გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 23.12.2005
საქმის ნომერი
ას-245-580-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.12.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-245-580-05 23 დეკემბერი, 2005 წ.,ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. ლაზარაშვილი

დავის საგანი: უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ქონების დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. პ-მა სარჩელი აღძრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში ნ. მ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ 1993წ. 15 აპრილს მოახდინა ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის პრივატიზაცია, რომლის შედეგად გახდა მისი მესაკუთრე. 1997წ. დასაწყისში მასთან მივიდა მისი დისშვილი ნ. მ-ი და სთხოვა, დაეწერა ანდერძი ბინასთან დაკავშირებით.

მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან იგი არის მარტოხელა, ასაკოვანი, 67წ. პენსიონერი და მომვლელი არავინ ჰყავდა, გადაწყვიტა, რომ სანოტარო წესით გაეფორმებინა ანდერძი, რომლის შეცვლა და გაუქმება ნებისმიერ დროს შეიძლებოდა. ნ.მ-ი გარკვეული დროის განმავლობაში აქცევდა ყურადღებას, მიჰქონდა მასთან პროდუქტები. 1997წ. 29 იანვარს მივიდნენ ნოტარიუსთან ანდერძის გასაფორმებლად.

მოსარჩელეს განმარტებით, მან სანოტარო ბიუროში ხელი მოაწერა ფურცელზე, რომელიც არ წაუკითხავს, ვინაიდან ენდობოდა მათ. ნოტარიუსს მისთვის საბუთები არ დაუბრუნებია, ყველა საბუთი დარჩა მოპასუხესთან. 2001წ. ივნისში კი გარდაეცვალა მეუღლე და ძალიან გაუჭირდა მატერიალურად. მიაკითხა მოპასუხეს დახმარებისათვის, მან დაპირების მიუხედავად, არავითარი ყურადღება არ მიაქცია. 2003წ. აპრილში კიდევ ერთხელ მიაკითხა მოპასუხეს, მაგრამ მან უარი უთხრა ყოველგვარ დახმარებაზე.

მოსარჩელის განმარტებით, 2003 წელს მისი ბინა დაზიანდა მიწისძვრისგან და დახმარებისათვის მიმართა გამგეობას, სადაც მოითხოვეს საკუთრების დამადასტურებელი საბუთი. იმავე წელს სექტემბერში მივიდა ტექინვენტარიზაციის ბიუროში, სადაც განუცხადეს, რომ მას ბინა გაყიდული ჰქონდა და მის სახელზე აღარ ირიცხებოდა. მხოლოდ ამ ფაქტის შემდგომ გახდა მისთვის ცნობილი, რომ მოატყუა დისშვილმა და ანდერძის ნაცვლად, ხელი მოაწერინა ნასყიდობის ხელშეკრულებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,M მოსარჩელემ, სკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა მოსარჩელის სურვილით, მან შეიძინა ბინა, მაგრამ ბინის დაცლა და გამოსახლება არ მოუთხოვია, ვინაიდან მოსარჩელე არის მისი დეიდა და მორალურად მას ამის უფლება არ ჰქონდა. იგი უვლიდა და პატრონობდა მოსარჩელეს და მოსარჩელის მეუღლის დაკრძალვის ხარჯებიც მან გაიღო. მოპასუხემ განმარტა, რომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების თაობაზე თანხმობა განაცხადა მოსარჩელის მეუღლემ, თვით მოსარჩელემ და მეზობელმა ე.ზ-მა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მათი ხელმოწერით. მოპასუხის განმარტებით, სარჩელი, უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა გ. პ-მა სააპელაციო საჩივრით, რომლითაც მოითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.პ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გ.პ-სა და ნ.მ-ს შორის 1997წ. 28 იანვარს გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და მხარეთა შორის დადებულად იქნა ცნობილი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რაც შეწყდა გ.პ-ის მიერ მასზე უარის თქმის გამო. ბინა, მდებარე თბილისში, ..., აღირიცხა გ.პ-ის სახელზე.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გ.პ-მა და ნ.მ-მა გააფორმეს რა ნასყიდობის ხელშეკრულება, რეალურად გულისხმობდნენ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებას, რაც იმით დადასტურდა, რომ ხელშეკრულება გაფორმდა 1997 წელს, მაგრამ გ.პ-ი აგრძელებდა მასში ცხოვრებას. ქონების განკარგვის უფლება ნ.მ-ს ექნებოდა გ.პ-ის გარდაცვალების შემდეგ.

სკ-ის 56-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებით მხარეებმა დაფარეს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, ამიტომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც თვალთმაქცური გარიგება, ბათილია. სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის განმარტება, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია. სასამართლომ მიიჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის მიმართ გამოიყენება სსსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის დენა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნის წარმოშობის მომენტად სასამართლომ ჩათვალა ის დრო, როცა პ-მა შეიტყო, რომ ნ.მ-ი აღარ ასრულებდა მოვალეობას სარჩოს გადახდის თაობაზე.

ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

კასატორი მოითხოვს მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას შემდეგი საფუძვლით: მოპასუხე აღიარებს, რომ მან შეცდომით დადო გარიგება, სსკ-ის 73-ე მუხლის მიხედვითა და ზემოაღნიშნულის გამო სარჩელი ხანდაზმულია, რადგან სსსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, შეცდომით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის შეცილების ვადაა 1 თვე, რაც გასულია 2003წ. ოქტომბერში.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლო გასცდა სარჩელის მოთხოვნას და დაადგინა, რომ სადავო ხელშეკრულება არც მოტყუებით არც შეცდომით არ არის დადებული, არამედ გ.პ-მა და ნ.მ-მა ურთიერთშეთანხმებით, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით, დაფარეს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 72-ე, 79-ე მუხლები და არასწორად გამოიყენა 56 მუხლის II ნაწ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც, სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს ბათილი გარიგების სხვადასხვა სახეებს. ისეთი გარიგებები, რომლებიც დადებისთანავე ბათილია და მონაწილეთა მიერ დასახულ სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს, უცილოდ ბათილი (არარა) გარიგებებია. ბათილი გარიგებების მეორე ჯგუფს განეკუთვნება გარიგებები, რომელთა ბათილობა დამოკიდებულია იმაზე, შეცილებული (გასაჩივრებული) იქნება თუ არა ეს გარიგება, ასეთ გარიგებებს საცილო გარიგება ჰქვია. შეცილება იწვევს გარიგების გაბათილებას, მაგრამ დაინტერესებულ პირს შეუძლია, არ გამოიყენოს შეცილების უფლება და ამით გარიგება ძალაში დატოვოს. ამდენად, შეცილების უფლება არა მხოლოდ გარიგების გაუქმების უფლებაა, არამედ მისთვის ნამდვილობის მინიჭების უფლებაც. შეცილების უფლება სამართლებრივ ურთიერთობებზე ზემოქმედების ძლიერი საშუალებაა, რის გამოც იგი არ არის შეუზღუდავი. კანონი შეცილების უფლებას განსაზღვრულ დროის ჩარჩოებში აქცევს. ამ ჩარჩოების სიდიდე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ხასიათის ქმედება უდევს საფუძვლად საცილო გარიგების დადებას. შეცდომით დადებული გარიგების შეცილების უფლება პირს აქვს ერთი თვის განმავლობაში შეცილების შეტყობის მომენტიდან (სკ-ის 79-ე მუხლის I ნაწ.). მოტყუებითა და იძულებით დადებული გარიგებების დადების საფუძველი უფრო სერიოზული და საფრთხის შემცველია, ამიტომ კანონი შეცილების უფლების განხორციელებისთვის ითვალისწინებს ერთ წელს (84-ე და 89-ე მუხლები). თვალთმაქცური გარიგების, ბათილად ცნობის მოთხოვნის მიმართ კი გამოიყენება სკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ექვს წელს.

განსახილველ საქმეზე მოსარჩელე 1997წ. 29 იანვრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა მის მოტყუებას მოპასუხის მიერ, კერძოდ, მოპასუხემ მოატყუა და ანდერძის ნაცვლად ხელი მოაწერინა ნასყიდობის ხელშეკრულებაზე. ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლოს საქმის გარემოებები არ გამოუკვლევია, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სსსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, არ არის აღნიშნული მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლომ უარყო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველი, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებმა ნასყიდობის ხელშეკრულებით დაფარეს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება (თვალთმაქცური გარიგება). თვალთმაქცური გარიგების დადება შესაძლებელია მხოლოდ გარიგების მონაწილეთა ურთიერთშეთანხმებით და, აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს შეცილების უფლება წარმოეშვა ხელშეკრულების გაფორმების დღიდან _ 1997წ. 29 იანვრიდან. სააპელაციო სასამართლომ კი მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნია ის დრო, როცა მოპასუხემ მოსარჩელეს შეუწყვიტა სარჩოს გადახდა, რაც ვერ იქნება გაზიარებული, რადგან მოცემული დავის საგანი არის ნასყიდობის ხელშეკრულების (გარიგების) ბათილობა და მოთხოვნის წარმოშობის მომენტად უნდა მიჩნეულ იქნეს ნასყიდობის ხელშეკრულების შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტი და არა სარჩოს გადახდის შეწყვეტის მომენტი.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს როგორი ხასიათის ქმედება (მოტყუება, შეცდომა, თვალთმაქცური და ა.შ.) უდევს საფუძვლად სადავო გარიგებას და, შესაბამისად, გადაწყვიტოს შეცილების უფლების ხანდაზმულობის საკითხი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.