დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-300(კ-22) 5 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ.დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ.დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიმართ.
სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 30 აპრილის №... გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 მაისის №... გადაწყვეტილება; გ) ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 ივლისის №... გადაწყვეტილება; დ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ №... (09.07.2018) გადაწყვეტილება; ე) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... (09.07.2018) გადაწყვეტილება; ვ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (13.08.2018) გადაწყვეტილება; ზ) დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაკმაყოფილდება თ.დ-ის მიერ 2018 წლის 24 აპრილის №... განცხადებით მოთხოვნილი 34,8 კვ.მეტრი საერთო საკუთრების არასაცხოვრებელი ფართობის რეგისტრაცია მესაკუთრე თ.დ-ის 16/25 წილით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით თ.დ-ის შუამდგომლობა, სარჩელის ნაწილობრივ გამოხმობის თაობაზე, დაკმაყოფილდა; თ.დ-ის სარჩელი სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ №... (09.07.2018), სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... (09.07.2018) და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (13.08.2018) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში, დატოვებულ იქნა განუხილველად.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩაბმულ იქნა დ.ჯ-ე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით თ.დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 100%-ით შედგენილი განმარტებითი ბარათის (კრების ოქმი) წარდგენის დავალების ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 ივლისის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.დ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ნოემბრის განჩინებით თ.დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.დ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის 23-ე პუნქტი არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რადგან თ.დ-ის მოთხოვნას არ წარმოადგენდა სარეგისტრაციო უძრავი ნივთის დაყოფა ან მისი სხვაგვარად განკარგვა. თ.დ-ის მოთხოვნას ასევე არ წარმოადგენდა სარეგისტრაციო უძრავი ნივთის დ.ჯ-ისა და თ.დ-ის თანასაკუთრების უფლებით ერთობლივად რეგისტრაციას, არამედ მის მოთხოვნას შეადგენდა - 34,5 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობის საერთო საკუთრების უფლებით რეგისტრაცია, სადაც განსაზღვრული იქნებოდა მესაკუთრე თ.დ-ის იდეალური წილი. დ.ჯ-ის იდეალურ წილი რჩებოდა საერთო საკუთრებაში ღიად და მის რეგისტრაციას ეს უკანასკნელი განახორციელებდა თავისი სურვილის მიხედვით. შესაბამისად, გაუგებარია დ.ჯ-ის რა კანონიერი ინტერესი შეიძლება შელახულიყო სასამართლოს გადაწყვეტილებით. ამასთან, არც თავად მესამე პირს დაუფიქსირებია თ.დ-ის სარეგისტრაციო მოთხოვნით მისი რომელიმე კანონიერი ინტერესის შეზღუდვა.
კასატორის განმარტებით, დიდი პალატის გადაწყვეტილებებში გამოყენებული ნორმათა განმარტებების მიხედვით, მრავალბინიან სახლებში მესაკუთრეთა საერთო საკუთრებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წყდება მრავალბინიან სახლებში ბინის მესაკუთრეთა ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმებით. ბინის მესაკუთრის წილი საერთო საკუთრებაში განისაზღვრება მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის შეფარდებით ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ მთელ ფართობთან. ამდენად, მობინადრის წილი არასაცხოვრებელ ფართობში წინასწარ არის ცნობილი იდეალური წილის სახით.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 956-ე მუხლის პირველი ნაწილი და 959-ე მუხლი. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმების მიხედვით, თანასაკუთრების საგანს მესაკუთრეები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მართავენ და ერთობლივად განკარგავენ. ამასთან, საზიარო საგნის მართვა/განკარგვა შეიძლება მხოლოდ თანამონაწილეთა ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე განხორციელდეს. დასახელებული ნორმების სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორი ინტერპრეტირება და გამოყენება აბათილებს სარეგისტრაციო 34,5 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართობზე დ.ჯ-ის საერთო საკუთრების უფლების მოპოვებას, ვინაიდან, საცხოვრებელი ფართობის (უძრავი ქონების) არც 2002 წლის 25 სექტემბრის თარიღით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით და არც რომელიმე სხვა ხელშეკრულებით, ნ.ჯ-საგან დ.ჯ-ეს არ შეუძენია თ.დ-ესთან საერთო საკუთრების 34,5 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი, მით უმეტეს საერთო მესაკუთრე თ.დ-ესთან შეთანხმებით, როგორც ეს არის გათვალისწინებული გამოყენებული საკანონმდებლო ნორმებით. პირიქით, საერთო საკუთრების სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე დ.ჯ-ემ პროპორციული წილობრივი საერთო საკუთრების უფლება მოიპოვა არა სამოქალაქო კოდექსის 956-ე მუხლის პირველი ნაწილის და 959-ე მუხლის საფუძველზე, არამედ, ვირტუალურად, 32.კვ.მ საცხოვრებელი ფართობის შეძენით „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის და მე-6 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. აღნიშნულ ნორმათა მიხედვით, მესაკუთრის წილი საერთო ქონებაში განისაზღვრება მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის შეფარდებით ბინათა საერთო ფართობთან და ინდივიდუალური საკუთრება არ ექვემდებარება გასხვისებას საერთო ქონებაში ცალკეული მესაკუთრის წილის გარეშე. მართალია, ნ.ჯ-ეს არ გაუსხვისებია თ.დ-ესთან საერთო საკუთრების 34,5 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი, როგორც ცალკე ობიექტი, მაგრამ, ამის მიუხედავად, დ.ჯ-ემ - ამ ფართობზე საერთო საკუთრების უფლება მოიპოვა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის აღნიშნული ნორმების და არა სამოქალაქო კოდექსის 956-ე მუხლის პირველი ნაწილის და 959-ე მუხლის საფუძველზე.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ.დ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) 1993 წლის 04 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნ.ჯ-ეს გადაეცა ქ. თბილისში, ...ის ქუჩის №10ა-ში მდებარე ერთოთახიანი ბინა, „საცხოვრებელი ფართია 32 კვ.მ, საერთო ფართია 32 კვ.მ, სამზარეულო, სააბაზანო, ტუალეტი საერთოა“. ბ) 2002 წლის 25 სექტემბრის №... ნოტარიულად დამოწმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით დ.ჯ-ემ ნ.ჯ-სგან იყიდა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული მთელი საცხოვრებელი სახლის 32/1085 ნაწილი, კერძოდ, ერთი ოთახი - 32 კვ.მ საცხოვრებელი ფართი. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, „უძრავი ქონების ყიდვასთან ერთად მყიდველის საკუთრებაში გადადის საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთი, შენობის ნაწილი, რომელიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, შესაბამის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის პროპორციული წილი“ (ტ.1, ს.ფ. 221-225); გ) 2018 წლის 15 მარტს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №10ა-ში მდებარე უძრავ ნივთი, საკადასტრო კოდით ..., წილობრივი მონაცემი 32/1085, 25.09.2002 წლის №... ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2002 წლის 27 სექტემბერს დარეგისტრირდა დ.ჯ-ის საკუთრების უფლებით (ტ.1, ს.ფ. 233-234); დ) 1994 წლის 13 დეკემბრის №... ხელშეკრულებით თ.დ-ეს გადაეცა ქ. თბილისის ...ის რაიონის საბინაო საექსპლოატაციო უბნის კუთვნილი ბინა, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის №10ა. ხელშეკრულების თანახმად „აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში გასასხვისებელი ბინა ორ ოთახიანია, საცხოვრებელი ფართია 39 კვ.მ, საერთო ფართია 47 კვ.მ, ლოჯი - 8 კვ.მ, სამზარეულო, სააბაზანო, ტუალეტი საერთოა. საკუთარი სარდაფი 10 კვ.მ, იზოლირებული ბინის ნაწილი ჯ...სთან“ (ტ. 1, ს.ფ. 183-184); ე) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 23 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით უძრავი ნივთი მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩის №10ა, ფართი - 47 კვ.მ, საკადასტრო კოდი ..., დარეგისტრირდა თ.დ-ის საკუთრების უფლებით. უფლების რეგისტრაციის საფუძველი - პრივატიზაციის ხელშეკრულება №... (დამოწმების თარიღი 13.12.1994 ნოტარიუსი - ლ.ქ-ე) და შეთანხმება პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ №090840322 (დამოწმების თარიღი - 09.12.2009 ნოტარიუსი - ლ.ქ-ე) (ტ. 1, ს.ფ. 198-199); ვ) 2018 წლის 24 აპრილს თ.დ-ემ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს და მოითხოვა, წარდგენილი შიდა აზომვითი ნახაზის მიხედვით 34,5 კვ.მ სამზარეულო, ტუალეტ-აბაზანა და დერეფანი - საზიარო სარგებლობის წილობრივ ფართობში პროპორციული საკუთრები უფლებით დაერეგისტრირებინათ თ.დ-ის სახელზე 22,09 კვ.მ ფართობის წილი. აღნიშნულ განცხადებას თან ერთვოდა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, განცხადება, შიდა აზომვითი ნახაზი, ხელშეკრულების ასლი, ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების ან დამატების შეტანის შესახებ დოკუმენტის ასლი და ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ტ. 1, ს.ფ. 121-135); ზ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 30 აპრილის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელია წარდგენილი ყოფილიყო ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან სართულის გეგმა, რომელზეც მონიშნული იქნებოდა ის ფართი, რომელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასაც ითხოვდა დაინტერესებული პირი, ამ ფართის ინდივიდუალური საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის წარსადგენი იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, სარეგისტრაციო უძრავი ნივთის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, სადაც გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა ამხანაგობის წევრთა 100%-ის მიერ და სადაც კრებას ნამსჯელი ექნებოდა იმაზე, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადება შეესაბამება რეალურ მდგომარეობას. ასევე ეცნობა, რომ რეესტრში წარსადგენი იყო დ.ჯ-ის თანხმობა წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით (ტ. 1, ს.ფ. 137-138); თ) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების აღმოფხვრის მიზნით, თ.დ-ემ 2018 წლის 3 მაისის განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა სართულებრივი გეგმა და პირადობის მოწმობის ასლი (ტ.1, ს.ფ. 139-146; ი) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 მაისის №... გადაწყვეტილებით განმცხადებელ თ.დ-ეს ეცნობა რომ დამატებით წარდგენილი დოკუმენტებით შეჩერების საფუძველი არ იქნა აღმოფხვრილი (ტ. 1, ს.ფ. 147); კ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 ივნისის №... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა (ტ.1, ს.ფ. 148); ლ) 2018 წლის 23 მაისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში თ.დ-ის მიერ წარდგენილ იქნა №... ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოითხოვა შეჩერებული წარმოების განახლება და 2018 წლის 24 აპრილის №... განცხადების დაკმაყოფილება - მის მიერ თანაზიარი საკუთრების უფლებით პრივატიზებული 34,8 კვ.მ საცხოვრებელი ფართობის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია (ტ.1, ს.ფ. 149-154); მ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 ივლისის №... გადაწყვეტილებით, თ.დ-ის 2018 წლის 23 მაისის №... ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის №... (30.04.2018) გადაწყვეტილება, ასევე ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების განუახლებლობის შესახებ №... (08.05.2018) წერილობითი შეტყობინება და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (04.06.2018) გადაწყვეტილება. დაევალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს №... განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება №... გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 4.2.16 პუნქტის გათვალისწინებით (ტომი 1, ს.ფ. 166-170).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოპასუხესა და მესამე პირს არ გაუსაჩივრებიათ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ნოემბრის განჩინებითაც. ამდენად, გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. მხოლოდ თ.დ-ის მიერ საკასაციო საჩივრის წარმოდგენის პირობებში კი, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თ.დ-ის სარჩელი.
განსახილველ შემთხვევაში ერთ-ერთი სადავო აქტია ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 ივლისის №... გადაწყვეტილება, რომლის 4.2.16 პუნქტში მითითებულია, რომ „ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი პირი ეთანხმება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... (30.04.2018) გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილია დ.ჯ-ის თანხმობა თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის, მაგრამ არ ეთანხმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილია ბინათმესაკუთრეთა შედეგნილი განმარტებითი ბარათი (კრების ოქმი), რომლითაც ამხანაგობის წევრები დაადასტურებდნენ, რომ დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთი (შიდა აზომვითი ნახაზი) შეესაბამება პრივატიზაციის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ უძრავ ნივთს და მასზე საკუთრების უფლება ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ თ.დ-ესა (პირადი ნომერი ...) და დ.ჯ-ეს (პირადი ნომერი ...)“.
ამდენად, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 ივლისის №... გადაწყვეტილებით, რამდენად სწორად დაევალა მარეგისტრირებელ ორგანოს სარეგისტრაციო წარმოების განახლების შემდეგ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება და განმცხადებლისთვის დ.ჯ-ის თანხმობის წარდგენა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 956.1 მუხლზე, რომლის თანახმად, საზიარო საგანს მოწილენი ერთობლივად მართავენ. ამავე კოდექსის 959-ე მუხლის მიხედვით, საზიარო საგნის განკარგვის წესი თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად. თუ საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ დადგენილი არ არის, წილის გაყიდვის შემთხვევაში უპირატეს შესყიდვაზე დანარჩენი მოწილეების უფლება შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით.
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის (ძალადაკარგულია 31.12.19 №487) მე-14 მუხლის 23-ე პუნქტის თანახმად, საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფა ან სხვაგვარად განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრის/მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, რეგისტრაციის მიზნებისთვის, მესაკუთრედ/მართლზომიერ მოსარგებლედ/მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ ტექნიკური აღრიცხვის არქივსა და საჯარო რეესტრში აღრიცხული/რეგისტრირებული პირები. სხვა მესაკუთრეთა/მართლზომიერ მოსარგებლეთა/მფლობელთა არსებობის შესახებ გარემოებათა გამოკვლევაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ უძრავი ნივთის განკარგვაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. აღნიშნული წესი ასევე ვრცელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთების დაყოფასა და სანივთო უფლებებით დატვირთვაზე.
ანალოგიური საკანონმდებლო დანაწესი მოქმედებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანების მე-17 მუხლის მე-3 პუნქტით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის შესაბამისად, საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის დაყოფა ან სხვაგვარად განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრის/მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის თანხმობით. ამ შემთხვევაში, რეგისტრაციის მიზნებისთვის, მესაკუთრედ/მართლზომიერ მოსარგებლედ/მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ ტექნიკური აღრიცხვის არქივსა და საჯარო რეესტრში აღრიცხული/რეგისტრირებული პირი. სხვა მესაკუთრეთა/მართლზომიერ მოსარგებლეთა/მფლობელთა თაობაზე ინფორმაციას სააგენტოს წარუდგენენ უძრავი ნივთის დაყოფაზე/განკარგვაზე გადაწყვეტილების მიმღები პირები. აღნიშნული წესი, ასევე, ვრცელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების დაყოფასა და სანივთო უფლებებით დატვირთვაზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 1994 წლის 13 დეკემბრის №... ხელშეკრულებით თ.დ-ეს გადაეცა ქ. თბილისის ...ის რაიონის საბინაო საექსპლოატაციო უბნის კუთვნილი ბინა, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის №10ა. ხელშეკრულების თანახმად „აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში გასასხვისებელი ბინა ორ ოთახიანია, საცხოვრებელი ფართია 39 კვ.მ, საერთო ფართია 47 კვ.მ, ლოჯი - 8 კვ.მ, სამზარეულო, სააბაზანო, ტუალეტი საერთოა. საკუთარი სარდაფი 10 კვ.მ, იზოლირებული ბინის ნაწილი ჯ...სთან“. ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 24 აპრილს თ.დ-ემ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს და მოითხოვა, წარდგენილი შიდა აზომვითი ნახაზის მიხედვით 34,5 კვ.მ სამზარეულო, ტუალეტ-აბაზანა და დერეფანი - საზიარო სარგებლობის წილობრივ ფართობში პროპორციული საკუთრების უფლებით დაერეგისტრირებინათ თ.დ-ის სახელზე 22,09 კვ.მ ფართობის წილი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც მოთხოვნა ეხება საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფას ან სხვაგვარად განკარგვას, დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს ყველა მესაკუთრის/მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის თანხმობა. შესაბამისად საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მითითებას, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი არ იყო სათანადო მტკიცებულებები საკუთრების უფლების წილობრივი რეგისტრაციის შესახებ, რაც განაპირობებდა მოსარჩელის წილის დამოუკიდებლად რეგისტრაციას, ადმინისტრაციულმა ორგანომ განმცხადებელს სწორად დაავალა თანამესაკუთრის დ.ჯ-ის თანხმობის წარდგენა.
რაც შეეხება დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებს (ბათილად იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 30 აპრილის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 მაისის №... გადაწყვეტილება), სასამართლო ვერ იმსჯელებს მათ კანონიერებაზე, ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 ივლისის №... გადაწყვეტილებით ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ თ.დ-ის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში - ნაწილობრივ ბათილად ცნო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის №... (30.04.2018) გადაწყვეტილება, ამასთან, ბათილად ცნო სარეგისტრაციო წარმოების განუახლებლობის შესახებ №... (08.05.2018) წერილობითი შეტყობინება და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (04.06.2018) გადაწყვეტილება; ასევე, დაავალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს №... განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, №... გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 4.2.16 პუნქტის გათვალისწინებით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან თ.დ-ეს საკასაციო საჩივარზე 14.03.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თ.დ-ეს (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2 უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ნოემბრის განჩინება;
3. თ.დ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.03.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე