დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№3691-13 12 მარტი, 2013 წელი
ლ. ი-ა, 3691-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ლ. ქ-ის
მსჯავრდებულ _ ლ. ი-ას
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ. ი-ას საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 28 ივნისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, დადებული პროკურორ პ. მ-სა და ბრალდებულ ლ. ი-ას შორის.
ლ. ი-ა, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ადიგენის ეპიზოდი), საქართველოს სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელიდან რეალურად მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლისა და 6 თვის ვადით, ხოლო დარჩენილი 1 წელი საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; ასევე საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ახალციხის ეპიზოდი), საქართველოს სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელიდან რეალურად მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლისა და 6 თვის ვადით, ხოლო დარჩენილი 1 წელი საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ლ. ი-ას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელიდან რეალურად მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64–ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი.
ლ. ი-ას სასჯელის ათვლა დაეწყო - 2012 წლის 1 ივნისიდან.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №19 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ლ. ი-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინებით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 28 ივნისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ლ. ი-ას ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის რეალურად დანიშნული - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად დარჩა - 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩათვლილი აქვს პირობით, ასევე შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელი დარჩა - 9 თვე.
მასვე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის რეალურად დანიშნული - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელი დარჩა - 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩათვლილი აქვს პირობით, ასევე შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად დარჩა - 9 თვე.
ლ. ი-ას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა დანაშაულთა ერთობლიობით ორივე ეპიზოდისათვის განსაზღვრული - 3 წელი გამოსაცდელი ვადა და განესაზღვრა გამოსაცდელი ვადა - 2 წელი და 3 თვე.
საბოლოოდ ლ. ი-ას - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა რეალურად მოსახდელად, დარჩენილი 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა - 2 წელი და 3 თვე.
ლ. ი-ას რეალურად მოსახდელად დარჩენილი სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2012 წლის 1 ივნისიდან.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 28 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ლ. ი-ამ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა სასჯელისაგან სრულად განთავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
იმის გამო, რომ ლ. ი-ა მსჯავრდებულია საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი), რაც მიეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულთა რიცხვს, მასზე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 1-ლი – მე-15 მუხლების მოქმედება.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლით, რომლის საფუძველზეც ლ. ი-ას დანიშნული სასჯელი შეუმცირა ¼-ით.
ამასთან, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-17 და მე-18 მუხლებით, რომელთა თანახმადაც, დანაშაულთა ერთობლიობის დროს ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეულ დანაშაულსა და სასჯელზე ცალ-ცალკე, ასევე სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ეხება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელს, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ. ი-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
გ. შავლიაშვილი