დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1469-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
26.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№14691-13 26 აპრილი, 2013 წელი

ლ-ე ჯ.-14691-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - დ. ბ-ის

მსჯავრდებულ - ჯ. ლ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ლ-ის საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 ნოემბრის განაჩენით ჯ. ლ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 15 000 ლარი, 262-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 15 000 ლარი. სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 30 000 ლარი. მასვე 5 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში აღნიშნული უფლებები. ჯ. ლ-ეს სასჯელის ათვლა დაეწყო 2010 წლის 15 სექტემბრიდან.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 ივნისის განაჩენით ჯ.ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 25-ე, 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო - 4 წელი ჩაეთვალა პირობით. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 5 000 ლარი. ამ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 3 თვისა და 1 დღის ვადით და ჯ. ლ-ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის, 3 თვისა და 1 დღის ვადით, საიდანაც 2 წელი, 3 თვე და 1 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო - 4 წელი ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. ჯ. ლ-ეს დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 5000 ლარი; მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2012 წლის 22 თებერვლიდან იმავე წლის 13 ივნისის ჩათვლით და სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 13 ივნისიდან.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ჯ. ლ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 1 წელი, 6 თვე და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა მოხდილად. ამასთან, მსჯავრდებული მთლიანად გათავისუფლდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 25-ე, 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელებისაგან (გარდა ჯარიმისა).

მსჯავრდებული ჯ. ლ-ე საჩივარში აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, პირი თავისუფლდება სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია 262-ე მუხლით. ამავე კანონის მე-18 მუხლის მიხედვით, სასჯელისაგან გათავისუფლება ან მისი შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე - დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას მის სასიკეთოდ და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, პირს უნდა აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამოერთმეული უფლებები, თუ მასზე ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლის მოქმედება.

პალატა აღნიშნავს, რომ ჯ. ლ-ე სწორად გათავისუფლდა სსკ-ის 25-ე, 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელებისაგან. ამასთან, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისაგან მსჯავრდებული გათავისუფლდა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-13 და არა - მე-8 მუხლის საფუძველზე, ხოლო 262-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან ჯ. ლ-ე არ გათავისუფლებულა. ეს სასჯელი მას მხოლოდ ერთი მეოთხედით შეუმცირდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ჯ. ლ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება ჯ. ლ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი