დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 12.06.2013
საქმის ნომერი
2კ-1662-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
12.06.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№16621-13 12 ივნისი, 2013 წელი

წ-ი დ., 16621-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ გ. ჯ-ის

მსჯავრდებულ _ დ. წ-ის

ადვოკატ – მ. წ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. წ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 იანვრის განაჩენით დ. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 24-ე,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 7 წლით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და ამ მუხლით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით დ. წ-ს მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 2 მაისიდან; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 20000 ლარი.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 8 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 მარტის განაჩენით დ. წ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიესაჯა 8-8 წლით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და ამ მუხლებით განესაზღვრა 2-2 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე დ. წ-ს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 8 წლით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 4 წლით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1-1 წლითა და 3-3 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 14 წლითა და 6 თვით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 20 წლით, 7 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 24 მარტიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 50000 ლარი.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 10 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ დ. წ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ დ. წ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული დ. წ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 24-ე,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 3 წლით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 11 თვითა და 7 დღით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კი – ასევე 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ დ. წ-ს განესაზღვრა 10 წლით, 10 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 29 ივლისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა დ. წ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 იანვრისა და 24 მარტის განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან განთავისუფლებას დაზარალებულად ცნობილი ქ. თბილისის მერიის თანხმობის გათვალისწინებით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 მარტის განაჩენით სსკ-ის 362-ე მუხლით დანიშნული სასჯელის – 1 წლის, 8 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთის - ათვლას 2009 წლის 2 მაისიდან და სასამართლო სხდომის დარბაზიდან განთავისუფლებას, ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის გათვალისწინებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3, მე-11 მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულ დ. წ-ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 24-ე,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელებისგან გათავისუფლება - კანონიერია.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ დ. წ-ისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 10 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელების ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის 10 წლით, 10 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა ასევე კანონიერია, ვინაიდან მის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაულები და მასზე არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის 1-ლი-მე-15 მუხლების მოქმედება.

რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებითა და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელებისგან გათავისუფლების შესახებ იმ მოტივით, რომ თბილისის მერიას მის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩნია, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს მისი აღნიშნული მუხლებით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლების კანონისმიერ საფუძველს, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან პირი თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ამაზე თანხმობას განაცხადებს დაზარალებული (ან მისი უფლებამონაცვლე), რომლის პოზიციის გამომხატველიც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელია. იქიდან გამომდინარე, რომ პროკურორს არ განუცხადებია თანხმობა მსჯავრდებულ დ. წ-ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებითა და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელებისგან გათავისუფლების თაობაზე, მის მიმართ ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მოქმედება. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მითითება, თითქოს თბილისის მერია წარმოადგენს დაზარალებულს მის სისხლის სამართლის საქმეზე, არ შეესაბამება სისხლის სამართლის საქმის მასალებს.

უსაფუძვლოა მსჯავრდებულის მოთხოვნა მისთვის განსაზღვრული სასჯელის მოხდის ათვლის თარიღის განსაზღვრის ნაწილშიც. კერძოდ, იქიდან გამომდინარე, რომ მსჯავრდებული დ. წ-ი სრულად არის გათავისუფლებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელისგან, აღარ არსებობს აღნიშნული განაჩენით დადგენილი სასჯელის ათვლის თარიღიდან სასჯელის ათვლის სამართლებრივი საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. წ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე