დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-410-757-05 ას-410-757-05 30 ივნისი, 2005წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: იურიდიული ფაქტის დადგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 1 აპრილს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა ი. ნ-მა და მოითხოვა იურიდიული ფაქტის დადგენა იმის თაობაზე, რომ იყო პ. კ-ის ნათესავი და მემკვიდრე. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ დედამისის _ გ. კ-ის ძმას _ პ. კ-ე, რომელიც დაბადებული იყო 1908 წელს, საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებული განსაკუთრებული სამეულის 1938წ. 2 მარტის დადგენილებით მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი 1938წ. 11 მარტს. ამჟამად პ. კ-ე რეაბილიტირებული იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989წ. 16 იანვრის ბრძანებულების საფუძველზე. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მან 2002წ. 15 ოქტომბერს მიღება_ჩაბარების აქტით მიიღო პ. კ-ის ქონება _ ეზო-სახლი ზესტაფონის რ-ნის სოფ. ....., რაც, მისი მოსაზრებით, ადასტურებდა, რომ იყო პ. კ-ის ერთადერთი მემკვიდრე და დისშვილი. განმცხადებლის მითითებით, აღნიშნულს ასევე ადასტურებდა სოფ. ..... მცხოვრებთა ხელმოწერები, რომლებიც დამოწმებული იყო სოფ. კლდეეთის თემის საკრებულოს ბეჭდით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვდა იურიდიული ფაქტის დადგენას სსკ-ის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “თ” ქვეპუნქტების, სკ-ის 1336-ე მუხლის საფუძველზე.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ნ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, რომ ი. ნ-ი იყო პ. კ-ის დის _ გ. კ-ის შვილი და პ. კ-ის დისშვილი; ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა პ. კ-ის მემკვიდრედ ცნობაზე უსაფუძვლობის გამო. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ის 313-ე მუხლის თანახმად, სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ადგენდა მხოლოდ ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებების სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში. საქმეში არსებული სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ცნობით დადგენილი იყო, რომ პ. კ-ე, რომლის მიმართაც 1938წ. სამეულის დადგენილება მოყვანილ იქნა სისრულეში 1938წ. 11 მარტს, დაბადებული იყო 1908 წელს ზესტაფონის რ-ნის სოფ. ...... აღნიშნული სოფლის მცხოვრებთა განცხადებით დადგენილი იყო, რომ განმცხადებელი ი. ნ-ი იყო გ. კ-ის შვილი და პ. კ-ის დისშვილი. ამ უკანასკნელი მამა ე. კ-ე გარდაიცვალა 1964 წელს, რომლის გარდაცვალების შემდეგ მის ქონებას ფლობდა და განკარგავდა გ. კ-ე, ხოლო გ. კ-ის გარდაცვალების შემდეგ _ ი. ნ-ი, რაზედაც არსებობდა ზესტაფონის მიწის მართვის სამმართველოს ¹48 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი. საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დადგენილი იყო, რომ ისინი იცნობდნენ ი. ნ-ის დედას _ გ. კ-ეს, რომლის ძმაც იყო პ. კ-ე, ანუ, სსკ-ის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, დადასტურებული იყო განმცხადებლისა და პ. კ-ის ნათესაური კავშირი, კერძოდ, რომ განმცხადებელი იყო მისი დისშვილი. რაც შეეხებოდა განმცხადებლის მოთხოვნას მემკვიდრედ ცნობის თაობაზე, რაიონული სასამართლო მიუთითებდა, რომ ამ ნაწილში არ არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან სსკ-ის 312-ე მუხლი არ ითვალისწინებდა აღნიშნულ საკითხზე იურიდიული ფაქტის დადგენას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის “ი” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტებს ადგენდა იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელი არ ითვალისწინებდა მათი დადგენის სხვა წესს, სკ-ის თანახმად კი განსაზღვრული იყო მემკვიდრედ ცნობის წესი.
რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ნ-მა მემკვიდრეობის ფაქტის დადგენაზე უარის თქმის ნაწილში და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოთხოვნის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 თებერვლის განჩინებით ი. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 ივნისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეობის მიღების ფაქტისა და მემკვიდრეობის გახსნის ადგილის დადგენის შესახებ განცხადების განხილვა უდავო წარმოების წესით შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელს სანოტარო ორგანომ უარი უთხრა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ განმცხადებელს არ გააჩნდა შესაბამისი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ მფლობელობაში მიღების ფაქტს. აპელანტს კი სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ სანოტარო ორგანომ უარი უთხრა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ მას არ გააჩნდა პ. კ-ის სამკვიდრო ქონების მფლობელობაში მიღების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამიტომ სსკ-ის 312-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ დაადგენდა ი. ნ-ის მიერ პ. კ-ის სამკვიდრო ქონების მფლობელობაში მიღების ფაქტს. რაც შეეხებოდა განმცხადებლის პ. კ-ის მემკვიდრედ ცნობას, სააპელაციო სასამართლო მიუთითებდა, რომ აღნიშნულს სასამართლო მით უფრო ვერ დადგენდა, რადგან უდავო წარმოების წესით შეიძლებოდა დადგენილიყო ფაქტის არსებობა ან არარსებობა, მაგრამ არა ამ ფაქტის სამართლებრივი შედეგი. მემკვიდრედ ცნობა კი იყო ფაქტის სამართლებრივი შედეგი, რისი განხილვაც არ შეიძლებოდა უდავო წარმოებს წესით. ამდენად, სსკ-ის 310-ე და 219-ე მუხლების შესაბამისად, რაიონულ სასამართლოს სწორად ჰქონდა უარი ნათქვამი განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ნ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პ. კ-ის მემკვიდრედ ცნობა. კასატორი მიუთითებდა, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა, სწორი შეფასება არ მისცა საქმის სამართლებრივ და ფაქტრობრივ გარემოებებს და უსაფუძვლოდ უთხრა უარი განცხადებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. კასატორი მიუთითებდა, რომ მან მიმართა სანოტარო ბიუროს, რომელმაც უარი უთხრა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ მას არ გააჩნდა შესაბამისი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდა აწ გარდაცვლილი პ. კ-ის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ მფლობელობაში მიღების ფაქტს. მას კი ასეთი ფაქტის დადგენა არ უთხოვია სასამართლოსათვის, რადგან ასეთი დოკუმენტები თავიდანვე ჰქონდა წარდგენილი როგორც სანოტარო ბიუროსათვის, ისე სასამართლოსათვის. კასატორი ასევე მიუთითებდა, რომ მან მიმართა სანოტარო ბიუროს სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე. ზესტაფონის სანოტარო ბიურო დაეყრდნო წინა ორი სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ გარკვეულა საქმის რეალურ ვითარებაში და არ დააკმაყოფილა მისი განცხადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს დარღვეული ჰქონდა სსკ-ის 310-ე და 312-ე მუხლები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 თებერვლის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის “თ” ქვეპუნქტი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს განსახილველ საქმეებს მიაკუთვნებს მემკვიდრეობის მიღების ფაქტისა და მემკვიდრეობის გახსნის ადგილის ფაქტის დადგენას. მოცემულ შემთხვევაში ასეთი ფაქტის დადგენას განმცხადებელი არ ითხოვს. განმცხადებლის მოთხოვნაა მემკვიდრედ აღიარება, რაც არის ქონებრივი უფლების და არა ფაქტის საკითხი და დაუშვებელია მისი დადგენა უდავო წარმოების წესით.
სსკ-ის 313-ე მუხლის თანახმად, სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის ფაქტებს ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში. განმცხადებელი კი, ფაქტობრივად, სასამართლოსაგან ითხოვს იმას, რაც, სკ-ის თანახმად, სანოტარო ორგანოსაგან უნდა მოითხოვოს. სკ-ის 1499-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოსაგან მოითხოვონ სამკვიდროს მოწმობა. იმ შემთხვევაში, თუკი ნოტარიუსი უარს ამბობს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე და ამას არ ეთანხმება განმცხადებელი, მას შეუძლია სასამართლოში გაასაჩივროს ნოტარიუსის ქმედება საერთო სასარჩელო წარმოების წესით. აღნიშნული საკითხის უდავო წარმოების წესით განხილვა და გადაწყვეტა დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 თებერვლის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.