განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 18.03.2013
საქმის ნომერი
2კ-552-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
18.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№5521-13 18 მარტი, 2013 წელი

გ-ე ა, 5521-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - ლ. ქ-ს

მსჯავრდებულ - ა. გ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. გ-ს საჩივარი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 სექტემბრის განაჩენით ა. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 26 ივნისიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

ხონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით ა. გ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის - 2 წლის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი და 7 თვე და მოსახდელად დარჩა 9 თვე და 15 დღე, რასაც დაემატა სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - 6 წელი და 2009 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 6 წელი, 9 თვე და 15 დღე.

2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. გ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 9 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. გ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ ა. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 6 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით.

მსჯავრდებულ ა. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 6 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც გამოაკლდა „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ხონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით განსაზღვრული სასჯელის საშეღავათო ვადა - 9 თვე და 15 დღე და ამ კვალიფიკაციით მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 თვისა და 15 დღის ვადით.

მსჯავრდებულ ა. გ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის, 2 თვისა და 15 დღის ვადით. მას სასჯელის ვადა აეთვალა 2009 წლის 26 ივნისიდან.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 9 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. გ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 9 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით და, ამასთან, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. ვინაიდან ა. გ-ე არის ადრე ნასამართლევი ხონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილებით, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით, 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 243-ე მუხლის მეორე ნაწილით, 272-ე მუხლით, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ა. გ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 1 წელსა და 6 თვეს; ასევე ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 4 წელსა და 6 თვეს.

საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას - უნდა დაემატოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 7 თვე და საბოლოოდ ა. გ-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 5 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს 2009 წლის 26 ივნისიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. გ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 9 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ა. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 1 წელსა და 6 თვეს.

მასვე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 4 წელსა და 6 თვეს.

საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 7 თვე და საბოლოოდ ა. გ-ს მოსახდელად განესაზღვროს 5 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2009 წლის 26 ივნისიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ლ. მურუსიძე