განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 16.03.2013
საქმის ნომერი
2კ-568-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№5681-13 16 მარტი, 2013 წელი

მ-ე მ., 5681-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ა. ხ-ის

მსჯავრდებულ _ მ. მ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. მ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 სექტემბრის განაჩენით მ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი – ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 იანვრის განაჩენით მ. მ-ეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) განესაზღვრა ჯარიმა – 1500 ლარი, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მიესაჯა ჯარიმა – 1500 ლარი, 1 წლით, 5 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ასევე – 3 წელი პირობითი სასჯელი, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 ივნისის განაჩენით მ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 1500 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 23 ივნისიდან.

2013 წლის 16 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. მ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. მ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ მ. მ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 სექტემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ასევე ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელი – 2 წელი, 3 თვე და მ. მ-ეს საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. მ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის სწორად გავრცელებას და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ მ. მ-ისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება კანონიერია.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ მ. მ-ისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული საჯელის ერთი მეოთხედით შემცირება ასევე კანონიერია, ვინაიდან აღნიშნული დანაშაული მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება და მასზე ვერ გავრცელდება ხსენებული კანონის 1-ლი-მე-15 მუხლების მოქმედება. ამასთან, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს ამ მუხლით დანიშნული (და არა მოუხდელი) სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი უნდა ჩაეთვალოს მოხდილად.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ მ. მ-ეს უნდა განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ მ. მ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი ჩაეთვალოს მოხდილად.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ მ. მ-ეს განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე