დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№5491-13 18 მარტი, 2013 წელი
პ-ა რ, 5491-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა ქათამაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის
პროკურორ - ლ. ქ-ს
მსჯავრდებულ - რ. პ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. პ-ს საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით რ. პ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2000 ლარი, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 3000 ლარი, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. რ. პ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 19 ივნისიდან.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ რ. პ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ რ. პ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ რ. პ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2008 წლის 19 ივნისიდან.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა რ. პ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. რადგან რ. პ-ა არის ადრე ნასამართლევი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 11 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 78, 252-ე მუხლებით, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ. პ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ლ. მურუსიძე