დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№4111-13 13 მარტი, 2013 წელი
შ-ი გ, 4111-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ნ. გ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. შ-ის საჩივარი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 4 თებერვლის განაჩენით გ. შ-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 17 ივლისიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 11 აპრილის განაჩენით, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი სააპელაციო პალატის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 იანვრის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. შ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული 4 წელი, 9 თვე და განესაზღვრა 3 წლით, 6 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 დაწესებულების დირექტორის მომართვის შესაბამისად, გ. ში სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით, ვადაზე ადრე - 2013 წლის 1 მარტს.
გ. შ-ი საჩივრით ითხოვს სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებას ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე იმ მოტივით, რომ ადრე ნასამართლევი არ ყოფილა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, პირი თავისუფლდება სსკ-ის 177-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია ამავე კოდექსის 303-ე მუხლით.
მოცემულ შემთხვევაში გ. შ-ი მსჯავრდებულია სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ 177-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე დანაშაულისათვის, რაც ჩაიდინა სრულწლოვან ასაკში და ამ ქმედებისათვის დანიშნული სასჯელი ,,ამნისტიის შესახებ“ აღნიშნული კანონის საფუძველზე უნდა შემცირდეს მხოლოდ ერთი მეოთხედით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. შ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 იანვრის განჩინება გ. შ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
გ. შავლიაშვილი