გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-1145-1391-05 7 თებერვალი, 2006 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: თანამესაკუთრედ ცნობა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. მ-შვილმა 2004წ. ნოემბერში სასამართლოში შეიტანა სარჩელი მოპასუხე ვ. ს-ოვას მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისში, ... ¹15-ში მდებარე ბინის 1/5-ის თანამესაკუთრედ ცნობა და ა. მ-ძესა და ვ. ს-ოვას შორის 2002წ. 29 მარტს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა. მოსარჩელის განმარტებით 1970 წლიდან ჩაწერილია და ცხოვრობს ზემოთ მითითებულ მისამართზე მდებარე ბინაში, რომელიც ირიცხებოდა მისი მამის – ა. მ-ძის სახელზე. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების თანახმად‚ იგი პრივატიზებული ფართის თანამესაკუთრეა და ეკუთვნის ბინის 1/5. რადგან მამამისს არ ჰქონდა ბინის მთლიანად გასხვისების უფლება, ა. მ-ძესა და ვ. ს-ოვა-მ-ძეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება ბათილად უნდა ჩაითვალოს.
ე. და რ. გ-შვილებმა 2004წ. მაისში სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე ვ. ს-ოვას მიმართ და მოითხოვეს ქ.თბილისში, ... ¹15-ში მდებარე ბინის 2/5-ის თანამესაკუთრეებად ცნობა, ა. მ-ძესა და ვ. ს-ოვას შორის 2002წ. 20 მარტს დადებული ბინის ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და შესაბამისი ცვლილებების შეტანა საჯარო რეესტრში. მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნა იმით დაასაბუთეს, რომ ისინი მითითებულ ბინაში ცხოვრობდნენ დაბადებიდან სარჩელის შეტანის დღემდე, ბინა 1992წ. 7 მაისისა და 1994წ. 7 ივნისის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე ირიცხებოდა მათი დედის _ ლ. მ-შვილის მამის ა. მ-ძის სახელზე. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების თანახმად მოსარჩელები წარმოადგენენ სადავო ბინის თანამესაკუთრეებს და ეკუთვნით ბინის 2/5. ა. მ-ძემ 2002წ. 29 მარტის ჩუქების ხელშეკრულებით მთელი ბინა აჩუქა შვილს‚ მოპასუხე ვ. ს-ოვა-მ-ძეს, რის უფლებაც‚ მოსარჩელეების მოსაზრებით‚ მას არ ჰქონდა.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა _ ლ. მ-შვილი, ე. და რ. გ-შვილები ცნობილი იქნენ ქ.თბილისში, ... აღმართის ¹15-ში მდებარე ბინის 3/5-ის (თითოეული 1/5-ის) თანამესაკუთრედ. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ა. მ-ძესა და ვ. ს-ოვას შორის 2002წ. 29 მარტს დადებული ჩუქების ხელშეკრულება. შესაბამისი ცვლილებები შევიდა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2002წ. 29 მარტს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ქ.თბილისში, ... აღმართის ¹15-ში მდებარე ბინა რეგისტრირებულია ვ. ს-ოვა-მ-ძის სახელზე. სადავო ფართის პრივატიზაცია განხორციელდა 1992წ. 7 მაისს, ხოლო ფართის ნაწილის (ერთი ოთახის) _ 1994წ. 7 ივნისს. ბინის დამქირავებელს წარმოადგენდა ა. მ-ძე. მასთან ერთად ბინაში ჩაწერილები იყვნენ და ცხოვრობდნენ ა. მ-ძის მეუღლე – ნ. მ-ძე, შვილი ლ. გ-შვილი და არასრულწლოვანი შვილიშვილები: ე. და რ. გ-შვილები. მოსარჩელეები ამჟამადაც რეგისტრირებულნი არიან და ცხოვრობენ აღნიშნულ მისამართზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ «საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების თანახმად‚ მოსარჩელეებს, როგორც დამქირავებლის ოჯახის წევრებს‚ მიუხედავად ასაკისა, უფლება მიენიჭათ‚ საკუთრებაში მიეღოთ საცხოვრებელი სახლი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დამქირავებელმა ა. მ-ძემ ორივე ბინა მიიღო ოჯახის ხუთი წევრის, მათ შორის‚ მოსარჩელეთა გათვალისწინებით, რაც დასტურდება საცხოვრებელი ბინის 1992წ. 7 მაისის პრივატიზაციის მასალებით, საქმეში წარმოდგენილი სერვისული მომსახურების ცენტრის მიერ გაცემული ცნობითა და საცხოვრებელ სადგომზე 1994 წელს გაცემული ორდერით, საიდანაც ირკვევა, რომ ჩუღურეთის გამგეობის გადაწყვეტილების ¹009499 ორდერის საფუძველზე დამატებითი ფართი _ 15 კვ.მ მიეცა ა. მ-ძის ხუთსულიან ოჯახს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ვინაიდან ა. მ-ძემ განკარგა ფართის ის ნაწილი, რომელზეც მოსარჩელეებს უფლება ჰქონდათ მოპოვებული, სკ-ის 54-ე მუხლის თანახმად‚ ა. მ-ძესა და ვ. ს-ოვა-მ-ძეს შორის 2002წ. 29 მარტს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველია. სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხე ვ. ს-ოვა-მ-ძის განმარტება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რადგან მოსარჩელეების უფლება დაირღვა 2002წ. 29 მარტის ხელშეკრულებით, ხანდაზმულობის ვადის ათვლაც ამ დროიდან უნდა დაიწყოს. ამდენად‚ სკ-ის 129-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის უარის თქმის საფუძველი არ არსებობს. სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ გაუქმების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს სათანადო ცვლილებების შეტანას საჯარო რეესტრის ჩანაწერებში.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს-ოვა-მ-ძის წარმომადგენელმა ვ.ცხომელიძემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 ივნისის გადაწყვეტილებით შეიცვალა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილება იმგვარად, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ მოსარჩელეები ე., რ. და ლ. გ-შვილები ცნობილ იქნენ ქ.თბილისში, ... ¹15-ში მდებარე ოროთახიანი ბინის 3/5-ის თანამესაკუთრედ. შესაბამისად ამ ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი 2002წ. 29 მარტის ჩუქების ხელშეკრულება. დანარჩენ ნაწილში სარჩელს ეთქვა უარი. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.თბილისში, ... ¹15-ში მდებარე ბინა 1992წ. 7 მაისს და 1994წ. 7 ივნისს პრივატიზირებულ იქნა ა. მ-ძის სახელზე. 2002წ. 29 მარტის ჩუქების ხელშეკრულებით ა. მ-ძემ ბინა აჩუქა შვილს _ ვ. ს-ოვას. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ერთოთახიანი სადავო ბინის პრივატიზაციის დროს ბინაში ჩაწერილი იყო მხოლოდ ერთი სული _ ა. მ-ძე, ხოლო სამოთახიან ბინაში ჩაწერილი იყო ხუთი სული. ორივე ბინის მესაკუთრედ აღირიცხა ა. მ-ძე. სააპელაციო სასამართლომ გაიზირა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-5 მუხლის საფუძველზე საცხოვრებელი სახლი უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ სახლის დამქირავებელი ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ორივე ბინაზე მოსარჩელეები ცნობილი უნდა ყოფილიყვნენ თანამესაკუთრეებად, ვინაიდან სადავო ერთოთახიანი ბინის პრივატიზაციის დროს ბინაში ჩაწერილი იყო მხოლოდ ა. მ-ძე და ზემოაღნიშნული დადგენილების საფუძველზე სასამართლომ გ-შვილები არ მიიჩნია ამ ბინაზე თანამესაკუთრეებად. რაც შეეხება ოროთახიან ბინას, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ‚ რადგან მოსარჩელეები ამ ბინის პრივატიზაციის დროს ჩაწერილი იყვნენ ბინაში, ისინი ბინის თანამესაკუთეებად ითვლებიან. სააპელაციო პალატამ ასევე ვერ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ რადგან ოჯახის წევრებმა თანხმობა განაცხადეს ბინის ა.მ-ძის სახელზე აღრიცხვაზე, საკუთრების უფლება დაეკარგათ სადავო ბინაზე. პალატამ ასევე ვერ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რადგან დავა ეხება საკუთრებიდან წილის გამოყოფას, რაზეც ხანდაზმულობა არ ვრცელდება და რაიონულმა სასამართლომ სწორად უთხრა უარი აპელანტს სარჩელზე აღნიშნული საფუძვლით უარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 ივნისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა _ ლ. მ-შვილმა, რ. და ე. გ-შვილებმა; ვ. ს-ოვას წარმომადგენელმა ვ.ცხომელიძემ.
ლ. მ-შვილმა, ე. და რ. გ-შვილებმა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების გამოტანა სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. კასატორების მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არასწორია და იგი უნდა გაუქმდეს, რადგან სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რამაც შედეგად გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. კასატორების მითითებით სადავო ბინა შედგებოდა ორი ოთახისაგან, რომელშიც ა. მ-ზე ჩაეწერა 1977 წელს, მისი მეუღლე – ნ. მ-ძე ჩაეწერა 1971 წელს, კასატორი ლ. გ-შვილი ბინაში ჩაეწერა 1970 წელს, ე. და რ. გ-შვილები კი ბინაში ჩაწერილნი არიან 1976-1977 წლებში. 1994წ. 15 მაისს ¹009499 ორდერით ა. მ-ძეს და მის ოჯახს იმავე სახლში დამატებით მიეცა 15.3 კვ.მ ოთახი. კასატორებმა მიუთითეს, რომ ქ.თბილისში, ... აღმართის ¹15-ში არსებულ ბინები არ არის დანომრილი და რეგისტრაციაც არ მიმდინარეობს ბინების ნომრების მიხედვით. კასატორებს უსაფუძვლოდ მიაჩნიათ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ოროთახიან ბინაში ჩაწერილი იყო ხუთი სული, ხოლო ერთოთახიან ბინაში ჩაწერილი იყო მხოლოდ ა. მ-ძე, რადგან იურიდიულად შეუძლებელი იყო ორივე ბინაში ჩაწერა. კასატორების მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს დავის გადაწყვეტისას უნდა გამოეყენებინა იმ დროს მოქმედი საბინაო კოდექსის 62-ე მუხლი, რომლის თანახმად ა.მ-ძეს არ უნდა მინიჭებოდა რაიმე უპირატესობა მხოლოდ იმის გამო, რომ იგი ორდერის მიხედვით ბინის დამქირავებელი იყო. კასატორებმა მიუთითეს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-5 მუხლის მოთხოვნაზე და განმარტეს, რომ რადგან ა.მ-ძე და კასატორებიც ბინის პრივატიზაციის დროს ჩაწერილები იყვნენ ... აღმართის ¹15-ში მდებარე სახლმფლობელობაში, სადაც ბინები არ არის ნომრებით დაყოფილი და მთელი ოჯახი ფლობდა და სარგებლობდა მთლიან ფართს, კასატორები წარმოადგენენ 1994 წელს პრივატიზებული ერთოთახიანი ბინის თანამესაკუთრეებს.
ვ. ს-ოვას წარმომადგენელმა ვ.ცხომელიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 ივნისის გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც ლ., ე. და რ. გ-შვილები ცნობილ იქნენ ქ.თბილისში, ... ¹15-ში მდებარე ოროთახიანი ბინის 3/5-ის თანამესაკუთრეებად, ასევე‚ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2002წ. 29 მარტის ჩუქების ხელშეკრულება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა. კასატორების მითითებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილება და უკანონოდ ცნო ლ., ეკა და რ. გ-შვილები 1992წ. 7 მაისს ა. მ-ძის მიერ პრივატიზებული ოროთახიანი ბინის 3/5-ის თანამესაკუთრეებად. მისი მოსაზრებით სკ-ის 173-ე მუხლის პირველ ნაწილისა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-2 პუნქტის მესამე აბზაციდან გამომდინარე ბინის საერთო საკუთრებაში გადასაცემად აუცილებელი იყო ოჯახის ყველა წევრის ნების გამოვლება, რომელიც გამოიხატებოდა თანხმობის ფორმით. კასატორმა ყურადღება გაამახვილა ამავე დადგენილების მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების მოთხოვნაზე და არასწორად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ პრივატიზებულ ბინაზე თანასაკუთრების უფლება წარმოიშვებოდა კანონის ძალით. კასატორმა მიუთითა ასევე იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ პრივატიზაციის ხელშეკრულების ნამდვილობა და მასში ცვლილებების შეტანა არ მოუთხოვიათ. კასატორის მოსაზრებით, რადგან ლ. მ-შვილმა გამოავლინა ნება, ბინა გადასულიყო მამის – ა. მ-ძის კერძო საკუთრებაში, ლ. მ-შვილის მოთხოვნა არ გამომდინარეობს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების შინაარსიდან. კასატორს ასევე არასწორად მიაჩნია ე. და რ. გ-შვილების ოროთახიან ბინაზე თანამესაკუთრედ ცნობა, რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1992წ. 29 აპრილის ¹15 დადგენილების მე-8 პუნქტისა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ზემოაღნიშნული დადგენილების თანხმად ლ. გ-შვილმა არ მოითხოვა თავისი შვილების სახელით ოროთახიანი ბინის თანასაკუთრებაში გადაცემა. კასატორების მოსაზრებით, ვინაიდან ოროთახიანი ბინა რეგისტრირებული იყო მხოლოდ აწ გარდაცვლილ ა. მ-ძის სახელზე, სკ-ის 185-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად‚ ვ. ს-ოვა წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. მ-შვილის, ე. გ-შვილის და რ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ვ. ს-ოვას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 ივნისის გადაწყვეტილება ლ. მ-შვილის, ე. გ-შვილის და რ. გ-შვილის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, დანარჩენ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ... აღმართის ¹15-ში ოროთახიანი ბინის პრივატიზაცია განხორციელდა 1992წ. 7 მაისს. ამ დროისათვის ბინის დამქირავებელს წარმოადგენდა ა. მ-ძე. მასთან ერთად ბინაში ჩაწერილები იყვნენ და ცხოვრობდნენ ა. მ-ძის მეუღლე – ნ. მ-ძე, შვილი _ ლ. მ-შვილი და არასრულწლოვანი შვილიშვილები: ე. და რ. გ-შვილები. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორ ვ. ს-ოვას მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ‚ ვინაიდან ლ. მ-შვილმა სადავო ბინის პრივატიზაციისას თანხმობა განაცხადა, რომ ბინა აღრიცხულიყო მამის _ ა. მ-ძის საკუთრებაში, ამიტომ მოსარჩელეთა მოთხოვნა არ გამომდინარეობს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების შინაარსიდან. ლ. გ-შვილს 1992 წელს არ მოუთხოვია თავისი შვილების სახელით ოროთახიანი ბინის საკუთრებაში გადაცემა. ამით მან დაკარგა ამ ბინაზე საკუთრების უფლება. «საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ» საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მეხუთე ნაწილის თანახმად საცხოვრებელი ბინა უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი ბინის დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად‚ საკასაციო პალატა თვლის, რომ ლ. მ-შვილს და მის შვილებს; რ. და ე. გ-შვილებს სადავო ბინის პრივატიზაციის მომენტიდან წარმოეშვათ ამ ბინაზე საკუთრების უფლების მოთხოვნის უფლება და სწორედ ამ უფლების განხორციელება მოითხოვეს მათ სასარჩელო განცხადებით. ვ.ს-ოვამ საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ, ვინაიდან ოროთახიანი ბინა რეგისტრირებული იყო მხოლოდ აწ გარდაცვლილი ა. მ-ძის სახელზე, სკ-ის 185-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვ. ს-ოვა წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს. სკ-ის 185-ე მუხლში მითითებულია, რომ შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული ნორმა იცავს კეთილსინდისიერი მესამე პირის ინტერესებს, რომელმაც სადავო უძრავი ქონება შეიძინა (იყიდა), ეს ნორმა მიზნად ისახავს ასევე სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფას. მოცემულ შემთხვევაში კი ვ. ს-ოვამ საჩუქრად მიიღო მამისაგან სადავო ბინა, იგი მოსარჩელე ლ. მ-შვილის დაა, ამიტომ მის მიმართ ვერ გავრცელდება იმავე კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას ეხება. ამდენად, ვინაიდან ა. მ-ძემ განკარგა ფართის ის ნაწილი, რომელზეც მოსარჩელეებს უფლება ჰქონდათ მოპოვებული, სკ-ის 54-ე მუხლის თანახმად ა. მ-ძესა და ვ. ს-ოვა-მ-ძეს შორის 2002წ. 29 მარტს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება სააპელაციო სასამართლომ სწორედ მიიჩნია ბათილად. ამდენად, პალატა თვლის, რომ ვ. ს-ოვას საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვინაიდან სადავო ერთოთახიანი ბინის პრივატიზაციის დროს ბინაში _ მხოლოდ ა. მ-ძე, ამიტომ მოსარჩელეები არ მიიჩნია ამ ბინაზე თანამესაკუთრეებად. სააპელაციო პალატამ არანაირი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ სადავო ერთოთახიანი ბინა ჩუღურეთის გამგეობის გადაწყვეტილებით ¹009499 ბინის ორდერის საფუძველზე დამატებითი 15 კვ.მ მიეცა ა. მ-ძის ხუთსულიან ოჯახს და ამ ორდერში მოსარჩელეებიც არიან ჩაწერილები, ასევე‚ არ შეაფასა ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილ ამ ერთოთახიანი ბინის ფორმა ¹1-ში ა. მ-ძის ჩაწერის თარიღად რატომ არის მითითებული 1977 წელი. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ 1994 წელს პრივატიზებულ ერთოთახიან ბინაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს. სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით კასატორებმა ლ. მ-შვილმა, რ. და ე. გ-შვილებმა წარმოადგინეს დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. მ-შვილის, ე. გ-შვილის და რ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
ვ. ს-ოვას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 ივნისის გადაწყვეტილება ლ. მ-შვილის, ე. გ-შვილის და რ. გ-შვილის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
დანარჩენ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.