დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 19.03.2013
საქმის ნომერი
2კ-694-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№6941-13 19 მარტი, 2013 წელი

კ-ა მ., 6941-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ი. ხ-ის

მსჯავრდებულ _ მ. კ-ას

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. კ-ას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის ისანი–სამგორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 17 თებერვლის განაჩენით მ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 3 წელი პირობითი მსჯავრი.

თბილისის ისანი–სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 4 მარტის განაჩენით მ. კ-ას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 სექტემბრის განაჩენით მ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 3 წლით, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით მას განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წელი და მ. კ-ას საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 28 აგვისტოდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 31 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 14 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 23 თებერვლის განაჩენით მ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1000 ლარი ჯარიმა, 378-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილებით – 11 წლით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მ. კ-ას განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი, 6 თვე, 4 დღე და საბოლოოდ მიესაჯა 14 წლით, 6 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა – 1000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 23 თებერვლიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2009 წლის 3 ივნისიდან 2010 წლის 23 თებერვლამდე.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 თებერვლის განაჩენით შეიცვალა: მ. კ-ას საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა 5 წლით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით; საბოლოოდ განაჩენთა და სასჯელთა ერთობლიობით მ. კ-ას მიესაჯა 8 წლით, 6 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი.

2013 წლის 17 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. კ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. კ-ას მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ მ. კ-ას გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მესამედით შეუმცირდა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; 378-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილებით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით განესაზღვრა 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა; მ. კ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საბოლოოდ მ. კ-ას დანაშაულთა და სასჯელთა ერთობლიობით განესაზღვრა 6 წლით, 3 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 1000 ლარი. განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 20 თებერვლის განჩინებაში აღმოიფხვრა დაშვებული უზუსტობა, კერძოდ: მ. კ-ას გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 სექტემბრის განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელში საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელის პროპორციული ხვედრითი წილი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 10 თვისა და 15 დღის ვადით, რამაც განახევრების შემდეგ შეადგინა 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა;

მ. კ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 სექტემბრის განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელში საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი – 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ამ მუხლით განესაზღვრა 5 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა;

მ. კ-ას ერთი მესამედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 სექტემბრის განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელში საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით და საბოლოოდ ამ მუხლით განესაზღვრა 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 სექტემბრის განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით მ. კ-ას განესაზღვრა 3 წლით, 1 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტირებული სასჯელის პროპორციული ხვედრითი წილი – 8 თვე და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 9 თვისა და 25 დღის ვადით, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 23 თებერვლის განაჩენის გამოტანის დღისათვის სრულად მოხდილი ჰქონდა და რაც, დღეის მდგომარეობით, გამორიცხავს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობას.

მ. კ-ას საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 10 თვის ვადით და ჯარიმა – 1000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 23 თებერვლიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2009 წლის 3 ივნისიდან 2010 წლის 23 თებერვლამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. კ-ამ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მას ერთი მესამედით უნდა შემცირებოდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით უნდა განსაზღვროდა 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სასჯელის საბოლოო ზომად – 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც გამოაკლდება პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 8 თვე, 20 დღე და საბოლოოდ მოსახდელად დარჩება 3 წლით, 11 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი უკვე მოხდილი აქვს, შესაბამისად, დარჩენილი აქვს 11 თვით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული მ. კ-ა ითხოვს თავისი საჩივრის დაკმაყოფილებას და გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–4, მე-12, მე-16 მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულ მ. კ-ასთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 31 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელის განახევრება, სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით, ხოლო სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის ერთი მესამედით შემცირება კანონიერია.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4, მე-16 მუხლების შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 თებერვლის განაჩენით მ. კ-ასთვის საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილებით დანიშნული სასჯელის ერთი მესამედით, ხოლო სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება ასევე კანონიერია.

რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას, რომ მას ერთი მესამედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენ ქალებზე, რომელთა ქმედებასაც არ მოჰყოლია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული კი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს მიეკუთვნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. კ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე