განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 19.03.2013
საქმის ნომერი
2კ-563-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

5631-13 19 მარტი, 2013 წელი

შ-ი ა. , 5631-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - თ. ჭ-ას

ადვოკატ - ნ. მ-ის

მსჯავრდებულ - ა. შ-ის

თარჯიმან - ქ. ა-ას

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. შე-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 აპრილის განაჩენით ა. შ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით, ხოლო 184-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 ნოემბრის განაჩენით ა. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 6 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 3 ივლისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 დეკემბრის განაჩენით ა. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 6 წლით, ხოლო 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით დადგენილი სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და ა. შ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 3 ივლისიდან.

ამავე სასამართლოს 2008 წლის 3 ნოემბრის დადგენილებით ა. შ-ის მიმართ გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი და 2 თვე, ასევე - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 დეკემბრის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი და 7 თვე შეიკრიბა მთლიანად და განაჩენთა ერთობლიობით ა. შ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 3 ნოემბრიდან.

უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 24 აპრილის განჩინებით ა. შ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენები დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, ა. შ-ი გათავისუფლდა სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 184-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 6 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი - 2 წელი, 8 თვე და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი - 2 წელი და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ერთი მეოთხედით შემცირდა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი - 2 წელი, 7 თვე და განესაზღვრა 1 წლით, 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა; აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და ა. შ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით, 5 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 3 ნოემბრიდან.

მსჯავრდებული ა. შ-ი საჩივარში აღნიშნავს, რომ მას სასჯელის მოხდა უნდა დაწყებოდა 2006 წლის 3 ივლისიდან. გასაჩივრებული განჩინებით მის სასჯელს მოაკლდა მხოლოდ 2 წელი და 4 თვე, რომელიც უკვე მოხდილი ჰქონდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს სასჯელის მოხდის თარიღის დაზუსტებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, პირზე, რომელსაც სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ-ცალკე.

კანონის აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე, ერთი მეოთხედით უნდა შემცირდეს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 5 წელი და ამ მუხლით მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

რადგან სსკ-ის 179-ე და 143-ე მუხლებით დანიშნული სასჯელები უნდა შემცირდეს ერთი მეოთხედით, მათი ნაწილობრივი შეკრების შედეგად მიღებული სასჯელიც - 7 წელი და 1 თვე - უნდა შემცირდეს ერთი მეოთხედით და ამ მუხლებით სასჯელად უნდა განისაზღვროს 5 წელი, 9 თვე და 22 დღე.

ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 ნოემბრის დადგენილებით ჩაითვალა, რომ ა. შ-ი გარდაბნის რაიონული და თბილისის საქალაქო სასამართლოების განაჩენებით დანიშნულ სასჯელებს პარალელურად იხდიდა, ამ განჩინებით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სასჯელს - 3 წელსა და 9 თვეს - უნდა გამოაკლდეს 2006 წლის 3 ივლისიდან 2008 წლის 3 ნოემბრამდე მოხდილი სასჯელი - 2 წელი და 4 თვე და ამ მუხლით მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს 1 წელი და 5 თვე; 179-ე და 143-ე მუხლებით განსაზღვრული და ამ განჩინებით შემცირებული სასჯელი - 5 წელი, 9 თვე და 22 დღე - უნდა შემცირდეს 2 წლითა და 4 თვით და ა. შ-ს უნდა განესაზღვროს 3 წლით, 5 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, მსჯავრდებულს საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 4 წლით, 10 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2008 წლის 3 ნოემბრიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. შ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. შ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით მოსახდელად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

ამავე კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. შ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს სსკ–ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით, განსაზღვრული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვროს 3 (სამი) წლით, 5 (ხუთი) თვითა და 22 (ოცდაორი) დღით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით ა. შ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით, 10 (ათი) თვითა და 22 (ოცდაორი) დღით თავისუფლების აღკვეთა.

ა. შ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2008 წლის 3 ნოემბრიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ

5631-13 16 მაისი, 2013 წელი

შ-ი ა.- 5631-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 19 მარტს ა. შ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2013 წლის 19 მარტს მსჯავრდებულ ა. შ-ის მიმართ გამოიტანა განჩინება, რომელშიც დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:

პალატამ განჩინების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ ,,რადგან სსკ-ის 179-ე და 143-ე მუხლებით დანიშნული სასჯელები უნდა შემცირდეს ერთი მეოთხედით, მათი ნაწილობრივი შეკრების შედეგად მიღებული სასჯელიც - 7 წელი და 1 თვე უნდა შემცირდეს ერთი მეოთხედით და ამ მუხლებით სასჯელად განისაზღვროს 5 წელი, 9 თვე და 22 დღე.

ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 ნოემბრის დადგენილებით ჩაითვალა, რომ ა. შ-ი გარდაბნის რაიონული და თბილისის საქალაქო სასამართლოების განაჩენებით დანიშნულ სასჯელებს პარალელურად იხდიდა, ამ განჩინებით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სასჯელს - 3 წელსა და 9 თვეს უნდა გამოაკლდეს 2006 წლის 3 ივლისიდან 2008 წლის 3 ნოემბრამდე მოხდილი სასჯელი - 2 წელი და 4 თვე და ამ მუხლით მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს 1 წელი და 5 თვე; 179-ე და 143-ე მუხლებით განსაზღვრული და ამ განჩინებით შემცირებული სასჯელი - 5 წელი, 9 თვე და 22 დღე უნდა შემცირდეს 2 წლითა და 4 თვით და ა. შ-ს უნდა განესაზღვროს 3 წლით, 5 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, მსჯავრდებულს საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 4 წლით, 10 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2008 წლის 3 ნოემბრიდან“.

განჩინების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია, რომ ,,ამავე კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. შ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით განსაზღვრული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვროს 3 წლით, 5 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით ა. შ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით, 10 (ათი) თვითა და 22 (ოცდაორი) დღით თავისუფლების აღკვეთა“.

უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 მარტის განჩინებით მსჯავრდებულისათვის სსკ-ის 179-ე და 143-ე მუხლებით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით, განსაზღვრული სასჯელი - 7 წელი და 1 თვე - შემცირდა ერთი მეოთხედით, მაგრამ საბოლოოდ სასჯელში თითოეული მუხლის პროპორციული წილის ერთი მეოთხედით შემცირების შედეგად და 2006 წლის 3 ივლისიდან 2008 წლის 3 ნოემბრამდე მოხდილი სასჯელის გათვალისწინებით, ა. შ-ს ამ მუხლებით უნდა განსაზღვროდა 3 წელი, 1 თვე და 14 დღე. შესაბამისად, საბოლოოდ მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს 4 წლით, 6 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2008 წლის 3 ნოემბრიდან.

აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რაც უნდა აღმოიფხვრას.

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 287-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 მარტს მსჯავრდებულ ა. შ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-4 და მე-5 აბზაცები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა. შ-ისათვის სსკ-ის 179-ე და 143-ე მუხლებით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით, დადგენილ საბოლოო სასჯელში თითოეული მუხლის პროპორციული წილის ერთი მეოთხედით შემცირების შედეგად და 2006 წლის 3 ივლისიდან 2008 წლის 3 ნოემბრამდე მოხდილი სასჯელის გათვალისწინებით, მსჯავრდებულს ამ მუხლებით უნდა განესაზღვრს 3 წელი, 1 თვე და 14 დღე. ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 ნოემბრის დადგენილებით ჩაითვალა, რომ ა. შ-ი გარდაბნის რაიონული და თბილისის საქალაქო სასამართლოების განაჩენებით დანიშნულ სასჯელებს პარალელურად იხდიდა, ამ განჩინებით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სასჯელს - 3 წელსა და 9 თვეს - უნდა გამოაკლდეს 2006 წლის 3 ივლისიდან 2008 წლის 3 ნოემბრამდე მოხდილი სასჯელი - 2 წელი და 4 თვე და ამ მუხლით მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს 1 წელი და 5 თვე. შესაბამისად, საბოლოოდ მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს 4 წლით, 6 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2008 წლის 3 ნოემბრიდან“;

განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4, მე-5 და მე-6 აბზაცები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ამავე კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ა. შ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესით დადგენილ საბოლოო სასჯელში თითოეული მუხლით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი და 2006 წლის 3 ივლისიდან 2008 წლის 3 ნოემბრამდე მოხდილი სასჯელის გათვალისწინებით, ამ მუხლებით განესაზღვროს 3 (სამი) წლით, 1 (ერთი) თვითა და 14 (თოთხმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით ა. შ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით, 6 (ექვსი) თვითა და 14 (თოთხმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა;

ა. შ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2008 წლის 3 ნოემბრიდან“.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი