გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 19.04.2005
საქმის ნომერი
ას-106-442-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.04.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-106-442-05 19 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ახალაძე,ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 23 თებერვალს მოსარჩელე შ. ფ.-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დ. ქ.-ის მიმართ და მოითხოვა მის სასარგებლოდ 852 აშშ დოლარის დაკისრება.

მოსარჩელე თავის სასარჩელო განცხადებაში უთითებს, რომ 2000 წელს მოსარჩელე შ. ფ.-ესა და მოპასუხე დ. ქ.-ს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შ. ფ.-მ აიღო ვალდებულება, რომ მოპასუხე დ. ქ.-ს თავისი მასალით ბინისათვის დაუმზადებდა 33 კარს – 30 აშშ დოლარად და 26 ფანჯარას – 25 აშშ დოლარად, ასევე, მოაპირკეთებდა 90 კვ.მ კედელს 4 აშშ დოლარად, მოპასუხემ კი, თავის მხრივ, აიღო ვალდებულება, რომ სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსარჩელეს გადაუხდიდა შესრულებული სამუშაოსათვის თანხას.

სამუშაოს შესრულების მომენტისათვის მოპასუხე იმყოფებოდა რუსეთში, რომლის რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ შ. ფ.-ს სამუშაო დასრულებული ჰქონდა. დ. ქ.-ეს შესრულებული ნამუშევარი არ მოეწონა და შ. ფ.-ს სთხოვა ფანჯრებისა და კარების დამატებით შეღებვა, რისთვისაც გადაუხდიდა 5-5 აშშ დოლარს, ე.ი. მის მიერ გადასახდელმა თანხამ სულ შეადგინა 2295 აშშ დოლარი. აქედან მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ 1443 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 852 აშშ დოლარის გადახდაზე უარი განაცხადა.

მოსარჩელე თვლის, რომ მოპასუხის უარი თანხის გადახდაზე არის უსაფუძვლო, რადგან შეკვეთილ სამუშაოს იგი ასრულებდა მოპასუხის მასალით, რომელსაც მისვლისთანავე განუცხადა, რომ აღნიშნული მასალა იყო უვარგისი და ნამუშევარი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ხარისხიანი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან მაინც გააგრძელებინა სამუშაო, რომლის დამთავრებისთანავე დ. ქ.-ძემ შ.ფ.-ს განუცხადა, რომ ნაკეთობა იყო უვარგისი და მოითხოვა დამატებითი სამუშაოების შესრულება. დამატებითი სამუშაოს დასრულებისას კი მან დარჩენილი თანხის გადახდაზე უარი განუცხადა.

სასამართლოს 2004წ. 9 მარტის განჩინებით მოცემულ საქმეზე დაინიშნა საინჟინრო ექსპერტიზა.

საქართველოს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის ექსპერტის მიერ გაცემულ იქნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, შესრულებული სამუშაო არის უხარისხო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 8 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შ. ფ.-ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ფ.-ის წარმომადგენელმა რ. ფ.-მ. სააპელაციო საჩივრით მან მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი მარწმუნებლის სასარჩელო მოთხოვნის მთლიანად დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი, რაც მან შეასრულა კიდეც. მართალია, შემკვეთმა უნდა წარუდგინოს უნაკლო ნივთი, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მასალა, რომლითაც შესრულებულ იქნა დაკვეთა, ეკუთვნოდა მოპასუხეს და იგი თავიდანვე იყო გაფრთხილებული მასალის უხარისხობის შესახებ.

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 645-ე მუხლი. ამასთან, როგორც იგი აღნიშნავს, შემკვეთი სამუშაოს დაწყებამდე მის მიერ იქნა გაფრთხილებული თავისი მასალის ავკარგიანობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, იგი თანახმა იყო აღნიშნული მასალით კარ-ფანჯრების დამზადებისა და თვლის, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა.

სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 10 ნოემბრის განჩინებით შ. ფ.-ეს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ მიიჩნია, რომ შ. ფ.-ის მიერ შესრულებული სამუშაო ნივთობრივი ნაკლის მქონეა, ხოლო დ. ქ.-ე, სკ-ის 645-ე მუხლის საფუძველზე, უფლებამოსილია, შეამციროს წინასწარ შეთანხმებული საზღაური.

სასამართლოს მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. ფ.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 105-ე მუხლი, სასამართლომ მტკიცებულებები შეაფასა ცალმხრივად და არაობიექტურად. სასამართლომ დაარღვია ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მოთხოვნა. ამასთან, კასატორის აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 646-ე და 647-ე მუხლები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შ. ფ.-ესა და დ. ქ.-ეს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა დ. ქ.-ის მასალით 33 ცალი კარისა და 26 ცალი ფანჯრის დამზადებას. ამასთან, მენარდეს დამკვეთის მასალით უნდა შეესრულებინა 90 კვ.მ კედლის მოსაპირკეთებელი სამუშაო. ხელშეკრულების დადების შემდეგ მენარდე შ. ფ.-ე შეუდგა შემკვეთის სამუშაოს შესრულებას. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ დ. ქ.-მ მენარდეს გადაუხადა 1443 აშშ დოლარი.

პალატა მიიჩნევს, რომ გასაზიარებელია კასატორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ ცალმხრივად შეაფასა ექსპერტიზის დასკვნა. სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესრულებული სამუშაო არის უხარისხო, მაგრამ ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ თვით მასალაც უხარისხოა. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გაერკვია ის გარემოება, შეიძლებოდა თუ არა უხარისხო მასალას მოეხდინა გავლენა სამუშაოს შესრულების ხარისხზე, ანუ შესრულებული სამუშაოს უხარისხობა ხომ არ იყო განპირობებული თვითონ მასალის ხარისხით. აღნიშნულ გარემოებას მნიშვნელობა ენიჭება სკ-ის 645-ე მუხლის გამოყენებისას. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ნაკლი გამოწვეულია თვით შემკვეთის მასალის უხარისხობით, მაშინ შემცირდება საზღაურის ოდენობაც.

ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო ვერ გამოიყენებდა სკ-ის 646-ე მუხლს, რადგან აღნიშნულ მუხლში სა.-ია მენარდის პასუხისმგებლობაზე უხარისხო მასალით სამუშაოს შესრულებისას. მოცემულ შემთხვევაში კი მასალა წარმოადგენდა შემკვეთის საკუთრებას. ასევე, სასამართლო ვერ გამოიყენებდა სკ-ის 647-ე მუხლს, რადგან მენარდეს ამ ნორმით მინიჭებული უფლებით არ უსარგებლია ანუ მას არ განუცხადებია უარი ხელშეკრულებაზე და არ მოუთხოვია ამით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, შეეძლო თუ არა უხარისხო მასალას გავლენა მოეხდინა სამუშაოს შესრულების ხარისხზე და რა მოცულობით მოახდენდა იგი გავლენას შესრულებული სამუშაოს საზღაურის ოდენობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.