განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№13991-13 19 აპრილი, 2013 წელი
ო-ი დ/, 13991-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა ქათამაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივან - ა. ვ-ის
პროკურორ - დ. ბ-ის
მსჯავრდებულ - დ. ო-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. ო-ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 მარტის განაჩენით დ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის განაჩენით დ. ო-ი კვლავ იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწლით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 3 წელი და საბოლოოდ მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა - 1 წელი, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 20000 ლარი.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 16 დეკემბრის განაჩენით დ. ო-ი კვლავ იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 381–ე მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი. სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, აღნიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 5 წელი, რაც შეეცვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ო-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
დ. ო-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი, გამოსაცდელი ვადა და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა პირობითი სასჯელი 3 წელი და 9 თვე, 4 წლის გამოსაცდელი ვადით, სსკ–ის 381–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელი - ჯარიმა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შესაბამისი ვადით უფლებათა ჩამორთმევა დარჩა უცვლელად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა დ. ო-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება; ამავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე.
ამდენად, მსჯავრდებულ დ. ო-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც შეადგენს 2 წელსა და 3 თვეს.
მსჯავრდებულ დ. ო-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც შეადგენს 2 წელსა და 3 თვეს.
საბოლოოდ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას - უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 2 წელი და 3 თვე, რაც შეადგენს 4 წელსა და 6 თვეს. დანიშნულ სასჯელს - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას - უნდა გამოაკლდეს 1 წელი, რაც მან რეალურად მოიხადა. საბოლოოდ მსჯავრდებულ დ. ო-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ. ო-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ო-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც შეადგენს 2 (ორ) წელსა და 3 (სამ) თვეს.
მსჯავრდებულ დ. ო-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც შეადგენს 2 (ორ) წელსა და 3 (სამ) თვეს.
საბოლოოდ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 2 (ორი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 2 (ორი) წელი და 3 (სამი) თვე, რაც შეადგენს 4 (ოთხ) წელსა და 6 (ექვს) თვეს. დანიშნულ სასჯელს - 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას - უნდა გამოაკლდეს 1 (ერთი) წელი, რაც მან რეალურად მოიხადა.
საბოლოოდ მსჯავრდებულ დ. ო-ს მოსახდელად განესაზღვროს 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
პ. ქათამაძე