განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№13691-13 19 აპრილი, 2013 წელი
ნ-ა ნ., 13691-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ლ. ა-ის
მსჯავრდებულ _ ნ. ნ-ას
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ნ. ნ-ას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტისა და 11 მარტის განჩინებებზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 ივლისის განაჩენით ნ. ნ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 6 წლით, ხოლო 143-ე მუხლის „ა“, „ე“ პუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ ნ. ნ-ას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, საიდანაც 6 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი – ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 16 ნოემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 23 თებერვლის განაჩენით ნ. ნ-ას საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილებით მიესაჯა 11 წლით, ხოლო 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 13 წლით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 15 წლით, 8 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 1 წელი პირობითი მსჯავრი, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2010 წლის 23 თებერვლიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2009 წლის 9 ივნისიდან 2010 წლის 23 თებერვლამდე.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 თებერვლის განაჩენით შეიცვალა: ნ. ნ-ას საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 5 წლით, ხოლო 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით –2 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ნ. ნ-ას განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი, 8 თვე, 23 დღე და 1 წელი პირობითი მსჯავრი. საბოლოოდ მას განესაზღვრა 9 წლით, 8 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 1 წელი პირობითი მსჯავრი, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი მის მიმართ სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 17 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ნ. ნ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ნ-ას მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ნ. ნ-ას ერთი მესამედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის „ა“, „ე“ პუნქტებით, 378-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილებით დანიშნული სასჯელები, ხოლო სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა: სსკ-ის 143-ე მუხლის „ა“, „ე“ პუნქტებით – 8 თვით პირობითი მსჯავრი, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 4 წლით, 378-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილებით – 3 წლითა და 4 თვით, ხოლო 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ ნ. ნ-ას მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის, 7 თვისა და 25 დღის ვადით და 8 თვით პირობითი სასჯელი, ამავე გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 23 თებერვლიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2009 წლის 9 ივნისიდან 2010 წლის 23 თებერვლამდე. განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ ნ. ნ-ას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით, 2 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა და 8 თვით პირობითი მსჯავრი, 8 თვის გამოსაცდელი ვადით, ხოლო ამავე სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ – თავისუფლების აღკვეთა 6 წლის, 7 თვისა და 25 დღის ვადით და 8 თვით პირობითი სასჯელი, ამავე გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტისა და 11 მარტის განჩინებების თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. ნ-ამ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ ეთანხმება განჩინებების იმ ნაწილს, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი, მე-5 ნაწილებითა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებული ითხოვს ზემოაღნიშნული განჩინებების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც 2011 წლის 21 თებერვლის განაჩენით დანიშნულ სასჯელს არასწორად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი, 4 თვე და 23 დღე; ასევე ითხოვს, სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2009 წლის 9 ივნისიდან 2010 წლის 23 თებერვლამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–4 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ნ. ნ-ასთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილებით დანიშნული სასჯელის ერთი მესამედით, ხოლო ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება კანონიერია.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ. ნ-ასთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 143-ე მუხლის „ა“, „ე“ პუნქტებით დანიშნულ სასჯელებს, პალატა აღნიშნავს რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–4 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ნ. ნ-ას ერთი მესამედით უნდა შეუმცირდეს აღნიშნული მუხლებით დანიშნული სასჯელები (ვინაიდან აღნიშნული დანაშაულები მძიმე კატეგორიის დანაშაულებს მიეკუთვნება და, ამავდროულად, ნ. ნ-ას მიერ აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას არ მოჰყოლია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) და განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 8 თვე უნდა ჩაეთვალოს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ნ. ნ-ას საბოლოოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად უნდა განესაზღვროს 5 წლით, 6 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 8 თვე ჩაეთვალოს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4, მე-16, მე-17, მე-18, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ. ნ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ნ. ნ-ას ერთი მესამედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 143-ე და 179-ე მუხლებით დანიშნული სასჯელები და განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 8 თვე ჩაეთვალოს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ნ. ნ-ას საბოლოოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 5 წლით, 6 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 8 თვე ჩაეთვალოს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე