დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 05.05.2023
საქმის ნომერი
ბს-625(კ-22)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.05.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-625(კ-22) 5 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი; მესამე პირები - ო. შ-ე, მ. მ-ი, ზ. კ-ი).

აღწერილობითი ნაწილი:

2021 წლის 15 სექტემბერს ლ. კ-მა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 402 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 179,37 მ2 შენობა-ნაგებობის (ს/კ ...) ზ. კ-ის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 13 იანვრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ლ. კ-ის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო მონაცემებთან (...ის ...ოსთან) ზედდების ნაწილში; ამავე უძრავი ქონების ო. შ-ის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 18 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ლ. კ-ის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო მონაცემებთან (...ის ...ოსთან) ზედდების ნაწილში; სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 2 ივნისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 31 აგვისტოს N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისისათვის 2021 წლის 12 აპრილის განცხადების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. სასარჩელო მოთხოვნებთან მიმართებაში მოპასუხეებად დასახელდნენ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ მ. მ-ი, ზ. კ-ი და ო. შ-ე.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ლ. კ-ის სარჩელი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 402 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 179,37 მ2 შენობა-ნაგებობის (ს/კ ...) ზ. კ-ის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 13 იანვრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნაზე და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ. კ-ის სარჩელი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 402 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 179,37 მ2 შენობა-ნაგებობის (ს/კ ...) ო. შ-ის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 18 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 2 ივნისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 31 აგვისტოს N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისისათვის მითითებული უძრავი ქონების ლ. კ-ის სახელზე რეგისტრაციის დავალების თაობაზე.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

მოსარჩელემ ასევე წარადგინა კერძო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 ოქტომბრის განჩინებაზე, რომლითაც შეწყდა საქმის წარმოება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 13 იანვრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

ამავე სასამართლოს 2022 წლის 15 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ლ. კ-ის კერძო საჩივარი. უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც შეწყდა საქმის წარმოება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 13 იანვრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთებაში სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „კ“, „ლ“ ქვეპუნქტებზე, ამავე კანონის მე-8, მე-9 მუხლებზე, 26-ე მუხლის მე-3, მე-5 პუნქტებზე.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეზე სადავოა ო. შ-ის სახელზე რეგისტრაციის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება, რასაც საფუძვლად უდევს ზ. კ-სა და ო. შ-ეს შორის 2018 წლის 12 ოქტომბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება. საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებებით არ დასტურდება კანონის მოთხოვნათა დარღვევა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 18 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების მიღებისას, რომლითაც ო. შ-ე გახდა უძრავი ქონების მესაკუთრე. მოცემული დავის საგნიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების უკანონობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა მსჯელობა, თუ სადავო ტერიტორია არ იქნებოდა შესული ჩუქების საგანში, ო. შ-ე საკუთრების უფლების ფარგლებს განსაზღვრავდა ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენით (დაზუსტებით) და საკუთრებად დაირეგისტრირებდა სადავო ტერიტორიას. სადავო ტერიტორიაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 18 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით ო. შ-ის საკუთრების უფლების აღრიცხვის საფუძველი -2018 წლის 12 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულება სადავო არ გამხდარა. ამასთანავე, ო. შ-ეს სწორედ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა საკუთრებაში 402 კვ.მ მიწა, მათ შორის, მონაკვეთი, რომელსაც მოსარჩელე სადავოდ ხდის.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. ამდენად, საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირს. განსახილველ შემთხვევაში, სადავო რეგისტრაცია განხორციელდა შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 18 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების უკანონობა არ დგინდება და მისი გამოცემით ლ. კ-ის უფლებები არ შელახულა. ო. შ-ეზე ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე დარეგისტრირდა უძრავი ქონება, რომელიც საკუთრების უფლებით ჯერ აღრიცხული იყო მ. მ-ის სახელზე, ხოლო შემდეგ - ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ზ. კ-ზე. სააპელაციო პალატამ ასევე საყურადღებოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მხოლოდ მ. მ-ის საკუთრებად N... უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის N... გადაწყვეტილება, ...ის ...ოსთან ზედდების ნაწილში. საჯარო რეესტრს არ დავალებია სადავო მიწის ნაკვეთის აღრიცხვა ლ. კ-ის სახელზე. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 23 თებერვლის Nბს-729- 721(კ-16), 2020 წლის 15 ივლისის Nბს-791-791(კ-18) განჩინებებზე და ჩათვალა, რომ ვინაიდან არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 18 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, ასევე კანონიერია გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 31 აგვისტოს N... სადავო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 178-ე, 185-ე, 201-ე მუხლებზე და ჩათვალა, რომ ვინაიდან კანონიერად არის მიჩნეული სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 2 ივნისის N... გადაწყვეტილება, ასევე არ არსებობს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 31 აგვისტოს N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ვინაიდან გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად არ არსებობს მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. კ-მა. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

კასატორის განმარტებით, პრივატიზაციის წესით შეიძინა კასპის რაიონში, სოფელ ...ში ფუნქციონირებადი ...ის ...ო. ამ ...ოს გვერდით (ერთი გამყოფი კედლის იქით) ფუნქციონირებდა პურის საცხობი, რომელიც იმავე წესით (პრივატიზაციით) შეიძინა მ. მ-მა. საჯარო რეესტრში წარადგინა განცხადება, შეძენილ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით დადგინდა ზედდება უკვე რეგისტრირებულ მონაცემებთან (... უძრავ ნივთთან, რომლის თავდაპირველი მესაკუთრეც იყო მ. მ-ი). კერძოდ, მისი კუთვნილი შენობის დიდი ნაწილი მოქცეული იყო (და არის ამჟამადაც) ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შემდეგ - შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები არ გაუსაჩივრებია. 2018 წელს გორის რაიონულ სასამართლოში აღძრა სარჩელი, ... საკადასტრო კოდით უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით (ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად მიუთითეს, რომ ამავე დავის ფარგლებში, ლ. კ-ი ასევე ითხოვდა საჯარო რეესტრისთვის მისი კუთვნილი უძრავი ნივთის დარეგისტრირების დავალდებულებას). სარჩელის აღძვრის დროს ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრე უკვე იყო ზ. კ-ი, თუმცა ზ. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ მოუთხოვია, ვინაიდან მისი იურიდიული ინტერესი იყო ზედდების ნაწილში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების გაუქმება და ამ გზით ზედდების აღმოფხვრა. მისი ინტერესი ილახებოდა არა ... მიწის ნაკვეთზე ვინმეს საკუთრების უფლების რეგისტრაციით, არამედ ამ მიწის ნაკვეთის (მესაკუთრის მიუხედავად) საკადასტრო საზღვრების რეგისტრაციით. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და დადგენილად მიიჩნია, რომ N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არასწორი იყო ლ. კ-ის საკუთრებაში არსებული შენობის ზედდების ნაწილში. ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. საქმის განხილვისას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ განუცხადებია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ აღსრულდებოდა ზ. კ-ის სახელზე უფლების რეგისტრაციის შესახებ 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გარეშე. ასევე არცერთი ინსტანციის სასამართლოს არ დაუდგენია, რომ გადაწყვეტილებით ვერ იქნებოდა მიღწეული მოსარჩელის მიზანი და შესაბამისი გადაწყვეტილება დარჩებოდა აღუსრულებელი, იმ მიზეზით, რომ გაუქმებული არ იქნებოდა საკადასტრო საზღვრების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება, ზ. კ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე. სამივე ინსტანციის სასამართლოსთვის ცნობილი იყო მიზეზი, რის გამოც, საჯარო რეესტრმა გორის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ აღასრულა (ზ. კ-ზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალაში არსებობა). უფრო მეტიც, ზ. კ-ი სასამართლომ საქმეში ჩართო მესამე პირად.

კასატორის განმარტებით, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო სარეგისტრაციო წარმოება, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ზედდების ნაწილში ამ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების გაუქმებისთვის. ამ წარმოებაში იგი დაინტერსებულ პირად ჩართული არ ყოფილა. მხოლოდ წერილით ეცნობა სარეგისტრაციო წარმოების დაწყების შესახებ. შესაბამისად, მას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები არც ჩაბარებია და არც შეტყობინება მიუღია მათი მიღების თაობაზე. ეს არის გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის მიზეზი, რაზეც ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ უმსჯელიათ. კასატორის მოსაზრებით, როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 2 ივნისის N... გადაწყვეტილება, ისე მოცემულ საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება და შესაბამისად, ამ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული განჩინება, წინააღმდეგობაშია კანონიერ ძალაში შესულ 2018 წლის 9 ოქტომბრის სასამართლო გადაწყვეტილებასთან. ორივე ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ო. შ-ის სახელზე უძრავი ნივთის რეგისტრაცის თაობაზე, იმ მოტივით, რომ საჯარო რეესტრს რეგისტრაციის დროს არ დაურღვევია კანონი. ამასთანავე, სასამართლოს მსჯელობიდან გამომდინარე, მოთხოვნილ უნდა იქნეს სამოქალაქო გარიგების (სადავო აქტის გამოცემის საფუძვლის) ბათილად ცნობა, თუმცა გაურკვეველია, რა ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს უნდა დაეყრდნოს ეს მოთხოვნა. კასატორის განმარტებით, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, კარგავს კუთვნილ უძრავ ნივთს. შესაბამისად, რჩება დარღვეული უფლების „მეორადი დაცვის პერსპექტივა“ - თუ დადგინდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მის კუთვნილ უძრავ ნივთზე არასწორად აღრიცხა სხვისი საკუთრების უფლება და შემდგომ „სრულიად კანონიერად“ იგივე ნივთი დაარეგისტრირა სხვის საკუთრებაში, უნდა მოითხოვოს საჯარო რეესტრისათვის ზიანის ანაზღურების დაკისრება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით, კასპის არქივის 2014 წლის 2 დეკემბრის NAA2014068138-03 საარქივო ცნობის საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 402 კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და 179,37 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე (ს/კ ...) დარეგისტრირდა მ. მ-ის საკუთრების უფლება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით, მ. მ-სა და ზ. კ-ს შორის 2016 წლის 11 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 402 კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და 179,37 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე (ს/კ ...) საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ზ. კ-ის საკუთრების უფლება.

2017 წლის 27 სექტემბერს ლ. კ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, კასპის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 74 კვ.მ ფართზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთსა და საჯარო რეესტრში N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთს შორის დაფიქსირდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. ამავე სააგენტოს 2018 წლის 30 იანვრის N... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 18 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებით, ზ. კ-სა და ო. შ-ეს შორის 2018 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 402 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 179,37 მ2 შენობა-ნაგებობაზე (ს/კ ...) დარეგისტრირდა ო. შ-ის საკუთრების უფლება.

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ...ის ...ოსთან ზედდების ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის N... გადაწყვეტილება, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 402 კვ.მ ფართის N... არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 179,37 კვ.მ შენობა-ნაგებობის მ. მ-ის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე.

ზემოაღნიშნული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 12 აპრილს დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. ამავე ადმინისტრაციული ორგანოს 2021 წლის 16 აპრილის N... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, იმ მოტივით, რომ წარსადგენი იყო რეგისტრაციის შესახებ 2016 წლის 13 იანვრის N... და 2018 წლის 18 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებების ან/და მათ საფუძვლად არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტები.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 2 ივნისის N... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, 2021 წლის 12 აპრილს დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 31 აგვისტოს N... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, უცვლელად დარჩა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 2 ივნისის N... გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს. რეგისტრაცია წარმოებს სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის გაუქმების ერთ-ერთი საფუძველია რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბათილად ცნობა. ამდენად, რეგისტრაციის გაუქმება დაუშვებელია მისი საფუძვლის ძალაში ყოფნის პირობებში.

მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს ო. შ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 2018 წლის 18 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. აღნიშნული რეგისტრაციის განხორციელების საფუძველია ზ. კ-სა და ო. შ-ეს შორის 2018 წლის 12 ოქტომბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება, რომელიც ძალაშია და მისი საგანი მოიცავს მოსარჩელის ინტერესში არსებულ უძრავ ქონებას. საქმის მასალებით არ დასტურდება შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის უკანონოდ ცნობის ფაქტის არსებობა. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს ზემოაღნიშნული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის საფუძველი (აღნიშნული მსჯელობა შეესაბამება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (სუს 2020 წლის 15 ივლისის Nბს-791-791 (კ-18) გადაწყვეტილება და სხვ.).

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო ან ადმინისტრაციული აქტით ბათილად იქნება ცნობილი ან არარად იქნება აღიარებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრში დაუყოვნებლივ აღდგება ბათილად ცნობილი/არარად აღიარებული აქტით რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა. მოცემულ შემთხვევაში, მესამე პირის - ო. შ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 2018 წლის 18 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც, შეუძლებელია აღდგეს მოსარჩელის საკუთრების უფლება, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობით აღდგება წინა მესაკუთრის - ზ. კ-ის სახელზე საჯარო რეესტრში 2016 წლის 13 იანვარს განხორციელებული რეგისტრაცია (თავის მხრივ, ზ. კ-ის რეგისტრაციას საფუძვლად უდევს ძალაში არსებული დოკუმენტი - ნასყიდობის ხელშეკრულება). ამდენად, სადავო 2018 წლის 18 ოქტომბრის აქტის ბათილად ცნობა სამართლებრივი შედეგის მომტანი ვერ იქნება მოსარჩელისათვის, მის ინტერესში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილში საკუთრების უფლების აღრიცხვის თვალსაზრისით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ხოლო 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სადავო 2021 წლის 2 ივნისის N... გადაწყვეტილების კანონიერების შეფასების მიზნით, უნდა დადგინდეს: გააჩნდა თუ არა საჯარო რესტრის ეროვნულ სააგენტოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილება, რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, გამოეთხოვა დოკუმენტაცია, რომლებითაც უნდა დადასტურებულიყო რეგისტრაციის შესახებ 2016 წლის 13 იანვრის N... და 2018 წლის 18 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებების, ასევე მათ საფუძვლად არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტის გაუქმება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წინა რეგისტრაციის უკანონობა თავისთავად არ იწვევს შემდგომი რეგისტრაციების ბათილობას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების კანონიერების გადასინჯვის გარეშე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ძალადაკარგულად, ბათილად ცნობა ან არარად აღიარება. ამდენად, დაუშვებელია რეგისტრაციის გაუქმება მისი საფუძვლის ძალაში ყოფნის პირობებში. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ გააკეთა განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ „..უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, დაუშვებელია რეგისტრაციის გაბათილება მისი საფუძვლის ძალაში არსებობის პირობებში.." (სუს 30.04.2015წ. Nბს-585-572(4კ-14) განჩინება, 02.07.2015წ. Nბს-30-30(2კ-15) გადაწყვეტილება და სხვ.)

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ...ის ...ოსთან ზედდების ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 25 თებერვლის N... გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება N... უძრავი ქონების საჯარო რეესტრში მ. მ-ის საკუთრებად აღრიცხვას. ამავე გადაწყვეტილებით, მარეგისტრირებელ ორგანოს არ დავალებია შესაბამისი აქტის გამოცემა, სადავო უძრავი ქონების ლ. კ-ის საკუთრებად აღრიცხვის თაობაზე. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მიმდინარე წარმოების ფარგლებში, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე, პირველადი რეგისტრაციის განხორციელების შესახებ 2015 წლის 25 თებერვლის N... აქტის ბათილად ცნობამდე, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა გამოერიცხა იმ მესაკუთრეთა რეგისტრირებული მონაცემების ძალაში არსებობა, რომლებმაც შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, პირველადი რეგისტრაციის შემდეგ მოიპოვეს საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე. უდავოა, რომ მითითებული წარმოების ფარგლებში, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრა არ მომხდარა (არ წარდგენილა ზ. კ-ი საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე 2016 წლის 13 იანვრისა და ო. შ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებების, ასევე მათი მიღების ფაქტობრივი საფუძვლების (უფლების დამდგენი დოკუმენტების) ბათილად ცნობის დამადასტურებელი მტკიცებულებები).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნები, რომლებიც სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2021 წლის 2 ივნისის N... გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებას უკავშირდება.

ამასთანავე, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 31 აგვისტოს N... სადავო გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 178-ე, 185-ე, 201-ე მუხლებზე და ჩათვალა, რომ ვინაიდან კანონიერად არის მიჩნეული სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 2 ივნისის N... გადაწყვეტილება, ასევე არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 31 აგვისტოს N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი. გარდა ამისა, გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, არ არსებობს მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველიც.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, ზ. ჟ-ეს (პირადი N...) უნდა დაუბრუნდეს ლ. კ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2022 წლის 25 მაისს, N0 საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინება;

3. ზ. ჟ-ეს (პირადი N...) დაუბრუნდეს ლ. კ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2022 წლის 25 მაისს, N0 საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე