განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 24.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1462-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
24.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№14621-13 24 აპრილი, 2013 წელი

კ-ი ი, 14621-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - გ. ქ-ს

ადვოკატ - მ. ჯ-ს

მსჯავრდებულ - ი. კ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. კ-ს საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ივლისის განაჩენით ი. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 24,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით - უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. ი. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 21 ივლისიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

2013 წლის 15 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ი. კ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ი. კ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებული ი. კ-ი გათავისუფლდა გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისაგან.

მსჯავრდებულ ი. კ-ს მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 24,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა - დარჩა უცვლელად. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 21 ივლისიდან.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ი. კ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გორის რაიონული სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულ ი. კ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება კანონიერია.

საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული განჩინებით ამნისტია არ აქვს შეხებული საქართველოს სსკ-ის 24,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - უვადო თავისუფლების აღკვეთას და აღნიშნავს: იქიდან გამომდინარე, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება ყველა სახის სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, მსჯავრდებულ ი. კ-ს ხსენებული კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 24,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან აღნიშნული დანაშაული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება და, შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ კანონის 1-ლი–მე-15 მუხლების მოქმედება.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს: იმის გათვალისწინებით, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთის ერთი მეოთხედით შემცირება რეალურად შედეგზე ვერ აისახება, ი. კ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განსაზღვრული - უვადო თავისუფლების აღკვეთა - უნდა დარჩეს უცვლელად.

რაც შეეხება საჩივრის მოთხოვნას, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიცვალოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთით და შემდგომ შემცირდეს ერთი მეოთხედით, საკასაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს ამ საკითხზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. კ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ი. კ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 24,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნტით დანიშნული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ სასჯელის ზომად დარჩეს უვადო თავისუფლების აღკვეთა.

განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

პ. სილაგაძე