-ის ა/მანქანის გაქურდვის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი – 6 თვე და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 4 თვე და 15 დღე.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ვ. ი-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“, (შ. ქ-ის ა/მანქანის გაქურდვის ეპიზოდი) ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი 6 თვე და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 4 თვე და 15 დღე.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ვ. ი-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი – 5 წელი და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 3 წელი და 9 თვე. საბოლოოდ, 59-ე მუხლის საფუძველზე ვ. ი-ეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. დამატებითი სასჯელის ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ვ. ი-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით მის მიმართ არასწორად იქნა გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი და ითხოვა საქმის ხელახლა განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად: „ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე–15 მუხლების მოქმედება“. იმავე კანონის მე–17 მუხლის თანახმად: „პირზე, რომელსაც, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა/დაენიშნება, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ–ცალკე.“

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დაკემბრის კანონის მე–18 მუხლის საფუძველზე კი: ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ როგორც რეალურ სასჯელზე, ისე პირობით მსჯავრზე და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად ისე დამატებით სასჯელზე გარდა, ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა“.

პალატის აზრით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-17 მუხლებით და ¼-ით კანონიერად ცალ-ცალკე შეამცირა დანაშაულთა ერთობლიობის დროს თითოეული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი.

საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა იმავე კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნით, სადაც აღნიშნულია, რომ პირი, რომელსაც ამ კანონის საფუძველზე შეუმცირდა სასჯელი, არ თავისუფლდება ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისაგან, რის საფუძველზეც უცვლელად დატოვა დამატებით სასჯელად დანიშნული ჯარიმა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. ი-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი