განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№10611-13 3 აპრილი, 2013 წელი
თ-ე მ., 10611-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
მაია ვაჩაძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის
პროკურორ - მ. ბ-ს
ადვოკატ - მ. მ-ს
მსჯავრდებულ - მ. თ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. თ-ს საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენით მ. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მას მოსახდელად დარჩა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რაშიც შევიდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. მ. თ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 2 სექტემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №2 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. თ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. თ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ მ. თ-ს მიმართ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი დარჩა უცვლელად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. თ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული.
ამდენად, მსჯავრდებული მ. თ-ე უნდა გათავისუფლდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელებისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.
მართალია, წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენით მ. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით, მაგრამ იგი არის ადრე ნასამართლევი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. ამდენად, მასზე უნდა გავრცელდეს ამ კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნა. მსჯავრდებულ მ. თ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 2 წელსა და 3 თვეს.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით და, ამასთან, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით. მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული მ. თ-ე წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, იგი არის ადრე ნასამართლევი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. ამდენად, მასზე ვერ გავრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნა.
ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ საბოლოო სასჯელის ზომად განსაზღვრული - უვადო თავისუფლების აღკვეთა - უნდა დარჩეს უცვლელად. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით არ არის გათვალისწინებული კანონისმიერი პროცედურა იმ პირების მიმართ, ვისაც სასჯელად დანიშნული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლი განსაზღვრავს ზოგად წესს იმ პირების მიმართ, ვისზეც არ ვრცელდება ამავე კანონის პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება და მათ მხოლოდ ერთი მეოთხედით უმცირდებათ დანიშნული სასჯელი. ცხადია, უვადო თავისუფლების აღკვეთის ერთი მეოთხედით შემცირება შეუძლებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. თ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული მ. თ-ე გათავისუფლდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელებისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმადაც, მსჯავრდებულ მ. თ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 2 წელსა და 3 თვეს.
საბოლოოდ მსჯავრდებულ მ. თ-ს სასჯელის ზომად დარჩეს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
მ. ვაჩაძე