განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 15.05.2013
საქმის ნომერი
2კ-1560-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
15.05.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№15601-13 15 მაისი, 2013 წელი

ლ-ე ე, 15601-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - დ. ბ-ის

ადვოკატ - ი. ლ-ის

მსჯავრდებულ - ე. ლ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ე. ლ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

იმერეთის პრობაციის ბიუროდან შემოსული პირადი საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 დეკემბრის განაჩენით ე. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, სსკ-ის 41-42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი, 381-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით და დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ე. ლ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებული ე. ლ-ე მთლიანად გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან.

მსჯავრდებულ ე. ლ-ეს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და აღნიშნული მუხლით განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით პირობითი მსჯავრი, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. ე. ლ-ეს აღუდგა ჩამორთმეული უფლებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ე. ლ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 მარტის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მეორე პუნქტით, რომლის თანახმადაც, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. მასვე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. რადგან ე. ლ-ე არის ადრე ნასამართლევი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლების მოთხოვნები.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევაზე.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება და მსჯავრდებულ ე. ლ-ეს გამოსაცდელ ვადად დანიშნული 2 წელი და 6 თვე უნდა შეუმცირდეს 3 თვით და უნდა განესაზღვროს გამოსაცდელი ვადა - 2 წელი და 3 თვე, რაც უნდა აეთვალოს 2011 წლის 26 დეკემბრიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ე. ლ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

მსჯავრდებულ ე. ლ-ეს გამოსაცდელ ვადად დანიშნული 2 წელი და 6 თვე შეუმცირდეს 3 თვით და განესაზღვროს გამოსაცდელი ვადა - 2 წელი და 3 თვე, რაც აეთვალოს 2011 წლის 26 დეკემბრიდან.

განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

№1560¹-13 18 ივლისი, 2013 წელი

ლ-ე ე, 1560¹-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: პაატა სილაგაძე

გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 15 მაისს მსჯავრდებულ ე. ლ-ს მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.

საკასაციო პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 15 მაისს მსჯავრდებულ ე. ლ-ს მიმართ გამოტანილ იქნა განჩინება, სადაც დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:

განჩინების აღწერილობით, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში მითითებულია წინადადება: ,,თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 მარტის განჩინება“, ნაცვლად წინადადებისა: ,,ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება“. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რომელიც აღმოფხვრილ უნდა იქნეს აღნიშნულ განჩინებაში.

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 15 მაისს მსჯავრდებულ ე. ლ-ს მიმართ გამოტანილ განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

განჩინების აღწერილობით, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში ჩაიწეროს: ,,ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება“. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რომელიც აღმოფხვრილ უნდა იქნეს აღნიშნულ განჩინებაში.

სხვა ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი