განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№9971-13 2 აპრილი,2013 წელი
მ-ი ი.- 9971-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ჯ. უ-ის
მსჯავრდებულ _ ი. მ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. მ-ის საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და ი. მ-ი, ნასამართლევი (გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 აპრილის განაჩენით გასამართლებულ იქნა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი ასევე გასამართლებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 სექტემბრის განაჩენით – სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი– ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით), – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი – 3 წელი, რომელიც კვლავ ჩაეთვალა პირობით და დაემატა ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ , განაჩენთა ერთობლიობით, ი. მ-ს სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, 6 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი – ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
ი. მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 21 დეკემბრიდან.
გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 21 თებერვლის განაჩენით ი. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 120-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 8 წელი, 10 თვე და ი. მ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 9 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 6 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
ი. მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 21 თებერვლიდან.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №… დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ი. მ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ი. მ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ი. მ-ს ¼-ით შეუმცირდა საბოლოოდ დანიშნული სასჯელი – როგორც რეალური, ასევე პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა და განესაზღვრა: 5 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, 2 წელი და 3 თვე – პირობითი მსჯავრი, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
ი. მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 21 თებერვლიდან.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ი. მ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა ითხოვა საქმის ხელახლა განხილვა და სასჯელის სწორად ათვლა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, რაიონულმა სასამართლომ კანონიერად იხელმძღვანელა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-16, მე-18 მუხლებით, როდესაც მსჯავრდებულს ¼-ით ერთნაირად და პროპორციულად შეუმცირა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელი – როგორც რეალური, ისე პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა, მაგრამ არ გაითვალისწინა იმავე კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნა, სადაც აღნიშნულია: ,,პირზე, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა/დაენიშნება, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ–ცალკე“.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს სასჯელის ვადის ათვლის პრინციპი და ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მოქმედება უნდა გავრცელდეს თითოეულ სასჯელზე ცალ-ცალკე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16,მე-17 და მე-18 მუხლების საფუძველზე მსჯავრდებულ ი. მ-ს ¼-ით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელები – როგორც რეალური, ასევე პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა და უნდა განესაზღვროს: 4 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა, 2 წელი – პირობითი მსჯავრი, 2 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით.
ი. მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2012 წლის 21 თებერვლიდან.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16,მე-17 და მე-18 მუხლების საფუძველზე მსჯავრდებულ ი. მ-ს ¼-ით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელები – როგორც რეალური, ასევე პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა და განესაზღვროს: 4 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა, 2 წელი – პირობითი მსჯავრი, 2 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით.
ი. მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2012 წლის 21 თებერვლიდან.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
გ. შავლიაშვილი