გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1242-1374-04 ას-1242-1374-04 8 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლ. გოჩელაშვილი,თ. თოდრია
სარჩელის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1991წ. 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. თ-ის სარჩელი, უკანონოდ ჩაითვალა თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ „ბ.“ სახელზე თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის აღრიცხვა და ცნობილ იქნა მ. თ-ის საკუთრებად. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა ი. ფ-ის ბინიდან გამოსახლება. აღნიშნული გადაწყვეტილება ნაწილობრივ აღსრულდა, თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული საკუთრების უფლებით აღირიცხა მ. თუ-ის სახელზე.
1991წ. 15 ნოემბერს მ. თ-მა ნაჩუქრობის ხელშეკრულების საფუძველზე სახლის 5\9 აჩუქა ა. თ-ს, ხოლო 4\9 – რ. ქ-ეს. მთაწმინდის რ-ნის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1991წ. 22 ოქტომბრის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1992წ. 1 მაისის დადგენილებით კი გაუქმდა ი. ფ-ის ბინიდან გამოსახლების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე რაიონულ სასამართლოს.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1995წ. 19 მაისის დადგენილებით გაუქმდა თბილისის მთაწმინდის რ-ნის სასამართლო კოლეგიის 1991წ. 9 აგვისტოს გადაწყვეტილება, საქალაქო სასამართლოს 22 ოქტომბრის განჩინება, ამავე სასამართლოს პრეზიდიუმის 1992წ. 1 მაისის დადგენილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე რ-ნის სასამართლოს.
როგორც მოსარჩელე მიუთითებს, შემდგომში სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად.
2000წ. 10 ნოემბერს ტექნიკური აღრიცხვის სამსახურმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1995წ. 19 მაისის დადგენილების საფუძველზე გააუქმა ნაჩუქრობის ხელშეკრულების მიხედვით გაკეთებული აღრიცხვა და ბინა კვლავ აღირიცხა ,,ბ.” სახელზე. 2001წ. აპრილში თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურმა ისევ აღადგინა ჩანაწერი სადავო სახლის 5\9-ის ა. თ-ზე, ხოლო 4\9-ის _ რ. ქუთათელაძეზე აღრიცხვის შესახებ.
2002წ. 16 აპრილს ი. ფ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს, სადაც აღნიშნა, რომ მისთვის ახლა გახდა ცნობილი 1991წ. 15 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულების არსებობის შესახებ და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა და შესაბამისი ცვლილებების შეტანა საჯარო რეესტრში.
ალ. თ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ი. ფ-ის მიმართ და მოითხოვა მისი ბინიდან გამოსახლება და სანაცვლოდ შეთავაზებულ ბინაში შესახლება.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა – ბათილად იქნა ცნობილი 1991წ. 15 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულება და საჯარო რეესტრს დაევალა სათანადო ცვლილებების განხორციელება, რომლითაც აღდგებოდა ... პირველი სართულის აღრიცხვა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ „ბ.“ სახელზე.
ა. თ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ა. თ-მა გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელემ ვერ მიუთითა, რომელი უფლება დაირღვა მ. თ-ის მიერ სადავო ნაგებობის ჯერ თავის სახელზე აღრიცხვით და შემდეგ შვილსა და ძმისშვილზე გაჩუქებით. ასევე მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მისი რომელი უფლება უნდა ყოფილიყო დაცული და აღდგენილი. უფრო მეტიც, მოსარჩელემ მოითხოვა ნაგებობის სრულიად სხვა პირის „ბ.“ სახელზე აღრიცხვა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იგი მოცემულ საქმეზე არასათანადო მოსარჩელეა.
აპელანტმა მიუთითა, სარჩელი ხანდაზმულია, სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მთაწმინდის რ-ნის სასამართლოს 1991წ. 9 აგვისტოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა იმავე წლის 22 ოქტომბერს, ამიტომ ამ დროიდან ი. ფ-ს უნდა სცოდნოდა, მ. თ-ი სადვო ქონებას თავის საკუთრებად აღრიცხავდა.
არასწორია სასამართლოს ის არგუმენტი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის მიერ მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1991წ. 9 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებით, გაუქმდა ის სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც მ. თ-ი ცნობილ იქნა სადავო სახლის პირველი სართულის მესაკუთრედ.
სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება ავტომატურად არ იწვევს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნებას იგი უნდა გადაწყვიტოს საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონით დადგენილ ვადაში ეს უნდა მოეთხოვა მოპასუხე „ბ.“.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ირ. ფ-ის სარჩელი და დაკმაყოფილდა ალ. თ-ის შეგებებული სარჩელი და ი. ფ-ი გამოსახლებულ იქნა თბილისში, ... მდებარე სახლის პირველი სართულიდან და საკუთრების უფლებით გადაეცა თბილისში, ... მდებარე ბინა ¹14.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004წ. 24 თებერვლის განჩინებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 26 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ი. ფ-ს არ გააჩნია იურიდიული ინტერესი დავის საგნის მიმართ მაშინ, როცა მიუთითა, რომ ი. ფ-ის საკუთრება მითითებულ ბინაზე სადავოა.
ასევე არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს არგუმენტი ი. ფ-ის მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, რადგან 1995 წლიდან ბინის გასხვისების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. სასამართლომ არ დაადგინა, 2000 წელს რა საფუძვლით აღირიცხა ბინა კვლავ ქ-ესა და თ-ზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ივნისის განჩინებით, სსკ-ის 441-ე მუხლის საფუძველზე, შეჩერდა საქმის წარმოება ალ. თ-ის წარმომადგენელ რ. პ-ას სააპელაციო საჩივრის იმ ნაწილში, რომლითაც მოითხოვს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2004წ. 13 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილება ი. ფ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ი. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ ხანდაზმულად მიიჩნია ი. ფ-ის მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის თაობაზე.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ბინის ჩუქების ხელშეკრულებით, რომელიც დადებულია მ. თ-ს, ა. თ-სა და რ. ქ-ეს შორის 1991წ. 15 ნოემბერს, დგინდება, რომ ამ ხელშეკრულების რეგისტრაცია თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროში მოხდა 1991წ. ნოემბერში და სახლი აღირიცხა რ. ქ-ისა და ა. თ-ის სახელზე. აღნიშნული ფართი ტექ. აღრიცხვის სამსახურში დღესაც ირიცხება ალ. თ-ისა და რ. ქ-ის სახელზე.
სკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების _ ექვს წელს. სკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. კანონის ამ დანაწესიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) ი. ფ-ისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო 1991წ. ნოემბერში შესრულებული სადავო ჩანაწერისა და, შესაბამისად, ხელშეკრულების არსებობის შესახებ, რადგან ი. ფ-ს, როგორც სადავო სახლის მფლობელს, 1991წ. ნოემბრიდან 2002წ. 16 აპრილამდე ნებისმიერ დროს შეეძლო გაცნობოდა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ჩანაწერებს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი ექვსწლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა დასრულდა 1997წ. ნოემბერში. სარჩელი სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე კი შეტანილია 2002წ. 16 აპრილს კანონით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია სკ-ის 144-ე მუხლიდან გამომდინარე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ი. ფ-ის მოთხოვნა მ. თ-სა და ა. თ-ს შორის 1991წ. 15 ნოემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ წარმოადეგნს მოთხოვნას სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, რაც, სსკ-ის 180-ე მუხლიდან გამომდინარე, აღიარებითი სარჩელის კატეგორიას განეკუთვნება. ამავე მუხლიდ0ან გამომდინარე, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
პალატამ გაზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ირ. ფ-ს სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი არ გააჩნია, რადგან ამ ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც კი მისთვის სამართლებრივად სასარგებლო შედეგი ვერ დადგება, სადავო ფართის მესაკუთრედ ირ. ფ-ი ვერ აღირიცხება, რაც მისთვისაც ცნობილია და სწორედ ამიტომ, ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში, იგი მოითხოვს სადავო ქონების მესამე პირზე „ბ.“ აღრიცხვას, (რაც დგინდება სააპელაციო სხდომაზე ირ. ფ-ის წარმომადგენელ რ. ბაქანიძის სიტყვის მე-10 გვერდზე), რომელსაც ამ ბინაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს.
