გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 10.11.2005
საქმის ნომერი
ას-415-739-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.11.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ას-415-739-05 10 ნოემბერი, 2005წ. ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),რ. ნადირიანი

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 25 თებერვალს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ნ., მ., კ. და მ. კ-ებმა მოპასუხე სს «მ-ის» მიმართ. მოსარჩელეთა განმარტებით, აწ გარდაცვლილ გ. კ-სა და სს «მ-ს» შორის 1998წ. 4 იანვარს დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გ. კ-მა სს «მ-ისაგან» ხუთი წლის ვადით იჯარით აიღო დამხმარე სათავსი, რომელიც ხელშეკრულების თანახმად, უნდა გამოეყენებინა პურ-ფუნთუშეულის საცხობად. აღნიშნული ხელშეკრულების დადების შემდეგ გ. კ-მა მეიჯარის თანხმობით ააშენა პურის საცხობი ღუმელი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ დარჩა მეიჯარის ტერიტორიაზე, ისევე, როგორც იქ შეტანილი 250 ცალი პასკის ფორმა. მოსარჩელეთა მითითებით, იჯარის ხელშეკრულება დადებული იყო 2003წ. იანვრამდე, მაგრამ მას შემდეგ, რაც 2000წ. 16 იანვარს გ. კ-ი გარდაიცვალა, სს „მ-მა” აღარ შეუშვა მოსარჩელეები იჯარით აღებულ ფართში, თუმცა მათ, როგორც გ. კ-ის მემკვიდრეებს, სურდათ და უფლებაც ჰქონდათ, გაეგრძელებინათ მოიჯარის საქმიანობა იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხისაგან 250 პასკის ფორმის დაბრუნება, ღუმელის ღირებულების _ 1500 ლ. და განაცდურის ანაზღაურება 2000წ. 1 ნოემბრიდან იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე, ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით, აგრეთვე, იჯარით აღებულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2600 ლარის ოდენობით.

2003წ. 27 მარტს სს «მ-მა” იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელეთა მიმართ და მოითხოვა მისი კუთვნილი ქონების დაბრუნება ან ამ ქონების საერთო ღირებულების _ 450 ლარის ანაზღაურება.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 ივლისის გადაწყვეტილებით ნ., მ., კ. და მ. კ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ სს „მ-ს” დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ პურის საცხობი ღუმელის აშენებისათვის გაწეული ხარჯების გადახდა 1500 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე, არ დაკმაყოფილდა სს „მ-ის” შეგებებული სარჩელი დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო. რაიონული სასამართლოს განმარტებით, 1998წ. 4 იანვრის იჯარის ხელშეკრულებაში არ იყო აღნიშნული, რომ მეიჯარემ მოიჯარეს გადასცა მისი საქმიანობისათვის საჭირო ინვენტარი და რომ მოიჯარეს საქმიანობა უნდა ეწარმოებინა აღნიშნული ინვენტარით. მოპასუხემ აღიარა, რომ მისი თანხმობით გ. კ-მა ააშენა პურის საცხობი ღუმელი, ხოლო აღნიშნული ღუმელის მშენებელი ხელოსნის _ ი. ლ-ის სანოტარო წესით დამოწმებული ახსნა-განმარტებიდან ირკვეოდა, რომ გ. კ-მა მას ღუმლის ასაშენებლად და საჭირო მასალის შესაძენად გადასცა დაახლოებით 2000 ლარამდე. ზემოთქმულის გათვალისწინებით, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სკ-ის 545-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 546-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეები ვალდებული იყვნენ, მოსარჩელეებისათვის აენაზღაურებინათ ღუმელის კომპენსაცია 1500 ლარის ოდენობით. ამასთან, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სს «მ-ს» უფლება ჰქონდა, მოეშალა საიჯარო ხელშეკრულება, რადგან გ. კ-ი გარდაიცვალა 2001წ. 16 ოქტომბერს, ხოლო მისმა მემკვიდრეებმა სკ-ის 590-ე მუხლით დადგენილი წესით, წერილობითი ფორმით, ექვსი თვის განმავლობაში არ მოითხოვეს იჯარის ხელშეკრულების გაგრძელება. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლო იყო მოსარჩელეთა მოთხოვნა იჯარის ხელშეკრულების დარჩენილი დროის განმავლობაში მოპასუხის ბრალით განაცდური შემოსავლის ანაზღაურების შესახებ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სს „მ-მა” სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოსარჩელეების სასარგებლოდ 1500 ლარის გადახდის ნაწილში და ამ ნაწილში მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მ., მ., კ. და ნ. კ-ების წარმომადგენელმა ვ. ჯ-მა შეიტანა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება მათი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 21 იანვრის განჩინებით სს «მ-ის» სააპელაციო საჩივარი და მ., ნ., კ. და მ. კ-ების შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 ივლისის გადაწყვეტილების პირველი პუნქტი, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კ-ების სარჩელი სს «მ-ზე» 1500 ლარის დაკისრების შესახებ, ხოლო დანარჩენ ნაწილში მათ უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ მოპასუხისათვის მოსარჩელეების სასარგებლოდ ღუმელის ღირებულების – 1500 ლარის გადახდის დაკისრების საფუძვლად მიუთითა სკ-ის 545-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გამქირავებელი ვალდებულია, დამქირავებელს აუნაზღაუროს ნივთზე გაწეული აუცილებელი ხარჯები, მაგრამ რაიონულმა სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ მიიჩნია ღუმელის აგება ნივთზე გაწეულ აუცილებელ ხარჯად. ამასთან, რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 546-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, დამქირავებელი უფლებამოსილია დაიტოვოს, ქირავნობის ნივთისათვის მიმატებული ნივთი, თუმცა მოსარჩელეებს არ უთხოვიათ სს „მ-ისაგან” ღუმელის მათთვის გადაცემა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გაურკვეველი იყო აღნიშნული მუხლის კავშირი მხარეთა შორის არსებულ დავასთან. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რაიონული სასამართლო ღუმელის ღირებულების განსაზღვრისას არასწორად დაეყრდნო ვინმე ი. ლ-ის ნოტარიალურად დამოწმებულ ახსნა-განმარტებას, რადგან ეს უკანასკნელი მხარეს არ წარმოადგენდა და ამის გამო მის ახსნა-განმარტებას მტკიცებულების ძალა არ ჰქონდა. მტკიცებულებად შეიძლებოდა მიჩნეულიყო მისი, როგორც მოწმის, ჩვენება, თუმცა მოწმის სახით, დადგენილი წესით, იგი არ დაკითხულა. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნივთების დაბრუნებაზე უარის თქმის ნაწილში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ამ ნაწილში გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელი იყო, რაც სსკ-ის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” პუნქტისა და 394-ე მუხლის „ე” პუნქტის თანახმად საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «მ-მა», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება საქმის უკან დაბრუნების ნაწილში და მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია კანონის დარღვევად რაიონული სასამართლოს მიერ სკ-ის 545-ე, 546-ე, 581-ე მუხლების გამოყენება და ი. ლ-ის ახსნა-განმარტებისათვის მტკიცებულების ძალის მინიჭება. სააპელაციო საჩივრის განხილვამ დაადასტურა, რომ მოსარჩელეებს უტყუარი მტკიცებულებები მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად წარმოდგენილი არ ჰქონდათ, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება არა საქმის უკან დაბრუნების შესახებ, არამედ თავად უნდა ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე. გაურკვეველი იყო, თუ რატომ იხელმძღვანელა სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტით, რამდენადაც დაუსაბუთებელი იყო, თუ რა სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება გახდა შეუძლებელი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს «მ-ის» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 იანვრის განჩინება, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი აქვს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის საქმის უკან დაბრუნება, ისევე როგორც საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, სააპელაციო სასამართლოს უფლებაა და არა ვალდებულება. მიუხედავად ამისა, აღნიშნული არ გულისხმობს, რომ სააპელაციო სასამართლოს შეუძლია პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს საქმე ყოველთვის, როდესაც აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება რაციონალური მართლმსაჯულებისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპებს, სსკ-ის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნამდვილ აზრს, რითაც მოცემულ შემთხვევაში შებოჭილია სააპელაციო სასამართლო, ამიტომ აღნიშნულმა სასამართლომ, რომელიც სსკ-ის თანახმად, ასევე, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს საქმე უკან უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მას თავად რეალურად გაუჭირდება რაიონული სასამართლოს მიერ საქმეზე შესრულებული წარმოების გაგრძელება, ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობის ხარისხისა და კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა მისი ფაქტობრივი და სამართლებრივი დაუსაბუთებულობის გამო, სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის საფუძველზე. კერძოდ, საქმის უკან დაბრუნების აუცილებლობა სააპელაციო სასამართლომ საჭიროდ ჩათვალა იმის გათვალისწინებით, რომ რაიონულმა სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ მიიჩნია ღუმელის აგება ნივთზე გაწეულ აუცილებელ ხარჯად. ასევე, სააპელაციო სასამართლომ საქმესთან შემხებლობის არმქონედ მიიჩნია რაიონული სასამართლოს მიერ სკ-ის 545-ე მუხლისა და 546-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენება და მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლო არასწორად დაეყრდნო ი. ლ-ის ნოტარიალურად დამოწმებულ ახსნა-განმარტებას, რადგან ეს უკანასკნელი მხარეს არ წარმოადგენდა და არც მოწმედ დაკითხულა დადგენილი წესით. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნივთების დაბრუნებაზე უარის თქმის ნაწილში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებები, რასაც სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს, არ განეკუთვნება ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეუძლებელს გახდიდნენ სააპელაციო სასამართლოში შესაბამის განხილვას და რომელთა გამოც გამართლებული იქნებოდა საქმის უკან გადაგზავნა. სააპელაციო სასამართლოს თვითონვე შეეძლო გამოერკვია, უნდა ყოფილიყო თუ არა გამოყენებული მოცემულ შემთხვევაში სკ-ის 545-ე და 546-ე მუხლები, შეეფასებინა, წარმოადგენდა თუ არა ღუმელის აგება ნივთზე გაწეულ აუცილებელ ხარჯს, მოწმის სახით დაეკითხა ი. ლ-ი და საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთნ ერთობლიობაში განესაზღვრა ღუმელის ღირებულება, თავად გამოეყენებინა კანონის შესაბამისი ნორმები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გარემოებები, რაზედაც სააპელაციო სასამართლომ საქმის უკან დაბრუნების საფუძვლად მიუთითა, ხარისხობრივად არ განეკუთვნება ისეთ გარემოებებს, რის გამოც მიზანშეწონილი იყო სსკ-ის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატას თავად არ გადაეწყვიტა საქმე და დაებრუნებინა რაიონულ სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

კასატორი სს «მ-ი» ფაქტობრივად, საკასაციო საჩივრით ითხოვს საქმეზე ახალი გადაწყვეტილების გამოტანას საკასაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელეთა მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა პროცესუალურად შეუძლებელია ინსტანციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმეზე ჯერ არ არსებობს არსებითი განხილვის შედეგად გამოტანილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შემდგომ საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობა ექნებოდა გადაეწყვიტა საბოლოო გადაწყვეტილების მის მიერ გამოტანის საკითხი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს «მ-ის» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.