დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 27.05.2005
საქმის ნომერი
ას-261-572-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.05.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-261-572-05 27 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),რ. ნადირიანი,ლ. ლაზარაშვილი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 12 დეკემბერს რ. და ი. კ-ებმა სარჩელით მიმართეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და სს „... ბანკი-საგან» მოითხოვეს ზიანის ანაზღაურება.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 1994წ. მაისში ...ს მეთაურმა შექმნა კომერციული ... ბანკი, სადაც მათ შემნახველი სალაროდან გადაიტანეს 1993წ. მარტამდე შეტანილი 329129 მანეთი ბანკის საწესდებო ფონდში საპაიო წილის სახით.

მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ 1994წ. მაისში მათ ანგარიშზე ირიცხებოდა 737194 მანეთი, რაც ნაშთის სახით უნდა გადასულიყო მთლიანად. ბანკში გადატანილ იქნა მხოლოდ 329129 მანეთი, რაც შეტანილი იყო 1993წ. მარტამდე. გადატანილ 329129 მანეთს მიაწერეს კუპონი, ხოლო 408005 კუპონი არ გადაიტანეს, რადგან მისი კონვერტაცია არ ხდებოდა.

მოსარჩელეთა განცხადებით, როგორც ირკვევა, მათი წილი ყოფილა 40 ცენტი, რაც აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

ზემოაღნიშნულის გამო მოსარჩელეებმა მოითხოვეს, მოპასუხეს დაეკისროს სალაროში შეტანილი თანხის ანაზღაურება შეტანის მომენტში არსებული კურსით 180670 ლარის ოდენობით და 9 წლის განმავლობაში მიუღებელი 2% ზიანი 32520 ლარის ოდენობით, სულ _ 213190 ლარი.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ. და ი. კ-ებმა. სააპელაციო საჩივარში აღნიშნეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იყო უკანონო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 25 იანვრის გადაწყვეტილებით რ. და ი. კ-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. და ი. კ-ების მიერ 1989-1993 წლებში შემნახველ სალაროში შეტანილ იქნა თანხა და 1994 წელს მათ შემნახველი სალაროდან თანხა გადაიტანეს ახალ ბანკში _ საპაიო კომერციულ შემნახველ ბანკში, თანხა გადაირიცხა კუპონებში. ამდენად, 1994 წელს კ-ები გახდნენ საპაიო ბანკის მეპაიეები.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნული თანხის კუპონებში გადარიცხვის თაობაზე იცოდნენ აპელანტებმა, მათ ეს არ გაუპროტესტებიათ, რადგან მიაჩნდათ, რომ „ბანკმა თავისი საქმე იცოდა».

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ. და ი. კ-ებმა. კასატორები აღნიშნავენ, რომ საოლქო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის და ეროვნული ბანკის 1993წ. 24 ივლისის ¹575 დადგენილება და სახელმწიფო მეთაურის 1995წ. 16 სექტემბრის ¹363 ბრძანებულება, რომელსაც კავშირი არ ჰქონდა განსახილველ საქმესთან; სს «... ბანკი» წარმოადგენს საპაიო ბანკის უფლებამონაცვლეს, რომელიც ვალდებულია, დააბრუნოს თანხა იმ კურსის მიხედვით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს; მოპასუხე ბანკმა მათ მიერ შეტანილ მანეთებს მიაწერა კუპონები, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. აღნიშნულმა გარემოებამ კი უარყოფითი შედეგი გამოიღო 1995წ. 7 აპრილს, როცა შეიქმნა სს «... ბანკი» და სკ-ის 389-ე მუხლის დარღვევით მათ მიერ შეტანილი თანხები გაყვეს იმდროისათვის არსებული კურსის შესაბამისად აშშ-ს დოლართან მიმართებაში. რაც შეეხება აქციებს, კასატორების განმარტებით, სახელმწიფოს ნაჩუქარი კუპონებით, მათი თანხმობის გარეშე გახდნენ აქციონერები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ. და ი. კ-ები ითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, სკ-ის 874-ე და 389-ე მუხლების საფუძველზე სს «... ბანკისაგან» მიყენებული ზიანის ანაზღაურებასა და აქციების გასხვისების შესახებ გარიგების ბათილად ცნობას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იქნა და მხარეებიც არ უარყოფენ, რომ რ. და ი. კ-ებმა 1989-1993 წლებში შემნახველ სალაროში შეიტანეს თანხა.

ასევე დადგენილია, რომ კასატორები 1994 წელს გახდნენ საპაიო ბანკის მეპაიეები და მათ მიერ შეტანილი თანხა გადაირიცხა კუპონებში, რაც მათთვის ცნობილი იყო და სადავოდ არ გაუხდიათ, რაც დასტურდება საქმის მასალებით.

სკ-ის 408-ე მუხლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

მოცემულ შემთხვევაში ზიანის დადგომაში მოპასუხის ბრალი არ დგინდება.

უსაფუძვლოა კასატორების მოთხოვნა სს «... ბანკისათვის» შემნახველ სალაროში შეტანილი თანხის იმ ნაწილის დაბრუნების დაკისრების შესახებ, რომელიც გადატანილ იქნა საპაიო ბანკის საწესდებო კაპიტალში. აღნიშნული ოპერაცია განხორციელდა რ. კ-ის 1994წ. 19 მაისის და ი. კ-ის 1994წ. 13 მაისის განცხადებების საფუძველზე, მათივე სურვილის შესაბამისად.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მითითებას იმის შესახებ, რომ საოლქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ეროვნული ბანკის 1993წ. 24 ივლისის ¹575 დადგენილება. მითითებული დადგენილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა კუპონი. ამავე დადგენილების მე-5 ნაწილის თანახმად, საბანკო დაწესებულებებს 1993წ. 3 აგვისტოდან იურიდიული და ფიზიკური პირების ანგარიშებზე კუპონების გადასაცვლელად ანგარიშებსა და ანაბრებზე არსებული ნაშთები უნდა გადაეყვანათ მანეთიდან კუპონებზე შეფარდებით 1:1, ანგარიშებზე არსებული თანხების ოდენობის მიუხედავად. ასეთივე წესით უნდა მომხდარიყო დავალიანებათა ნაშთების, ბანკის აქტივებისა და პასივების გადაყვანა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოთხოვნას იმის შესახებ, რომ მათ მიერ შეტანილ მანეთებს მოპასუხე ბანკმა მიაწერა კუპონები, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. ზემოაღნიშნული დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ გაუქმდა მანეთი, როგორც საგადამხდელო საშუალება, შესაბამისად, კასატორთა მიერ შემნახველ ბანკში შეტანილი თანხა გადაყვანილ იქნა კუპონებში ანუ იმ დროისათვის არსებულ ვალუტაში.

სსკ-ის 406-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია. საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს კასატორთა მოთხოვნაზე აქციათა გადაცემის ბათილად ცნობის შესახებ, ვინაიდან ეს სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში არ დაუყენებია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რ. და ი. კ-ების საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა.

როგორც მხარეები მიუთითებენ და საქმის მასალებით არის დადგენილი მოსარჩელეები წარმოადგენდნენ ბანკის მეპაიეებს და შემდგომში გახდნენ ბანკის აქციონერები. შესაბამისად მათ უფლება აქვთ, «მეწარმეთა შესახებ» კანონიდან გამომდინარე, მოითხოვონ მათი, როგორც აქციონერების, უფლებების დაცვა, რაც მოცემული დავის საგანი არ ყოფილა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა იურიდიულად დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. და ი. კ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 იანვრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.