სააპელაციო პალატის მითითებით, სარჩელი აღძრულია არა მოსარჩელის უფლების, არამედ სხვა (მესამე) პირის საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ „ბ.“ უფლების დასაცავად, რაზეც ირ. ფ-ს „ბ.“ არა აქვს მინიჭებული უფლებამოსილება.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.ი ფ-ის წარმომადგენელმა რ. ბ-ემ. კასატორმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიიჩნია უკანონოდ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია ხანდაზმულად ი. ფ-ის მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. კასატორის განმარტებით, სადავო სახლის ჯერ მ. თ-ის, შემდეგ კი ალ. თ-ის სახელზე აღრიცხვით ირღვევა ი. ფ-ის, როგორც ამ სახლის ერთადერთი მფლობელის, კანონიერი უფლება, განაგრძოს დავა აღნიშნული ბინის მის საკუთრებად ცნობის შესახებ.
საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ უნდა აღდგეს ის მდგომარეობა, რომელიც არსებობდა 1991წ. 9 აგვისტომდე, ანუ მთაწმინდის რ-ნის სასამართლოს მიერ აღნიშნული ბინის მ. თ-ის საკუთრებად ცნობამდე.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სკ-ის 130-ე და სსკ-ის 180-ე მუხლები.
კასატორი მოითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1995წ. 19 მაისის დადგენილებით გაუქმდა თბილისის მთაწმინდის რ-ნის სასამართლოს 1991წ. 9 აგვისტოს გადაწყვეტილება. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდა იმისი აღიარება, რომ მთაწმინდის რ-ნის სასამართლოს 1991წ. 9 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ფართზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ ი. ფ-ს ეთქვა უარი და მ. თ-ი ცნობილ იქნა ამ ფართზე მესაკუთრედ, იყო არასწორი.
არასწორია სააპელაციო პალატის მითითება, რომ 1995წ. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა უნდა აითვალოს 1991 წლიდან.
1995 წელს მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 445-ე მუხლის თანახმად, სისრულეში მოყვანილი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განხილვის შემდეგ სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შემთხვევაში ან საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების გამოტანის, ანდა სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოპასუხეს უნდა დაუბრუნდეს ყოველივე ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა გაუქმებული გადაწყვეტილებით (გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნება). ამავე კოდექსის 446-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო, რომელსაც საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცა, მოვალეა, თავისი ინიციატივით განიხილოს საკითხი გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების შესახებ და გადაჭრას იგი ახალი გადაწყვეტილებით ან განჩინებით, რომლითაც მთავრდება საქმის წარმოება.თუ საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ არ გადაწყვიტა გაუქმებული გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების საკითხი, მოპასუხეს უფლება აქვს, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში შეიტანოს ამ სასამართლოში განცხადება აღსრულების შებრუნების შესახებ.
თუ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გაუქმდა, ასეთ მოთხოვნაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტად არ შეიძლება ჩაითვალოს გაუქმებული გადაწყვეტილების საფუძველზე გარკვეული მოქმედების განხორციელების დრო, ვინაიდან მისი უფლების დარღვევის შესახებ პირს შეეძლო გაეგო მას შემდეგ, რც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გაუქმდა.
სკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა გაიგო ან უნდა გაეგო დარღვული უფლების შესახებ. ივარაუდება, რომ ობიექტური მომენტი, უფლების დარღვევის ფაქტი და სუბიექტური მომენტი, როცა პირმა გაიგო ან უნდა გაეგო ამ ფაქტის შესახებ ერთმანეთს ემთხვევიან. თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება. ეს ორი მომენტი ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს. ხშირად პირი უფრო გვიან იგებს ან შეეძლო, გაეგო უფლების დარღვევის შესახებ, ვიდრე დარღვევა მოხდა. თუ დადასტურდება, რომ პირმა უფრო გვიან გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ დარღვევის გაგებამდე, ბუნებრივია, ვერც უფლების დაცვას მოითხოვს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო უფლების საჯარო რეესტრში დაფიქსირების მომენტი უპირობოდ წარმოადგენს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტს. სკ-ის 311-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი ხელმისაწვდომია გასაცნობად ნებისმიერ დაინტერესებული პირისათვის, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს პირის ვალდებულებას, რომ მუდმივად გაეცნოს საჯარო რეესტრის ჩანაწერებს. თუ დადგინდება, რომ პირმა, თავისი დაუდევრობის გამო, ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით, პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. პირის დაუდევრობა უკავშირდება მის სუბიექტურ დამოკიდებულებას მომხდარი ფაქტის მიმართ.
სკ-ის 130-ე მუხლის თანახმად მოთხოვნის წარმოშობის მომენტის დადგენისათვის აუცილებელია არსებობდეს ობიექტური და სუბიექტური მომენტები. კონკრეტულ შემთხვევაში ობიექტურ მომენტად, ანუ უფლების დარღვევის ფაქტად ითვლება საამისოდ გათვალისწინებული ფორმით ჩუქების ხელშეკრულების დადება, რაც თავის თავად არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მოთხოვნის წარმოშობის მომენტად. ამასთან ერთად აუცილებელია სუბიექტური მომენტის არსებობა.
კონკრეტულ შემთხვევაში დავას იწვევს საკითხი იმის შესახებ თუ როდის უნდა გაეგო კასატორს თავისი უფლების დარღვევის თაობაზე.
კანონმდებელი ამ შემთხვევაში ყურადღებას ამახვილებს პირის ბრალზე, რომლის თანახმად მან თავისი დაუდევრობის (გულგრილობის) გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ. სააპელაციო პალატამ არ გამოარკვია გარემოებები, რომლითაც დადგინდებოდა სუბიექტური მომენტი, კერძოდ, აპელაციას ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმ გარემოებებზე, რომლებიც მიუთითებენ სუბიექტურ მომენტზე, ანუ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა ცოდნოდა თუ არა კასატორს ჩუქების ხელშეკრულების დადების ფაქტის შესახებ. აღნიშნული არანაირად არ შეიძლება დაუკავშირდეს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტს. საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ამ შემთხვევაში წარმოადგენს ობიექტურ მომენტს, ანუ უფლების დარღვევის ფაქტის რეგისტრაციას, რაც თავისთავად არ შეიძლება მივიჩნიოთ სუბიექტურ მომენტად. ამასთან, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მხარე თავისი მოთხოვნის წარმოშობას უკავშირებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ უნდა იმსჯელოს ჩუქების ხელშეკრულების კანონიერების საკითხზე. კერძოდ, არსებობს თუ არა მისი ბათიალად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი. 1991წ. 9 აგვისტოს ქ. თბილისის მთაწმინდის რ-ნის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც სადავო ბინა ცნობილი იქნა თ-ის საკუთრებად, რამდენად იწვევს სადაო გარიგების ბათილობას.
აღიარებით სარჩელად ითვლება მოთხოვნა, რომელიც მიმართულია, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი იყოს განსაზღვრული ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა. მოცემულ შემთხვევაში აღიარებითი სარჩელი მიმართულია, რომ დადგინდეს სამართალურთიერთობის არარსებობა გარიგების ბათილობით.
დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მითითება, რომ ირ. ფ-ს სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი არ გააჩნია.
დაინტერესებულ პირებად, სამოქალაქო საპროცესო სამართლის თვალსაზრისით, ითვლებიან ის პირები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათი უფლება დარღვეულია ან სადავოდ არის გამხდარი. იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, რომელიც წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვის წინაპირობას, საჭიროა, არსებობდეს დავა მხარეთა შორის უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ, ე.ი. მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლებაში. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ სადავო ფართზე მესაკუთრის პრეტენზიებს აცხადებდნენ როგორც მ. თ-ი და ა. თ-ი, ისე ი. ფ-ი და მ. ბ-ე. სასამართლოს წარმოებაში იმყოფება, აგრეთვე, საქმე ა. თ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე ი. ფ-თან საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების მოშლისა და მდგმურის ბინიდან გამოსახლების შესახებ და ი. ფ-ის შეგებებული სარჩელი სადავო ფართის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
პალატა განმარტავს, რომ 180-ე მუხლი არ შეიძლება იყოს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი. თუ არსებობს სარჩელის აღძვრის ყველა წინაპირობა, რომელიც გათვალისწინებულია 186-ე მუხლით, მაგრამ არ არსებობს იურიდიული ინტერესი, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას აღიარებითი სარჩელის მიღებასა და განხილვაზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა გაარკვიოს სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი. თუ ფაქტობრივი გარემოებების დადგენით გაირკვევა, რომ სარჩელი არ არის ხანდაზმული, პალატამ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უნდა გაარკვიოს არსებობს თუ არა მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.