არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1324(კს-22) 25 აპრილი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ. თ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ქ. ქუთაისი მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. თ-ემ 2021 წლის 15 სექტემბერს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 17 აგვისტოს №ბ44.442122913 ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ქ. ქუთაისში, ...ის პირველი შესახვევი №40-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის დავალების მოთხოვნით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ნ. თ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, მე-60, 61-ე, 70-ე, 74-ე მუხლებზე, 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება მოსარჩელემ ჩაიბარა პირადად 2022 წლის 21 ივლისს. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. თ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება. სააპელაციო საჩივარი ნ. თ-ის მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა 2022 წლის 18 ოქტომბერს. საჩივარი ფოსტის მეშვეობით გაიგზავნა სასამართლოში 2022 წლის 17 ოქტომბერს. ამდენად, აპელანტმა გაუშვა სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი ვადა (14 დღე), რომლის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება, რის გამოც არსებობდა ნ. თ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. თ-ემ.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთი, რომელსაც 1982 წლიდან ფლობს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 31 იანვრის ... გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ქუთაისის თვითმმართველობის საკუთრებად. ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ ნახაზზე, რომელიც წარედგინა საჯარო რეესტრს, არ არის დატანილი მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი, რაც არაკანონიერი და არასამართლიანია, რადგანაც მის მიერ მიწის ნაკვეთი განაშენიანებული იქნა მრავალწლიანი ნარგავებით და აშენებულ იქნა საცხოვრებელი სახლი. მოსარჩელის მითითებით, არ გააჩნია ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, არ აქვს ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალმომარაგების ქსელი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია, მნიშვნელოვნად აქვს დაქვეითებული მხედველობა. ამასთან, არის სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული პირი. მოსარჩელემ არაერთგზის წერილობითი განცხადებით მიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, რათა მომხდარიყო მის სახელზე მიწის ნაკვეთის დაკანონება, რაზეც უარი ეთქვა. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა კანონით დადგენილი ვადის დაცვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ნ. თ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. თ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება ნ. თ-ეს პირადად ჩაჰბარდა 2022 წლის 21 ივლისს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურით (ს.ფ. 76). ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 22 ივლისს და ამოიწურა 2022 წლის 04 აგვისტოს (ხუთშაბათი) 24:00 საათზე. დადგენილია, რომ ნ. თ-ის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გასაგზავნად ფოსტას წარედგინა 2022 წლის 17 ოქტომბერს, რაც დასტურდება საფოსტო კონვერტზე დასმული ბეჭდით (ს.ფ. 90). ამასთან, თავად სააპელაციო საჩივარი დათარიღებულია 2022 წლის 17 ოქტომბრით, რაც დამატებით ადასტურებს სააპელაციო საჩივრის ვადის დარღვევით შეტანას. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები კერძო საჩივრის ავტორმა ვერ წარმოადგინა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი), რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადა კანონით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადას წარმოადგენს, სასამართლო არ არის უფლებამოსილი აღადგინოს ან გააგრძელოს იგი, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. თ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ოქტომბრის განჩინება ნ. თ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 29-ე მუხლის მე-3 ნაწილით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა