დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№15801-13 8 მაისი, 2013 წელი
ხ-ი ვ, 15801-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - გ. ქ-ის
მსჯავრდებულ - ვ.ხ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ვ. ხ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 თებერვლის განაჩენით ვ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი, 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 წელი განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 8 წელი განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 30 ივნისიდან.
2013 წლის 13 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №9 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ვ. ხ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ხ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებული ვ. ხ-ი „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა სსკ–ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ოთხი ეპიზოდი) და 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.
მსჯავრდებულ ვ. ხ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ვ. ხ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ვ. ხ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდისათვის) დანიშნული 6 თვით პირობითი მსჯავრი, 7 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით (პროპორციული წილი) შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით პირობითი მსჯავრი, 5 თვისა და 18 დღის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ვ. ხ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდისათვის) დანიშნული 6 თვით პირობითი მსჯავრი, 7 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით (პროპორციული წილი) შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით პირობითი მსჯავრი, 5 თვისა და 18 დღის გამოსაცდელი ვადით.
სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვ. ხ-ს მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 9 თვე ჩაეთვალა პირობით, 11 თვისა და 6 დღის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აპრილის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ვ. ხ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აპრილის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის 2013 წლის 12 აპრილის წერილით დგინდება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თანახმაა, მსჯავრდებულ ვ. ხ-ის მიმართ გავრცელდეს ამ კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნა. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლით და ვ. ხ-ი გაათავისუფლა სსკ–ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ოთხი ეპიზოდი) და 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. ვინაიდან მსჯავრდებული ვ. ხ-ი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 თებერვლის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ე. ი. მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნა.
მართალია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 თებერვლის განაჩენით ვ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, მაგრამ იგი იყო ადრე ნასამართლევი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ამდენად, მასზე სრულიად კანონიერად გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-18 მუხლით, რომლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აპრილის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ. ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი