დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№7191-13 21 მარტი, 2013 წელი
ს-ი ც, 7191-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - თ. გ-ს
მსჯავრებულ - ც. ს-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ც. ს-ს საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 ივლისის განაჩენით:
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.
ც. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, მან დანიშნული სასჯელიდან 9 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 4 წელი და 6 თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 24 დეკემბრიდან.
2013 წლის 15 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ც. ს-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ც. ს-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ ც. ს-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული როგორც რეალური სასჯელი, ისე პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა.
მსჯავრდებულ ც. ს-ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი 9 წელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ც. ს-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა პირობითი მსჯავრი - 4 წელი და 6 თვე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 3 წელი, 4 თვე და 15 დღე, რომელზეც გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 4 წელი, 4 თვე და 15 დღე. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 24 დეკემბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ც. ს-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის საფუძველზეც დანიშნული სასჯელი ¼-ით უნდა გაუნახევრდეს პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი - მე-15 მუხლების მოქმედება. იმავე კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნით, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე.
რადგან მსჯავრდებული ც. ს-ი არის ადრე ნასამართლევი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ,,გ“ ქვეპუნქტებით, ამასთან, მან ჩაიდინა მძიმე კატეგორიის დანაშაული, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლების მოთხოვნები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ც. ს-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე