დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა*
ას-789-1074-05 30 იანვარი, 2006
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა:
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ტ-კომ სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. ს-შვილის მიმართ და მიუთითა, რომ 1963 წლიდან ცხოვრობს ქ.თბილისში, ... ¹2-ის ბინა ¹5-ში, არ ჰყავს შვილები, ახლო ნათესავები და არის პენსიონერი. მან გაიცნო ნ. ს-შვილი, რომელმაც შესთავაზა, რომ მოუვლიდა და უპატრონებდა გარდაცვალებამდე, რის სანაცვლოდაც მოითხოვა ანდერძის შედგენა. მოსარჩელე დათანხმდა, რის შედეგადაც სანოტარო ბიუროში შეადგინეს ანდერძი. მოწმეები და თარჯიმანი ანდერძის შედგენას არ ესწრებოდნენ. მოსარჩელემ არ იცის ქართული წერა-კითხვა და არც საუბრიდან შეუძლია აზრის გამოტანა. მას უთხრეს, რომ შედგა ანდერძი, რაზედაც მოაწერა ხელი. ნ. ს-შვილი თავდაპირველად ყურადღებას აქცევდა მოსარჩელეს. 2000 წლის სექტემბერში კი მოსარჩელესთან მივიდა ნ. ს-შვილი და უთხრა, რომ გაჰყოლოდა ნოტარიუსთან, ვინაიდან ანდერძს 2-3 წელიწადში ერთხელ ხელახალი რეგისტრაცია და გაგრძელება სჭირდებოდა. მოსარჩელე გაჰყვა ნ.ს-შვილს სანოტარო ბიუროში, სადაც მას ხელი მოაწერინეს რაღაც დოკუმენტზე, რომლის შინაარსიც მისთვის არ განუმარტავთ. 2002 წლის ივნისში მოსარჩელე ავად გახდა და იწვა 3-4 თვე. ამ ხნის მანძილზე ნ.ს-შვილი მასთან არ მისულა. მოსარჩელეს უვლიდნენ და ყურადღებას აქცევდნენ მისი მეზობლები. ამის შემდგომ მოსარჩელემ გაიგო, რომ ბინა აღრიცხული იყო ნ.ს-შვილის სახელზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. მოსარჩელის განმარტებით, მას ბინა ნ.ს-შვილისათვის არ მიუყიდია, სანოტარო ბიუროში მისვლის ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ ნ.ს-შვილს ბინის სანაცვლოდ მისთვის ეპატრონა; იგი ბინას არ გაყიდდა, ვინაიდან არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი; ბინის გასაყიდად საბუთები მას არ მოუმზადებია; ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ გამყიდველმა მყიდველს ბინა უნდა დაუცალოს 2000 წლის 15 სექტემბერს; ნ. ს-შვილს ბინის დაცლა არ მოუთხოვია და მოსარჩელე დღემდე იქ ცხოვრობს; ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა მოტყუებით, ამიტომ მოსარჩელემ მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განარტა, რომ 1996 წელს მხარეთა შორის დაიდო ზეპირი შეთანხმება იმის შესახებ, რომ ნ. ს-შვილს უნდა ერჩინა მ.ტ-კო, რის სანაცვლოდაც, მოსარჩელის გარდაცვალების შემდეგ, დარჩებოდა ბინა, რაზედაც გაფორმდა ანდერძი. ნ.ს-შვილს მოსარჩელესთან მიჰქონდა საკვები პროდუქტები. 2000 წელს მ.ტ-კომ ნ.ს-შვილს შესთავაზა, რომ თავის სიცოცხლეში გადაეფორმებინა ბინა, რაც მოიყვანეს კიდეც სისრულეში. მართალია, ნ. ს-შვილს მოსარჩელესთვის ერთიანი ფული არ გადაუხდია, მაგრამ დახმარების სახით იმდენი დახარჯა, რომ ბინის ღირებულებაზე მეტს შეადგენს.
ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მ. ტ-კოსა და ნ. ს-შვილს შორის 2000 წლის 8 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეებს შორის მოტყუებით დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და იგი წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას, რომელსაც არანაირი იურიდიული შედეგი არ მოჰყოლია.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-შვილმა.
მ.ტ-კოს წარმომადგენელმა ზ. დიასამიძემ სააპელაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც მოითხოვა ნ.ს-შვილის სახელზე რიცხულ სადავო ბინაზე ყადაღის დადება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 19 მაისის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო ნ.ს-შვილის სახელზე რიცხულ სადავო ბინას.
სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ.ს-შვილმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 30 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ნ. ს-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ამ საქმეზე
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 19 მაისის განჩინება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი შეიტანა ნ. ს-შვილმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
მ. ტ-კოს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მ. ტ-კოსა და ნ. ს-შვილს შორის 2000 წლის 8 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. მხარეთა შორის დადებულად ჩაითვალა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომელიც შეწყდა მ.ტ-კოს მიერ მასზე უარის თქმის გამო. ქ.თბილისში‚ ... .¹2-ში მდებარე ბინა ¹5 საჯარო რეესტრში აღირიცხა მ. ტ-კოს სახელზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეები შეთანხმდნენ სამისდღეშიო რჩენაზე. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება მიზნად ისახავდა ნ.ს-შვილის საკუთრებაში ქონების გადასვლას მხოლოდ მომავალში. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ნ.ს-შვილი აღარ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, მ. ტ-კოს რჩენა-პატრონობა და მხარეთა შორის ურთიერთობა შეუძლებელია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-შვილმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, არ დანიშნა ექსპერტიზა, რომელიც შეამოწმებდა და დაადგენდა მ.ტ-კოს ჯანმრთელობის მდგომარეობას. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებს; სააპელაციო სასამართლო ვერ აკონკრეტებს მოსარჩელემ ხელშეკრულებაზე უარი ეთქვა, თუ მოითხოვა მისი შეწყვეტა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ. თბილისში ... ¹2-ში მდებარე ბინა ¹5 საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მ. ტ-კოს სახელზე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ (მოპასუხე) ნ. ს-შვილის განცხადების თანახმად, 1996 წელს მ. ტ-კოსა და ნ. ს-შვილს შორის დაიდო ზეპირი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ნ. ს-შვილმა იკისრა მ. ტ-კოს რჩენისა და მოვლის ვალდებულება, რის სანაცვლოდაც მას დარჩებოდა აღნიშნული ბინა მ. ტ-კოს გარდაცვალების შემდეგ.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2000 წლის 8 სექტემბერს მ. ტ-კოსა და ნ. ს-შვილის შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ნ. ს-შვილი აღირიცხა სადავო ბინის მესაკუთრედ.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ ნ. ს-შვილს მ. ტ-კოსათვის არ მიუცია ერთიანი თანხა. იგი მოსარჩელეს ყოველთვიურად აძლევდა გარკვეულ თანხას, ყიდულობდა პროდუქტებსა და წამლებს. ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ს-შვილი უვლიდა მ. ტ-კოს, დაჰყავდა იგი ექიმებთან და მიჰქონდა პროდუქტები. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული იყო სამისდღეშიო რჩენის შესახებ ხელშეკრულება.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
აღნიშნული ნორმის თანახმად, საკასაციო პალატა თვლის, სააპელაციო სასამართლომ კანონის დარღვევის გარეშე დაადგინა, რომ ნ. ს-შვილის განცხადების თანახმად, 1996 წელს მ. ტ-კოსა და ნ. ს-შვილს შორის დაიდო ზეპირი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ნ. ს-შვილმა იკისრა მ. ტ-კოს რჩენისა და მოვლის ვალდებულება, რის სანაცვლოდაც მას დარჩებოდა ბინა მ. ტ-კოს გარდაცვალების შემდეგ. სსკ-ის 131-ე მუხლით გათვალისწინებულია ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობა ან არარსებობის დადასტურების მტკიცებულების მიჩნევა, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს. აღიარების გაქარწლების სამართლებრივი საფუძველი გათვალისწინებულია სსკ-ის 133-ე მუხლში. განსახილველი ნორმის თანახმად, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარეს უფლება აქვს გაამახვილოს ყურადღება იმ გარემოებებზე, რომლებიც მიუთითებენ ამღიარებლის თავისუფალი ნების არარსებობაზე ან შეცდომაზე. საკასაციო საჩივარში არ არის აღნიშნული იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების გამოტანამდე ის ამახვილებდა ყურადღებას მის მიერ აღიარების მიმართ სუბიექტური დამოკიდებულების მართებულებაზე, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 133-ე მუხლით. აღნიშნულის გათვალისწინებით კასატორი არ უთითებს მტკიცებულებებსა და გარემოებებზე, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება არ დადებულა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.
ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს უძრავი ნივთის სარჩენის მიერ მარჩენალისათვის საკუთრებაში გადაცემას, რაც არ წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებას და განსხვავდება მისგან ამ ინსტიტუტისათვის დადგენილი თავისებურებებით.
სადავო ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული სამისდღეშიო რჩენის ინსტიტუტისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნები, რაც ასევე დადგენილ იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ, კერძოდ, სკ-ის 945-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს უფლება არა აქვს გაასხვისოს, დააგირავოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება სარჩენის წერილობითი თანხმობის გარეშე.
სკ-ის 941-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით).
იურიდიულ ფაქტს, რომელიც მიუთითებს აღნიშნული ურთიერთობის არსებობაზე, კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, რადგან იგი ითვალისწინებდა უძრავი ნივთის გადაცემას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 942-ე მუხლი), მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დავის საგანს წარმოადგენდა ამ ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, რაც აღიარა და დაადასტურა მოპასუხემ (კასატორმა), საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, მხარეთა შორის წარმოშობილი იყო სამისდღეშიო რჩენის შესახებ სახელშეკრულებო ვალდებულება, ხოლო 2000 წლის 8 სექტემბერს მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება კი სწორად ჩათვალა თვალთმაქცურ გარიგებად, რომლითაც დაიფარა სამისდღეშიო ხელშეკრულება.
სკ-ის 56-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
აღნიშნული ნორმით ურთიერთობის კვალიფიკაციისათვის აუცილებელია არსებობდეს გარიგების მონაწილეთა ნება (სურვილი), დაფარონ სხვა გარიგება, ე.ი. მხარეების სურვილი მიმართულია დაფარული გარიგებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევისაკენ. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ გარიგების მონაწილე მხარეები აცნობიერებენ და შეგნებულად უშვებენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ სხვა გარიგების დასაფარავად, რომელიც მათთვის წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს.
კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი არ უთითებს იმ მტკიცებულებებზე, რომლითაც არ დასტურდება, რომ მ. ტ-კოს სურდა სამისდღეშიო ხელშეკრულების ნაცვლად ნასყიდობის ხელშეკრულების დადება, რაც არ შეაფასა ან არასათანადოთ შეაფასა სააპელაციო სასამართლომ.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მ. ტ-კო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საჭიროებდა მოვლა-პატრონობას, ამიტომ იგი შეუთანხმდა ნ. ს-შვილს, რომ გადასცემდა მის საკუთრებაში არსებულ ქონებას, რომლის განკარგვის უფლება მოპასუხეს ექნებოდა მოსარჩელის გარდაცვალების შემდეგ. ამდენად, მ. ტ-კოს სურდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნ. ს-შვილისათვის გადაცემა სამისდღეშიო რჩენის უფლება-ვალდებულებებიდან გამომდინარე.
მით უმეტეს, გასათვალისწინებელია, რომ საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, 1996 წლიდან 2000 წლის 8 სექტემბრამდე ნ. ს-შვილი უვლიდა და ინახავდა მ. ტ-კოს, რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 2000 წლის 8 სექტემბერის ხელშეკრულების დადებიდან დღემდე მან უფლება მისცა მ. ტ-კოს ესარგებლა სადავო ფართით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.
კასატორი უთითებს, რომ სასამართლო გასცდა მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებს, რადგან აამოქმედა დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები, ხოლო შემდეგ შეწყვიტა იგი. კასატორი ამავე დროს უთითებს, რომ სასამართლომ უნდა გაარკვიოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე, კერძოდ, ხელშეკრულების შეწყვეტას თუ ხელშეკრულებიდან გასსვლას, რადგან ისინი სხვადასხვა სამართლებრივ შედეგს იწვევენ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების არსებობის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია გამოიყენოს დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები, რადგან თვალთმაქცური ურთიერთობების დადგენის შემთხვევაში, მხარეთა შორის ის უფლება-ვალდებულებები არსებობს, რომლებიც დაფარულია თვალთმაქცური გარიგებით. ამდენად, სასამართლომ უნდა გამოიყენოს მხარეთა შორის ფაქტობრივად წარმოშობილი ვალდებულების წესები. კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2000 წლის 8 სექტემბერს მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით დაიფარა სამისდღეშიო ხელშეკრულება, რომლის წესები გათვალისწინებულია სკ-ის 941-950-ე მუხლებით, რაც სწორად იყო გამოყენებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.
ამავე კოდექსის 949-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაცემული უძრავი ქონება ხელშეკრულების შეწყვეტისას უბრუნდება სარჩენს, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები მარჩენალს არ უბრუნდება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამისდღეშიო ხელშეკრულების შეწყვეტა არის უარის თქმა ამ ხელშეკრულებაზე, რაც წარმოადგენს ცალმხრივი ნების გამოვლენას.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა მათ შორის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების უფლება-ვალდებულებების შეწყვეტა (რომლის საწინააღმდეგოდ არ არის მითითებული საკასაციო საჩივარში), რომლის უფლება მოსარჩელეს მინიჭებული აქვს ზემოაღნიშნული ნორმით, სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებში (მოსარჩელე ითხოვდა მისი ბათილად ცნობას სკ-ის 56-ე მუხლის თანახმად) ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემთხვევაში, სკ-ის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებული იყო გამოეყენებინა დაფარული გარიგებისათვის, კერძოდ, სკ-ის 949-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
* am saqmesTan dakavSirebiT ix. susg 2004, # 11, samoq., gv. 2690-2691.