დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 07.10.2013
საქმის ნომერი
174აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
07.10.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№174აგ-13 7 ოქტომბერი, 2013 წელი

ტ-ი გ, 174აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ტ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 თებერვლის განაჩენით გ. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გ. ტ-ს დაუდგინდა სასჯელის ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 ივნისის განაჩენით გ. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 236–ე მუხლის მეორე ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 2000 ლარი. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 4 წლით თავისუფლების აღკვეთას და ჯარიმას - 2000 ლარს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და გ. ტ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 2000 ლარი.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

გ. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი, 236–ე მუხლის მეორე ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და გ. ტ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი.

საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და გ. ტ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა – 2000 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ტ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–2 მუხლი და გაუნახევრდა საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე გ. ტ-ს ¼–ით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დანიშნული სასჯელი - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით, 1 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საბოლოოდ გ. ტ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან განესაზღვრა 5 წლით, 1 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ დანიშნული ჯარიმა – 2000 ლარი დარჩა უცვლელად „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–18 და მე–20 მუხლების საფუძველზე. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 16 თებერვლიდან.

2013 წლის 15 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. ტ-ა, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსს 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ტ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 იანვრის განჩინებაში შევიდა ცვლილება.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 იანვრის განჩინებით სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დანიშნულ სასჯელს - 4 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას და ჯარიმას - 2000 ლარის ოდენობით, ნაწილობრივ დაემატა საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთიდან – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ტ-ს მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 16 თებერვლიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 იანვრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული გ. ტ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენში ცვლილების შეტანასა და სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

მოცემულ შემთხვევაში, გ. ტ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ტ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ტ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი