საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო

სისხლის სამართლის 05.06.2013
საქმის ნომერი
2კ-1676-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.06.2013

გადაწყვეტილების ტექსტი

№16761-13 5 ივნისი, 2013 წელი

ჩ-ე ნ.-16761-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ დ. ბ-ის

ადვოკატ – კ. კ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ნ. ჩ-ის ადვოკატ კ. კ-ის საჩივარი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 28 მარტის განაჩენით ნ. ჩ-ე, ძებნილი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც უნდა დაეწყოს დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 14 ივნისის განაჩენით აღნიშნული განაჩენი დარჩა უცვლელად.

ხაშურის რაიონულმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს ძებნილი მსჯავრდებულის – ნ. ჩ-ის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით იმავე სასმართლოს 2012 წლის 28 მარტის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით:

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ნ. ჩ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 4 წელი და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. ჩ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე სასჯელის ¼-ით შემცირება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა იქნეს განხილული შემდეგ გარემოებათა გამო:

ადვოკატის მიერ საქმეზე წარმოდგენილი თანხმობიდან, რომელიც ნოტარიულად დადასტურებულია 2012 წლის 29 აპრილს, არ ჩანს მსჯავრდებული ნ. ჩ-ე თანახმაა თუ არა, რომ ადვოკატმა კ. კ-ემ წარმოადგინოს მისი ინტერესები ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინების გასაჩივრებისას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, რადგან ხაშურის რაიონული სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა არაუფლებამოსილმა პირმა, იგი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-300, 301-ე, 303-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ნ. ჩ-ის ადვოკატ კ. კ-ის საჩივარი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

ბ. ალავიძე