დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-1184-1428-05 30 მაისი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
დავის საგანი: სესხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. მ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ა-შვილისა და ა. ქ-შვილის მიმართ სესხისა და მასზე სარჩელის შეტანის დროისათვის დარიცხული პროცენტის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2002წ. ივლისში მოსარჩელემ მოპასუხეებს ასესხა 500 აშშ დოლარი ყოველთვიურად 3%-ის დარიცხვით, რომელიც მათ 2003წ. აგვისტომდე უნდა დაებრუნებინათ. მოპასუხეებმა გადაიხადეს მხოლოდ პროცენტი 200 აშშ დოლარის ოდენობით. 2003წ. აგვისტოში ლ.მ-შვილმა კვლავ ასესხათ 750 აშშ დოლარი 2004წ. 1 თებერვლამდე. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დასადასტურებლად მიუთითა მოპასუხეთა ხელწერილებსა და მოწმეთა ჩვენებებზე. ლ.მ-შვილმა მოითხოვა მოპასუხეთათვის ძირითადი თანხის _ 1550 აშშ დოლარისა და პროცენტის _ 730 აშშ დოლარის, სულ _ 2280 აშშ დოლარის დაკისრება.
ნ.ა-შვილმა სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოპასუხეები იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, თუმცა ფაქტობრივად დაშორდნენ ერთმანეთს. მოსარჩელის მიერ მითითებული თანხა ისესხა მისმა მეუღლე ა.ქ-შვილმა, ამდენად, თავად ლ.მ-შვილის ვალი არ აქვს.
ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2005წ. 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ ნ. ა-შვილსა და ა. ქ-შვილს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 1050 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში კი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ლ. მ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 ივლისის გადაწყვეტილებით ლ.მ-შვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა მოპასუხეთათვის 1230 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ლ.მ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ.ა-შვილსა და ა.ქ-შვილს დაეკისრათ სადავო სესხის პროცენტის _ 446,25 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ადვოკატის ხარჯების _ 730 ლარისა და ლ.მ-შვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 116 ლარის გადახდა შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნ.ა-შვილსა და ა.ქ-შვილს ლ. მ-შვილის მიმართ გადასახდელი აქვთ სესხის ძირითადი თანხა _ 1050 აშშ დოლარი, რაც არ გაუსაჩივრებიათ. პალატამ ასევე დაადგინა, რომ სესხი მოპასუხეებს უნდა დაებრუნებინათ 2004წ. 1 თებერვალს, რაც მათ არ განუხორციელებიათ. სასამართლომ სკ-ის 625-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ ძირითად თანხაზე პროცენტის ოდენობა გონივრულად 2,5-ით უნდა განსაზღვრულიყო. სულ ვადაგადაცილებულია 17 თვე, რომლის 2,5% არის 446,25 აშშ დოლარი. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა ადვოკატის ხარჯების _ 730 ლარის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების შესახებ, ვინაიდან ლ.მ-შვილმა წარმოადგინა სათანადო შეთანხმება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. მ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. ლ.მ-შვილის მოსაზრებით, მან აღნიშნული საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვისას წერილობითი მტკიცებულებებითა და მოწმეთა ჩვენებებით სათანადოდ დაადასტურა სარჩელში მითითებული გარემოებანი, თუმცა აღნიშნული სასამართლოების გადაწყვეტილებებში არ ასახულა. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სკ-ის 623-ე, 624-ე, 625-ე, 404-ე და 411-ე მუხლების მოთხოვნები, არ გაითვალისწინა, რომ ლ.მ-შვილის ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მოპასუხეთა მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა, რის გამოც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სარჩელში მითითებული თანხის მთლიანად გადახდა. მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლო გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ნ.ა-შვილი და ა.ქ-შვილი მათთვის დაკისრებულ თანხებს ეთანხმებიან. საკასაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენს არამარტო ლ.მ-შვილის მიერ მოთხოვნილი 784 აშშ დოლარის ანაზღაურება, არამედ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე ძირითადი თანხის 3%-ის მოპასუხეთათვის დაკისრება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ მითითებული კანონი არ დარღვეულა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დარღვევის გარეშეა მიღებული, კერძოდ:
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ მოპასუხეებს - ნ. ა-შვილსა და ა. ქ-შვილს ლ. მ-შვილისათვის გადასახდელი აქვთ სესხად მიღებული 1050 ამერიკული დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინათ 2004წ. 1 თებერვალს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ გარემოებებს.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა შეეხება მოპასუხეებისთვის სარჩელში მითითებული თანხის სრული ოდენობით და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სესხზე 3%-ის სარგებლის დაკისრებას.
სკ-ის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისთვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან. ამ წესის დარღვევით პროცენტის შესახებ დადებული შეთანხმება ბათილია. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ სესხისათვის საპროცენტო განაკვეთის 2/5%-ის ოდენობით განსაზღვრა გონივრულია და შეესაბამება სკ-ის 625-ე მუხლის მოთხოვნებს. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრება მოპასუხეებისთვის სესხისათვის 3%-იანი სარგებლის დაკისრების შესახებ, ვინაიდან სარგებლის ამ ოდენობით განსაზღვრის საფუძვლიანობა საკასაციო საჩივრით დასაბუთებული არ არის.
რაც შეეხება კასატორ ლ.მ-შვილის მოთხოვნას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სესხზე 3%-ის სარგებლის დაკისრების შესახებ, აღნიშნულზე საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან, სსკ-ის 406-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოში დავის საგნის შეცვლა ან გადიდება დაუშვებელია. ლ. მ-შვილის სასარჩელო მოთხოვნას კი წარმოადგენდა სესხისა და პროცენტის ანაზღაურება სარჩელის შეტანის დროისათვის და არა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილად არის ცნობილი, რომ აპელანტ ლ. მ-შვილის მიერ გაწეულია სასამართლო გარეშე ხარჯები, 730 ლარის ოდენობით. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ, სსკ-ის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღნიშნული ხარჯები ექვემდებარება ანაზღაურებას მოპასუხეების _ ნ. ა-შვილისა და ა. ქ-შვილის მიერ.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ნ. ა-შვილის შუამდგომლობა მოცემული სამოქალაქო საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დამთავრებამდე. სსკ-ის 279-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტით სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლად უთითებს მისი საცხოვრებელი ბინის თაღლითური გზით მითვისების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოს მეორე განყოფილების გამომძიებელ ი. თ-შვილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს. განსახილველ სამოქალაქო საქმეში კი დავის საგანია ლ.მ-შვილის მიერ გასესხებული თანხის დაბრუნება. ამდენად, საქმეში არსებული მასალებით და განსახილველი შუამდგომლობით არ დასტურდება მოცემული დავის განხილვის შეუძლებლობა და მისი შეჩერების აუცილებლობა. ამდენად, მოცემული საქმის შეჩერების თაობაზე მოწინააღმდეგე მხარის _ ნ.ა-შვილის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ასევე უსაფუძვლოა და ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული ნ.ა-შვილის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების _ თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 მარტის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების გაუქმების თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დაცვითაა მიღებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.