დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№5701-13 19 მარტი, 2013 წელი
ქ-ა გ 5701-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის
პროკურორ - დ. ხ-ს
მსჯავრდებულ - გ. ქ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ქ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 აპრილის განაჩენით გ. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 3 თვის ვადით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (ძვ. რედაქცია) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 3 თვის ვადით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2007 წლის 10 აგვისტოდან.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 3500 ლარი.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 18 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. ქ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ქ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ გ. ქ-ს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლით, 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ გ. ქ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძვ. რედაქცია) დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საბოლოოდ გ. ქ-ს მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის, 11 თვისა და 7 დღის ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 10 აგვისტოდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ქ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის თანახმადაც, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. რადგან გ. ქ-ა ნასამართლევია მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ქ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე