დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-606(კ-23) 25 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი.კ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი.კ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2022 წლის 25 მარტის №84561/01 გადაწყვეტილება №... დაწესებულებაში გადაყვანაზე უარის თქმის შესახებ; ბ) დაევალოს მოპასუხეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელის №... ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2022 წლის 25 მარტის №84561/01 გადაწყვეტილება, მოსარჩელის №... დაწესებულებაში გადაყვანაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, განიხილოს და გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი.კ-ის №... ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ უნდა დაუშვას პრეცედენტები, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც ეხება უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე მსჯავრდებულის ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანას, დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. აღნიშნული საკითხები ეხება პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოების მაღალი დონის შენარჩუნებას, მსჯავრდებულთა უსაფრთხოებას, რაც განაპირობებს პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
კასატორის განმარტებით, პატიმრობის კოდექსის 46-ე მუხლი განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილს, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის წესს და საფუძვლებს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულისა და სხვა პირთა უსაფრთხოების ან პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად’’. სწორედ მსჯავრდებულის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე გამოიცა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 1 სექტემბრის №2258 ბრძანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით, რომელიც ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2020 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა მსჯავრდებულ ი.კ-ის ღია და ნახევრად ღია №... პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, მსჯავრდებული ი.კ-ე 2020 წლის 31 აგვისტოს მოთავსებულ იქნა №... პენიტენციურ დაწესებულებაში. №... პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისთანავე, 2020 წლის 1 სექტემბერს, მსჯავრდებულ ი.კ-ის მიმართ, სხვა მსჯავრდებულების მიერ განხორციელდა ჯგუფური ცემა. №... პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2020 წლის 1 სექტემბრის №24/1-16ს წერილის საფუძველზე, რომელიც შეიცავს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებულ ინფორმაციას, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 1 სექტემბრის №2258 ბრძანებით, მსჯავრდებული ი.კ-ე №... პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა №... პენიტენციურ დაწესებულებაში. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელე მხარეს არ გაუსაჩივრებია და იგი წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 25 მარტის №84561/01 წერილი გამოცემულია კანონის საფუძველზე და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმაზე, რომ მსჯავრდებულს განსაზღვრული აქვს საშუალო რისკი და ის არ უნდა იყოს განთავსებული დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. მსჯავრდებულ ი.კ-ეს 2022 წლის 15 ნოემბერს გადაუფასდა საშიშროების რისკი და განესაზღვრა მომეტებული რისკი. აღნიშნულის საფუძველზე გამოიცა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 15 ნოემბრის №24911 ბრძანება, რომლითაც საშიშროების მომეტებული რისკის მსჯავრდებულ ი.კ-ეს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსებულ იქნა №... პენიტენციურ დაწესებულებაში. აღნიშნულის შესაბამისად, მსჯავრდებული №... პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება არა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 1 სექტემბრის №2258 ბრძანების საფუძველზე, არამედ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 15 ნოემბრის №24911 ბრძანების საფუძველზე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) №... პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ დამტკიცებული დახასიათების თანახმად, ი.კ-ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ი.კ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 6 თებერვლიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით, ი.კ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით, ი.კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელი. პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 02.11.2017 წლის №16331 ბრძანებით სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 19.03.2018 წლის №4160 ბრძანებით სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და №... პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა №... პენიტენციურ დაწესებულებაში; პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 30.04.2018 წლის №6673 ბრძანებით №... პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა №... პენიტენციურ დაწესებულებაში. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 31.08.2020 წლის №13756 ბრძანების საფუძველზე, №... პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა №... პენიტენციურ დაწესებულებაში; სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 01.09.2020 წლის №2258 ბრძანების საფუძველზე, №... პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა №... პენიტენციურ დაწესებულებაში; 01.09.2020 წელს შესახლებული იქნა №... პენიტენციურ დაწესებულებაში. სასჯელის დასაწყისია - 06.02.2017წ., სასჯელის დასასარული - 06.02.2025 წ. ი.კ-ე ხასიათობრივი, პიროვნული და სხვა მოდალობის ტიპოლოგიური კრიტერიუმებით ანტისოციალურ გამოვლინებათა და შინაარსთა მიმართ საწინააღმდეგო, დიამეტრალურ განზომილებას იკავებს. ეს ნიშნავს, რომ მასთან მიმართებაში ე.წ. რისკ-ფაქტორთა არსებობის საკითხი არააქტუალურია. ამ თემის განხილვა შეიძლება მხოლოდ ერთ კონტექსტში: თუ რისკად ჩაითვლება პირადად მისთვის დამაზიანებელი გარემოება, ან პიროვნული თვისება თუ თავისებურება (ხასიათობრივი ორიენტაცია), რომელიც ამ გარემოებათა წარმოშობას ხელს უწყობს და მისთვის რომელიმე, თუნდაც მოცემულ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც აშკარად წამგებიანი აღმოჩნდა. სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებული ი.კ-ე წახალისებულია, კერძოდ: 2018 წლის 15 თებერვალს მიეცა დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება, ბრძ. №1285; 2018 წლის 14 ივნისს მიეცა დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება, ბრძ. №5517; 2019 წლის 1 აგვისტოს მიეცა დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება, ბრძ. №5021. ი.კ-ე არ არღვევს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს. მსჯავრდებული ი.კ-ე ადმინისტრაციის წარმომადგენლების და სხვა მსჯავრდებულების მიმართ არ არის კონფლიქტური და აგრესიული (ს.ფ 13-22); ბ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 თებერვლის №3/7561-19 გადაწყვეტილებით, ი.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ი.კ-ის ღია და ნახევრად ღია №... პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის №3ბ/672-20 განჩინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება (ს.ფ 26-51); გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 31 აგვისტოს №13756 ბრძანებით, №... პენიტენციური დაწესებულებიდან მსჯავრდებული ი.კ-ე გადაყვანილ იქნა №... პენიტენციურ დაწესებულებაში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 1 სექტემბრის №2258 ბრძანებით, მსჯავრდებული ი.კ-ე №... პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა №... პენიტენციურ დაწესებულებაში (ს.ფ 52-53); დ) 2022 წლის 21 მარტს ი.კ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და მოითხოვა მოქმედი კანონმდებლობის და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების თანახმად, მისი გადაყვანა თბილისის №... დაწესებულებიდან ...ის №... ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით (ს.ფ 24-25); ე) სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2022 წლის 25 მარტის №84561/01 გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ ი.კ-ეს ეცნობა, რომ მისი გადაყვანა №... პენიტენციური დაწესებულებიდან №... პენიტენციურ დაწესებულებაში არ იგეგმებოდა, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე (ს.ფ ...).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს პატიმრობის კოდექსზე, რომლის მე-3 მუხლის შესაბამისად, ეს კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს (მე-3 მუხლის პირველი ნაწილი). ამავე კოდექსის 6.1 მუხლის თანხმად, სპეციალური პენიტენციური სამსახური არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში. ამავე კოდექსის 10.2 მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებია: ა) გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ბ) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; დ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ე) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ვ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება; ზ) ქალთა სპეციალური დაწესებულება.
პატიმრობის კოდექსის 46-ე მუხლის შესაბამისად, (2) მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი; (4) სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში შემდეგ შემთხვევებში: ა) მსჯავრდებულის საშიშროების რისკის გათვალისწინებით ან მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მოსამზადებლად; ბ) პენიტენციური დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევისას; გ) მსჯავრდებულისა და სხვა პირთა უსაფრთხოების ან პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; დ) მსჯავრდებულის ავადმყოფობისას; ე) პენიტენციური დაწესებულების რეორგანიზაციისას; ვ) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციისას; ზ) პენიტენციური დაწესებულების გადატვირთულობისას; თ) ამ კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას; თ1) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1911 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, თუ მოსამართლის განჩინებით სამსახურის გენერალურ დირექტორს დაევალება შესაბამისი მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი განსაკუთრებული ზომების მიღება და ამ ღონისძიების გამოყენება აუცილებელია მსჯავრდებულის უსაფრთხოებისათვის; ი) მსჯავრდებულის თანხმობის არსებობისას; კ) სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას; (41) მსჯავრდებულის რისკის შეფასებასა და პერიოდულ გადაფასებას უზრუნველყოფს რისკის შეფასების გუნდი. მსჯავრდებულის რისკის სახეები, რისკის შეფასების კრიტერიუმები, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესი, მსჯავრდებულის სხვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესი და პირობები, აგრეთვე გუნდის საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით; (42) გუნდის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელსაც უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები) რისკის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად; (5) ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას მასზე ვრცელდება წესები, რომლებიც დადგენილია ამ რისკის მსჯავრდებულისათვის და რომელთა დაცვაც შესაძლებელია სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში; (6) ამ მუხლის მე-4 ნაწილის „გ“−„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანილი მსჯავრდებული შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრისთანავე შეიძლება დაბრუნდეს იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლიდანაც გადაიყვანეს.
პატიმრობის კოდექსის 12-ე მუხლის თანახმად, (1) დახურული ტიპის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, როგორც შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, ისე სასიგნალიზაციო სისტემით აღჭურვილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა; (2) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად.
ზემოაღნიშნული კოდექსის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ნახევრად ღია ტიპის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის“ მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებისათვის მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროება, რომელიც განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე: ა) მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები; ბ) ჩადენილი დანაშაულის კატეგორია და დანაშაულის ჩადენის მოტივი; გ) დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი; დ) დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა; ე) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იმგვარი ქმედება, რომელიც იწვევს/გამოიწვევს დაპირისპირებას მსჯავრდებულთა მასასთან და საფრთხეს უქმნის/შეუქმნის მსჯავრდებულის/სხვა მსჯავრდებულების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას; ვ) დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან დამოკიდებულება, მათზე უარყოფითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა; ზ) დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება; თ) ალკოჰოლის, აზარტული თამაშების, ნარკოტიკული, ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულება; ი) მსჯავრდებულის მიერ წარსულში, ასევე დაწესებულებაში დანაშაულის ჩადენის ფაქტები; კ) დარჩენილი სასჯელის ხანგრძლივობა; ლ) დაწესებულებიდან გაქცევის ან გაქცევის მცდელობის ფაქტები; მ) წარსულში დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემთხვევები; ნ) მსჯავრდებულის ასაკი; ო) ქურდულ სამყაროსთან/ტერორიზმთან დამოკიდებულება; პ) დაწესებულებაში არსებულ სარეაბილიტაციო/რესოციალიზაციის პროგრამებში ჩართულობა; ჟ) ისეთი თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტები, რომლითაც საფრთხე ექმნება ან შეიძლება შეექმნას დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; რ) წახალისების/დისციპლინური სახდელის/დისციპლინური პატიმრობის გამოყენების ფაქტი.
ამავე წესის მე-5 მუხლის თანახმად, (1) საშიშროების რისკის სახეებია: ა) დაბალი; ბ) საშუალო; გ) მომეტებული; დ) მაღალი; (3) საშიშროების საშუალო რისკის მქონე არის მსჯავრდებული, რომლისგან მომდინარე საფრთხე დაწესებულებისთვის ან გარშემომყოფთათვის, აგრეთვე საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსა ან/და სამართალდამცველი ორგანოებისათვის, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, არის საშუალო. საშუალო რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში; (4) საშიშროების მომეტებული რისკის მქონე არის მსჯავრდებული, რომლისგან მომდინარე საფრთხე დაწესებულებისთვის ან გარშემომყოფთათვის, აგრეთვე საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსა ან/და სამართალდამცველი ორგანოებისათვის, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, არის მომეტებული. მომეტებული რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების არსებობა, ერთმნიშვნელოვნად არ განაპირობებს მისი გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერებას. სწორედ სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება, კერძოდ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ხომ არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით და კანონის მიზნის უგულებელყოფით განხორციელება. ამგვარად, სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს საააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2022 წლის 25 მარტის №84561/01 გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ ი.კ-ეს ეცნობა, რომ მისი გადაყვანა №... პენიტენციური დაწესებულებიდან №... პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე არ იგეგმებოდა, ისე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია კვლავ არსებობდა თუ არა რაიმე სახის საფრთხე, იქნებოდა თუ არა მოსარჩელის უსაფრთხოება სათანადოდ უზრუნველყოფილი №... პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
ამდენად, გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. კანონმდებლობა ორგანოს ავალებს არა მხოლოდ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევასა და დადგენას, არამედ მათ გათვალისწინებას და შეფასებას.
სადავო საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითებინა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის. სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კოლეგია უფლებამოსილია საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი განხილვის გარეშე. საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვისაგან განსხვავებით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე არსებითად საქმე არ წყდება, აღნიშნულ ეტაპზე განიხილება მხოლოდ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის და მაშასადამე, უკვე გამოტანილი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის საკითხი. გარდა ამისა, არამხოლოდ დასაშვებობის, არამედ საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვის საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობა გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით. შესაბამისად, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა საკასაციო ინსტანციის სამოსამართლო დისკრეციის სფეროს განეკუთვნება და საკასაციო სასამართლო ყოველი კონკრეტული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, საქმის გარემოებების შესწავლისა და დავის ხასიათიდან გამომდინარე, წყვეტს ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის მიზენშეწონილობის საკითხს.
მართალია, საჯარო განხილვის უფლება, რომელიც გარანტირებულია კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, გულისხმობს საქმის ზეპირი განხილვის უფლებას, თუმცა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ზეპირი განხილვის ვალდებულება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას. მხარეთა დასწრების გარეშე საქმის განხილვა არ გულისხმობს საქმის გარემოებათა არასათანადოდ შესწავლასა და შეფასებას, მხარეთა შეჯიბრებითობის უგულებელყოფას, მხარეების სამართლებრივი არგუმენტების ეფექტურად განხილვა შესაძლებელია, აგრეთვე, წერილობითი ფორმით. ამდენად, კასატორი უზრუნველყოფილია, თავისი მოსაზრებების წერილობით წარმოდგენის შესაძლებლობით, ხოლო, მოწინააღმდეგე მხარის მიერ საკასაციო საჩივარზე შესაგებლის წარმოდგენის შემთხვევაში, კასატორს შესაძლებლობა აქვს წერილობით უპასუხოს მას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას არ დაიშვება ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა. საკასაციო ინსტანციის სასამართლო მისი დანიშნულებიდან გამომდინარე ადგენს მხოლოდ სამართლებრივ გარემოებებს და არა ახალ ფაქტებს, შესაბამისად, ხდება მხოლოდ დადგენილი ფაქტების იურიდიული შეფასება, რაც გამორიცხავს ზეპირად განხილვის აუცილებლობას. მოცემულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გარკვევის მიზნით ზეპირი განხილვის დანიშვნის ან მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის საჭიროება არ იკვეთება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინება;
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე