დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№9001-13 27 მარტი, 2013 წელი
ლ-ე ზ, 9001-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის
პროკურორ - ა. ხ-ს
მსჯავრდებულ - ზ. ლ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. ლ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის განაჩენით ზ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» და „ბ» ქვეპუნქტებით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით - 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას მიესაჯა 22 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით - 16 წლით, 8 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და დანიშნულ სასჯელს დაემატა აღნიშნული განაჩენით დანიშნული და 2008 წლის 1 დეკემბრის დადგენილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი, 5 თვე და 23 დღე და მოსახდელად განესაზღვრა 18 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 14 მარტიდან. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 8000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ზ. ლ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ლ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებული ზ. ლ-ე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გათავისუფლდა 2008 წლის 1 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოხდისაგან.
ზ. ლ-ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2009 წლის 20 თებერვლის ეპიზოდი), 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (2009 წლის 6 მარტის ეპიზოდი) და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელების მოხდისაგან.
მსჯავრდებულ ზ. ლ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელი - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 5 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელი - 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით, 2 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ზ. ლ-ს მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და მოსახდელად განესაზღვრა 11 წლით, 9 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 14 მარტიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. ლ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლით, რომლის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც არასრულწლოვანების ასაკში ჩაიდინა საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
იმავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. რადგან ზ. ლ-ე ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. ლ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
პ. ქათამაძე