დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 28.09.2023
საქმის ნომერი
ბს-465(2კ-23)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.09.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-465(2კ-23) 28 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და შპს „დ...ის“ (ძველი სახელწოდებით - შპს „ა...“) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 10 აპრილს შპს „ა...ის“ წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის (უფლებამონაცვლე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო) 2017 წლის 30 ნოემბრის №04-06/17345 გადაწყვეტილების და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (უფლებამონაცვლე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო) 2018 წლის 06 მარტის №04-13091 გადაწყვეტილების ნაწილობრივ, ადმინისტრაციული საჩივრის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 30 ნოემბრის №04-06/17345 გადაწყვეტილებით შპს ,,ა...ს" უარი ეთქვა პაციენტების - ზ.შ-ას, ს.ც-სა და ე.გ-ის სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე. მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს, დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის წესი, ადმინისტრაციული სახდელის დადება მოხდა კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, კერძოდ, პაციენტების ზ.შ-ას, ს.ც-ს და ე.გ-ის საანგარიშგებო დოკუმენტაცია სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნების თანახმად (მუხლი 13) სოციალური მომსახურების სააგენტოში მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა 2017 წლის 10 ივლისს, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტომ გადაწყვეტილება გამოსცა 2017 წლის 30 ნოემბერს, რითიც დაარღვია სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ინსპექტირების ორთვიანი ვადა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაირღვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სახდელის შეფარდების ორთვიანი ვადა; ასევე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8 მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით.

მოსარჩელის განმარტებით გასაჩივრებული აქტი ასევე არ შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5, 96-ე მუხლებით დადგენილ დასაბუთებულობისა და საქმის ყოველმხრივ გამოკვლევის მოთხოვნებს. მოსარჩელის განმარტებით, დაირღვა მხარის ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილეობის უფლება (სზაკ-ის 95 მუხლი), რადგან მათ არ ეცნობათ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, არ იქნა უზრუნველყოფილი განხილვაში მათი მონაწილეობა, არ მიეცათ საკუთარი მოსაზრებისა და შუამდგომლობების წარდგენის, ასევე ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის საშუალება. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ყველა სამართალდარღვევაზე ცალ-ცალკე დაედო მოსარჩელეს სახდელი (შემთხვევის ანაზღაურებაზე უარი და ასანაზღაურებლად აღიარებული თანხის 10%), რაც ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 36-ე მუხლის მოთხოვნებს.

მოსარჩელის მითითებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის (უფლებამონაცვლე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო) 2017 წლის 30 ნოემბრის №04-06/17345 გადაწყვეტილების თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ძირითადი კოდი, მოსარჩელეს უარი ეთქვა დამატებითი კოდის ანაზღაურებაზე და დაჯარიმდნენ ძირითადი კოდის 10%-ით. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: მიმწოდებელი არ დაეთანხმა, შესაბამისად შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი ,,არ ანაზღაურდება“. მოსარჩელისთვის გაუგებარია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ნორმატიული საფუძვლები.

მოსარჩელე გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე, კერძოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ასანაზღაურებლად აღიარებული შემთხვევის დაფინანსების საკითხში, არ ეთანხმება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით შეუძლებელია დადგინდეს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელზე დაყრდნობითაც მიიღო ორგანომ გადაწყვეტილება თუ რა ქმედება ჩათვალა სამართალდარღვევად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის საოქმო განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შპს „ა...ის" უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს ,,დ...ი", ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლისს 8 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,ა...ს" (უფლებამონაცვლე - შპს ,,დ...ი“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ (სამედიცინო მომსახურების ნაწილის ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში) ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის (უფლებამონაცვლე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო) 2017 წლის 30 ნოემბრის №04-06/17345 გადაწყვეტილება; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (უფლებამონაცვლე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო) 2018 წლის 06 მარტის №04-13091 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაუკმაყოფილებელ ნაწილში; სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ და შპს „დ...მა“.

სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

შპს „დ...მა“ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შპს „დ...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ და შპს „დ...მა“.

სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

შპს „დ...მა“ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ პაციენტების ზ.შ-ას, ს.ც-ს და ე.გ-ის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ წარმოდგენილი დიაგნოზებით, მოცემულ პაციენტებთან არ დასტურდებოდა პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1.2-ით განსაზღვრულია პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა და განმარტებულია რა შემთხვევაში უნდა ანაზღაურდეს პაციენტის მდგომარეობა პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ფარგლებში. კასატორი მიუთითებს, რომ პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა გათვალისწინებულია იმ პაციენტებისათვის, რომლებიც საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობას და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას ან/და თირკმლის ჩანაცვლებით თერაპია. პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ფორმაში მოცემული ნოზოლოგიების ჩამონათვალი არ ითვალისწინებს პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლები დროით დაყოვნებას. კასატორის მოსაზრებით, განჩინება/გადაწყვეტილებების მიღებისას არცერთი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ შეფასებულა პაციენტების მდგომარეობა შეესაბამებოდა თუ არა პირველი დონის ინტენსიურ მკურნალობას. კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის მიუხედავად, სასამართლოებს სათანადოდ არ გამოუკვლევიათ და არ შეუფასებიათ საქმის ფაქტობრივი გარემოებები და წარდგენილი მტკიცებულებები.

კასატორის შპს „დ...ის“ მოსაზრებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა (ასკ-ის 32 მუხლის მე-4 ნაწილი), სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-14 მუხლი), სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა (სზაკ-ის მე-5 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილები, 601 მუხლის 1-ლი ნაწილი). კასატორი მოცემული დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის ამოსავალ საკითხად მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანომ საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების განხორციელების 60-დღიანი ვადა დაარღვია. კასატორი აღნიშნავს, რომ "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის №36 დადგენილები მე-14 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ვადაა საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებიდან არაუმეტეს 60 დღე. კასატორი აღნიშნავს, რომ მათ მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარედგინა 2017 წლის 11 ივლისს, ხოლო ადმინისტრაციულმა ორგანომ დადგენილებით განსაზღვრული ვადის დარღვევით, 2017 წლის 30 ნოემბერს განახორციელა ინსპექტირება და გამოსცა ადმინისტრაციული აქტი ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ. კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანო საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე ვალდებულია ინსპექტირება განახორციელოს 60 დღეში, წინააღმდეგ შემთხვევაში მის გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტს სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლს სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ისეთი კონკრეტული გარემოების შესწავლის საჭიროება, რომლის შესწავლა და გამოკვლევა სცდება სასამართლოს შესაძლებლობის ფარგლებს და რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს შესწავლილი და გამოკვლეული უნდა ჰქონოდა, მაგრამ ეს არ განუხორციელებია. კასატორი არ ეთანხმება მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენებას. კასატორის განმარტებით, სასამართლოს თავად უნდა შეეფასებინა ინსპექტირებისთვის განსაზღვრული ვადის დარღვევის ფაქტი და არსებითად გადაეწყვიტა დავა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის და 12 ივნისის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და შპს „დ...ის“ საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და შპს „დ...ის“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 30 ნოემბრის №04-06/17345 გადაწყვეტილების პაციენტების: ზ.შ-ას, ს.ც-ს და ე.გ-ის ნაწილში ბათილად ცნობა, შპს „ა...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 6 მარტის №04/13091 გადაწყვეტილების ნაწილობრივ, შესაბამის სადავო შემთხვევებზე ინსპექტირების ეტაპზე მხოლოდ შესრულებულად აღიარებული მომსახურების დადგენილი წესით ანაზღაურების ნაწილში ბათილად ცნობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს.

მოცემულ შემთხვევაში, №..., №..., №... სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით ინსპექტირებისას მიჩნეულ იქნა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარებოდა ძირითადი ნოზოლოგიური კოდი და შემთხვევა უნდა ანაზღაურებულიყო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%. მაგრამ მიმწოდებელი არ დაეთანხმა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ადმინისტრირების წესისი პირობების დაცვით მოითხოვა სრულად სამედიცინო შემთხვევის განხილვა, რის გამოც სამედიცინო შემთხვევებს: №..., №..., №... ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრათ სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას". სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 30.11.2017წ. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ პროგრამის ფარგლებში გადაუდებელი თერაპიული მდგომარეობები ანაზღაურდება არაუმეტეს 5 საწოლდღისა, ხოლო ზემოაღნიშნულ შემთხვევებში პაციენტის დაყოვნება სტაციონარში არსებითად მეტია. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ მიმწოდებლის მიერ წარმოდეგნილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიხედვით, პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის (სამედიცინო დოკუმენტაცია, კალკულაცია, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია სტაციონარში გამოყენებული მედიკამენტების შესახებ) ჩატარება არ დასტურდებოდა. ამასთან, მიმწოდებლის მიერ კონკრეტულ თერაპიულ პროგრამულ შემთხვევასთან დაკავშირებული ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ხარჯები მოთხოვნილია ნოზოლოგიური მკურნალობა/მოვლის ნოზოლოგიური კოდის დაფიქსირების ხარჯზე.

საკასაციო სასამართლო თითოეულ პაციენტთან მიმართებით ინდივიდუალურად აღწერს არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

დადგენილია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ მოდულიდან, ელექტრონული ჯანდაცვიდან ამოღებული ინფორმაციით პაციენტი - ზ.შ-ას შემთხვევაში 28.05.2017 წლის 11:10:00 სთ-დან 29.05.2017 წლის 13:00:00 საათამდე დროის მონაკვეთში ფიქსირებულია I დონის ინტენსიური მკურნალობა, (ტიპი-თანმხლები, კლასიფიკატორი j96.0), ხოლო 29.05.2017 წლის 13:00:00 სთ-დან 01.06.2017 წლის 12:00:00 საათის ჩათვლით-j.20.9 მწვავე ბრონქიტიტი დაუზუსტებელი (ტიპი-ძირითადი,კლასიფიკატორი-j.20.9).

პაციენტ - ს.ც-სთნ დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა-ს თანახმად, ჯანმრთელობის შესახებ, იგი ,,ა...ში" მკურნალობდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტის ფარგლებში 20.05.2017 წლის 16:35 სთ-დან 03.06.2017 წლის 10:30 სთ-მდე. ან სრული დიაგნოზი, სრული დიაგნოზია - პნევმონია დაუზუსტებელი. J18.9 9000000011 სუნთქვის მწვავე უკმარისობა. J96.0 2000005 (1-დონის ინტენსიური მკურნალობა) პლევრიტი. გადატანილი დაავადებები - მწვავე რესპირატორული ინფექცია.

რაც შეეხება პაციენტ ე.გ-ს, სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა ცნობა 05/18659 თანახმად დასკვნაში ჯანმრთელობის შესახებ, მითითებულია, რომ ,,ა...ში" მკურნალობდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტის ფარგლებში 05.06.2017 წლის 17:40 სთ-დან 09.06.2017 წლის 14:00 სთ-მდე. ე.ი 4 დღე და არა 5 დღეზე მეტი, როგორც ესაა აღნიშნული გასაჩივრებულ ინდ. აქტებში.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დადასტურება, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ამავე კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, თითოეულ პაციენტზე სადაზღვევო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარი განაპირობა გამოყენებული მედიკამენტებისა და ანამნეზის გათვალისწინებით პირველი დონის ინტენსიური მკურნალობის აუცილებლობის დაუდასტურებლობამ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტებში ასახული ფორმალური მითითება დადგენილების შესაბამის მუხლზე არ ქმნის ადმინისტრაციული აქტის დასაბუთებულობის საკმარის სტანდარტს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არაა აღნიშნული თითოეული პაციენტის შემთხვევაში მათ მიმართ გაწეული მომსახურებისას რა სახის დარღვევა დაფიქსირდა. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ შეუფასებია სადავო აქტების გამოცემამდე არსებული დოკუმენტაცია, კერძოდ სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100ა და სტაციონარული დოკუმენტაცია. აღნიშნულზე მეტყველებს ის გარემოება, რომ გასაჩივრებულ აქტში მითითებულია თითქოსდა უმეტეს შემთხვევაში პაციენტები გაჩერდნენ 5 საწოლდღეზე მეტი ვადით, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პაციენტების - ზ.შ-ას და ე.გ-ის შემთხვევაში, ისინი კლინიკაში მოთავსდნენ 4 დღე. ამდენად, გასაჩივრებული აქტები ნაწილობრივ მცდარი ინფორმაციის შემცველიცაა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-14 მუხლზე, რომლის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). გარდა ამისა, ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველია დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მითითებულ სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით, არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, კერძოდ, არ არის განმარტებული, რაში გამოიხატა მიმწოდებლის მიერ ვალდებულების დარღვევა, არ არის წარმოდგენილი მითითება ცნობებში ან/და სამედიცინო ისტორიებში არსებული ხარვეზების შესახებ. გაურკვეველია, თუ რაში გამოიხატება მიმწოდებლის მიერ ვალდებულების დარღვევა მის მიერ ჩატარებული მკურნალობისას ან/და რა სახის არგუმენტები უნდა წარედგინა ჩატარებული მომსახურების მართებულად მიჩნევისთვის. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ზემოაღნიშნულ სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით არ შეიცავს დასაბუთებას, მიმწოდებლის მიერ წარდგენილი პროგრამული კოდებით დიაგნოზები რა გარემოებების, მტკიცებულებების, შეფასებების შედეგად გამორიცხავდა I დონის ინტენსიურ მკურნალობას/მოვლას, დადგენილ დიაგნოზს, ასევე, მკურნალობის ხანგრძლივობის აუცილებლობას. ადმინისტრაციულმა ორგანომ მხოლოდ ზოგადად მიუთითა და დასაბუთების გარეშე დაასკვნა, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით I დონის ინტენსიური მკურნალობა ან შესაბამისი დიაგნოზი და მკურნალობის ხანგრძლივობის აუცილებლობა არ დასტურდებოდა. მსჯელობა იმის თაობაზე, კონკრეტულად რატომ არ საჭიროებდნენ პაციენტები ამგვარ მკურნალობას (მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობას და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას და ა.შ.) და რა გარემოებები განაპირობებდა მათ გარკვეულ სტაბილურ ჯანმრთელობის მდგომარეობას, სადავო აქტებში მითითებული არაა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სამედიცინო შემთხვევის არასწორად შეფასების რისკისგან თავის დასაზღვევად შეეძლო შესაბამისი დარგის სპეციალური ცოდნის მქონე ექსპერტის მოწვევა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს სასამართლო სხდომაზე მიცემული ზეპირსიტყვიერი განმარტება არ წამოადგენს კვალიფიციურ, დამაჯერებელ დასაბუთებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოცემული უფლების შემზღუდავი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მკაფიო, ნათელი და განჭვრეტადი უნდა იყოს მისი ადრესატისთვის. განსახილველ შემთხვევაში, სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება კი არ შეიცავს შესაბამის მოტივებსა და დასაბუთებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 30 ნოემბრის №04-06/17345 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში.

ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვა მაღალი ხარისხით, თუმცა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, დამატებით არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ გააკეთა დასაბუთებული დასკვნა გასაჩივრებული აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით.

ზემოხსენებული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 30 ნოემბრის №04-06/17345 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 6 მარტის №04-13091 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, სადავო შემთხვევის არსებითი გარემოებათა დადგენის გარეშე იყო მიღებული, რის გამოც, ისინი ექვემდებარებოდნენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) საკასაციო საჩივარზე 30.05.2023წ. №15655 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „დ...ს“ (ს/კ...) საკასაციო საჩივარზე 11.04.2023წ. №... ელექტრონული საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „დ...ს“ (ს/კ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. შპს „დ...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინება;

4. შპს „დ...ს“ (ს/კ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.04.2023წ. №... ელექტრონული საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.05.2023წ. №15655 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა