განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№9491-13 29 მარტი, 2013 წელი
ქ-ი ნ, 949-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ვ. ა-ის
მსჯავრდებულ _ ნ. ქ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ნ. ქ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 ივლისის განაჩენით ნ- ქ. ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე, 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი – ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 იანვრის განაჩენით ნ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლითა და 6 თვით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლით, შეკრების წესით, ნ. ქ-ს სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის თანახმად, გაუქმდა 2008 წლის 23 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წელი და საბოლოოდ, ნ. ქ-ს სასჯელად განესაზღვრა – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ნ. ქ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 2 ნოემბრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 2 აგვისტოს განაჩენით ნ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ნ. ქ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასმართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ქ-ის მიმართ გავრცელდა,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ნ. ქ-ს ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 2 წელი, 6 თვე და განესაზღვრა 1 წლით, 10 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;
ასევე ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 4 წელი, 6 თვე და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;
ასევე ¼-ით შეუმცირდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული მოუხდელად დარჩენილი სასჯელი – 5 წელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ქ-ს სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ნ. ქ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 2 ნოემბრიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. ქ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა სსკ-ის 236-ე მუხლით დანიშნული სასჯელებისაგან სრულად გათავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლის თანახმად: ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისგან ადრე განხრახი დანაშაულისთვის ნასამართლეობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული“.
საკასაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ ნ. ქ-ის მოთხოვნას ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელებისაგან სრულად გათავისუფლების შესახებ, რადგან, მართალია, აღნიშნული მუხლი ეკუთვნის დანაშაულთა ნაკლებად მძიმე კატეგორიას, მაგრამ მისი ჩადენის დროს მსჯავრდებული იყო ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის მქონე პირი. ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლით, რომლის საფუძველზეც ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე–15 მუხლების მოქმედება და მსჯავრდებულ ნ. ქ-ს ერთი მეოთხედით კანონიერად შეუმცირა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელები.
პალატა ასევე არ იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელზე ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის გავრცელების თაობაზე, რადგან საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა იმავე კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნა, სადაც აღნიშნულია: ,,პირზე, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა/დაენიშნება, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ–ცალკე“ და კანონის მოქმედება გავრცელდა არა დანიშნულ სასჯელზე, არამედ – მოსახდელად დარჩენილ სასჯელზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ნ. ქ-ს ¼-ით უნდა შეუმცირდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 6 წელი და სასჯელად უნდა განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და რადგან 1 წელი უკვე მოხდილი ჰქონდა, სასჯელად უნდა განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ქ-ს საბოლოო სასაჯელად უნდა განესაზღვროს (სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით დანიშნულ და ¼-ით შემცირებულ სასჯელს – 5 წელსა და 3 თვეს დამატებული სსკ-ის 177-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 3 წელი და 6 თვე) 8 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ნ. ქ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2010 წლის 2 ნოემბრიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ. ქ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ნ. ქ-ს ¼-ით შეუმცირდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 6 წელი და სასჯელად განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და რადგან 1 წელი უკვე მოხდილი აქვს, სასჯელად განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ქ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 8 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ნ. ქ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2010 წლის 2 ნოემბრიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი