გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 23.06.2005
საქმის ნომერი
ას-836-1078-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-836-1078-04 23 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ლ.გოჩელაშვილი

დავის საგანი სარჩელში: მინდობილობის და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; შეგებებულ სარჩელში – შეძენილი უძრავი ქონების უკან დაბრუნების ვალდებულების არარსებობის აღიარება.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ჭ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე მ. ღ-ის მიმართ და მოითხოვა მინდობილობის, ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მან თავისი სარჩელი იმით დაასაბუთა, რომ მის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა საცხოვრებელი ბინა, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ... აღნიშნული ბინა 2001წ. 9 ოქტომბერს, როდესაც ლ. ჭ-ი იმყოფებოდა საბერძნეთში, მისმა შვილმა, მოპასუხე ვ. ე-მა მიჰყიდა მ. ღ-ს, რის შესახებაც მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2002წ. თებერვალში. ვ. ე-მა ისესხა მ. ღ-ისაგან 7500 აშშ დოლარი და ვინაიდან ვერ შეძლო ვალის დაბრუნება, იგი იძულებული გახდა გადაეფორმებინა მ. ღ-ისათვის ლ. ჭ-ის სახელზე რიცხული ბინა, რისთვისაც გამოყენებულ იქნა ყალბი მინდობილობა, დამოწმებული ნოტარიუს ი. ნ-ის მიერ 2001წ. 14 სექტემბერს. მოსარჩელეს არ მიუცია თანხმობა ვ. ე-ისათვის ბინის განკარგვაზე, რის გამოც მოითხოვა 2001წ. 14 სექტემბერს გაფორმებული მინდობილობის, 2001წ. 9 ოქტომბრის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მ. ღ-ის საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლება.

მ. ღ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: ლ. ჭ-ისა და ვ. ე-ის მიმართ და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში იმის აღიარება, რომ მას არ ეკისრება ვალდებულება, დაუბრუნოს შეძენილი ბინა ლ. ჭ-ს სკ-ის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად. მ. ღ-ის განმარტებით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქონების მისთვის გადაცემა შეესაბამებოდა ზნეობრივ მოვალეობებს და ამასთან, მას კეთილსინდისიერად შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა ბინის გადაცემა.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ჭ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ლ. ჭ-ის სახელით 2001წ. 14 სექტემბერს გაცემული მინდობილობა, მ. ღ-ს და ვ. ე-ს შორის 2001წ. 9 ოქტომბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება; ლ. ჭ-ის სასარჩელო მოთხოვნა უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

მ. ღ-ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; აღიარებულ იქნა, რომ ლ. ჭ-ს არ გააჩნია 2001წ. 9 ოქტომბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მ. ღ-ის მიერ შეძენილი ქონების დაბრუნების მოთხოვნის უფლება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ლ. ჭ-მა;

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. ღ-ის წარმომადგენელმა მ. ს-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. ჭ-ის სარჩელი _ ბათილად იქნა ცნობილი ლ. ჭ-ის სახელით 2003წ. 14 სექტემბერს გაცემული მინდობილობა. სარჩელს დანარჩენ ნაწილში ეთქვა უარი. არ დაკმაყოფილდა მ. ღ-ის შეგებებული სარჩელი.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ. ჭ-ის საბერძნეთში სამუშაოდ ყოფნის პერიოდში, მისმა შვილმა ვ. ე-მა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით ლ. ჭ-ის სახელით გაასხვისა საკუთრებაში რიცხული ბინა მ. ღ-ზე 7500 აშშ დოლარად, რის თაობაზეც ვ. ე-სა და მ. ღ-ს შორის 2001წ. 9 ოქტომბერს დაიდო სანოტარო წესით დამოწმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება და ქ. თბილისში, ... მდებარე სადავო ბინა 25 საკუთრების უფლებით აღირიცხა საჯარო რეესტრში ბინის შემძენზე _ მ. ღ-ზე.

იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის მიერ ჩატარებული კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნით, ვ. ე-ის მიერ წარმოდგენილი, 2001წ. 14 სექტემბერს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა უძრავი ქონების განკარგვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე ხელმოწერილია არა ლ. ჭ-ის, არამედ _ სხვა პირის მიერ.

სააპელაციო სასამართლომ სკ-ის 103-ე მუხლის საფუძველზე მიუთითა, რომ, ვინაიდან ლ. ჭ-ს ბინის გაყიდვის უფლებამოსილება არ მიუცია ვ. ე-ისათვის და მინდობილობაზე არ არის ლ. ჭ-ის ხელის მოწერა, ამიტომ სასამართლომ ეს მინდობილობა ბათილად ჩათვალა.

მინდობილობის ბათილად ცნობის მიუხედავად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იგი საფუძვლად ვერ დაედება ამ მინდობილობით დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, რადგან ლ. ჭ-ს კეთილსინდისიერად ეგონა ასეთ უფლებამოსილების არსებობა, მას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, მინდობილობა ყალბ დოკუმენტად მიეჩნია, ამიტომ არ მოითხოვა მინდობილობის საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას ნოტარიუსისაგან დასტური მის ნამდვილობაზე.

სააპელაციო პალატამ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოიყენა სკ-ის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილი და მიუთითა შემდეგზე : თუ გარიგების დადებისას წარმოდგენილი არ მიუთითებს თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე, მაშინ გარიგება წარმოშობს შედეგებს უშუალოდ წარმოდგენილი პირისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეორე მხარეს უნდა ევარაუდა წარმომადგენლობის შესახებ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა მხარისათვის სულ ერთია, ვისთან დებს გარიგებას.

ასეთ ვითარებაში კი მოცემული გარიგება წარმოდგენილი პირისათვის, ანუ ლ. ჭ-ისათვის, წარმოშობს შედეგებს, რის გამოც სადავო ბინის ნასყიდობის გარიგება ბათილად არ იქნა ცნობილი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ლ. ჭ-ის საკუთრების უფლება სადავო ბინაზე ხელყო მისმა შვილმა ვ. ე-მა, რომელმაც ამ უკანასკნელის ნების გარეშე, ყალბი მინდობილობით გაასხვისა მისი პირადი საკუთრების ბინა, რის გამოც მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ ლ. ჭ-მა უნდა მიმართოს ვ. ე-ს სკ-ის 982-ე მუხლის საფუძველზე. სკ-ის 185-ე მუხლით დაცულია შემძენის ინტერესები. მითითებული ნორმით შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მ. ღ-მა, საჯარო რეესტრის ჩანაწერებიდან გამომდინარე, სარწმუნოდ ჩათვალა, რომ ბინის მესაკუთრე ლ. ჭ-ს სურდა რა ბინის გასხვისება, მისცა თავის შვილს _ ვ. ე-ს მინდობილობა ბინის გასხვისების უფლებამოსილების თაობაზე და მის ნამდვილობაში ეჭვიც არ შეპარვია, ანუ კეთილსინდისიერად ეგონა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არსებობა.

სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა აპელანტი ლ. ჭ-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვ. ე-სა და მ. ღ-ს შორის არსებობდა ზეპირი სესხის ხელშეკრულება და ბინის ნასყიდობის ნაცვლად ვ. ე-ს სურდა იპოთეკის ხელშეკრულების დადება და მოატყუეს.

სესხის ხელშეკრულების არსებობა თავის მხრივ უარყო მ. ღ-მაც. სკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება სარწმუნო მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებობდა რაიმე გარიგება სესხის თაობაზე და ბინის ნასყიდობა იყო მოჩვენებითი, ბინის შედარებით დაბალ ფასში გაყიდვა კი არ შეიძლება გახდეს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი სკ-ის 55-ე მუხლიდან გამომდინარე, როგორც ეს მოსარჩელე ლ. ჭ-მა მოითხოვა.

სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ლ. ჭ-ის მოთხოვნა მ. ღ-ის მფლობელობიდან ბინის გამოთხოვის თაობაზე, რადგან იგი ამ ბინის კეთილსინდისიერ შემძენად ჩათვალა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან ლ. ჭ-ს არ გააჩნია ბინის გამოთხოვის უფლება, რადგან ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება არ უნდა იქნეს ბათილად ცნობილი, შესაბამისად, მ. ღ-ის აღიარებითი შეგებებული სარჩელიც არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ლ. ჭ-ის წარმომადგენელმა ე. დ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. მისი საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ სააპელაციო სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ ბათილად ცნო მინდობილობა, ბათილად არ ცნო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. სასამართლომ მ. ღ-ი ჩათვალა კეთილსინდისიერ შემძენად და არ დააკმაყოფილა ლ. ჭ-ის მოთხოვნა მ. ღ-ის მფლობელობიდან ბინის გამოთხოვის თაობაზე იმ მოტივით, რომ იგი კეთილსინდისიერი შემძენია. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სკ-ის 170-ე მუხლი და ამავე კოდექსის 172-ე მუხლი.

საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის მიერ ჩატარებული კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ 2001წ. 14 სექტემბრით დათარიღებული მინდობილობა უძრავი ქონების განკარგვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე ხელმოწერილია არა ლ. ჭ-ის, არამედ სხვა პირის მიერ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ლ. ჭ-ს არ გამოუხატავს ნება, თავისი უძრავი ნივთი განეკარგა შვილს _ ვ. ე-ს.

მ. ღ-მა შეგებებული საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით თავისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. მ. ღ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ლ. ჭ-ს სარჩელში სადავო მინდობილობის და ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილობასთან ერთად არ მოუთხოვია ამ ხელშეკრულებების საფუძველზე განხორციელებულ შესრულებათა უკან დაბრუნება. გარიგების ბათილობა კი ავტომატურად არ იწვევს რესტიტუციას; აღნიშნული უნდა მოწესრიგდეს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით; ლ. ჭ-ის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის შემთხვევაშიც არ გააჩნია მ. ღ-ისაგან ბინის გამოთხოვის უფლება სკ-ის 976-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე. სწორედ ამის აღიარება მოითხოვა მ. ღ-მა შეგებებული სარჩელით და შეგებებული საკასაციო საჩივრით. სკ-ის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ლ. ჭ-ს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შეუძლია არა მ. ღ-ისაგან, არამედ თავისი შვილის – ვ. ე-ისაგან, რომელმაც ხელყო მისი საკუთრების უფლება. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორს დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ამიტომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნაც უსაფუძვლოა; სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა და დაეკმაყოფილებინა შეგებებული სარჩელი იმისდა მიუხედავად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, ლ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის და მ. ღ-ის შეგებებული საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მ. ღ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 მაისის გადაწყვეტილება ლ. ჭ-ის სარჩელზე უარის თქმის, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგი გარემოებების გამო:

წარმომადგენლობის ინსტიტუტის მეშვეობით საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეს შეუძლია, ბინის გაყიდვის ნება უშუალოდ არ გამოავლინოს, არამედ სკ-ის 103-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მას შეუძლია ბინის გაყიდვა წარმომადგენლის მეშვეობით, რაც იმავე კოდექსის 183-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადებიდანაც გამომდინარეობს, მაგრამ საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბინის გასხვისებისას წარმომადგენლობა არ იყო ნამდვილი, ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხის გადასაწყვეტად არასწორად გამოიყენა სკ-ის 185-ე მუხლი. სკ-ის 185-ე მუხლით დაცულია კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესები. მითითებული ნორმით, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მ. ღ-მა, საჯარო რეესტრის ჩანაწერებიდან გამომდინარე, სარწმუნოდ ჩათვალა, რომ ბინის მესაკუთრე ლ. ჭ-ს სურდა რა ბინის გასხვისება, მისცა თავის შვილს _ ვ. ე-ს მინდობილობა ბინის გასხვისების უფლებამოსილების თაობაზე. სააპელაციო პალატამ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ 185-ე მუხლის დებულებანი იცავენ კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებს მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემთა სისწორის და რეგისტრირებული მესაკუთრის, უფლებამოსილების მიმართ. განსახილველ შემთხვევაში კი ლ. ჭ-ის, როგორც ბინის მესაკუთრის, უფლებამოსილება არ არის სადავო და იგი დავის საგანს არ წარმოადგენს. სადავოა, მხოლოდ ლ. ჭ-ის, როგორც ბინის მესაკუთრის სახელით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას წარმომადგენლობის უფლებამოსილების ნამდვილობა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ მოცემული დავის გადაწყვეტისას არასწორად გამოიყენა სკ-ის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილი და მიუთითა, რომ, თუ გარიგების დადებისას წარმოდგენილი არ მიუთითებს თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე, მაშინ გარიგება წარმოშობს შედეგებს უშუალოდ წარმოდგენილი პირისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეორე მხარეს უნდა ევარაუდა წარმომადგენლობის შესახებ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა მხარისათვის სულ ერთია, ვისთან დებს გარიგებას. ამ ნორმის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული გარიგება წარმოდგენილი პირისათვის ანუ ლ. ჭ-ისათვის წარმოშობს შედეგებს, რის გამოც სადავო ბინის ნასყიდობის გარიგება ბათილად არ იქნა ცნობილი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ეს ნორმა მიუთითებს ისეთ შემთხვევაზე, როდესაც წარმომადგენელი საერთოდ არ მიუთითებს თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე, მაგრამ მის მიერ დადებული გარიგება წარმოდგენილი პირისათვის სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს იმ შემთხვევაში, თუ გარიგების მეორე მხარეს ან უნდა ევარაუდა წარმომადგენლობის შესახებ, ან კიდევ მისთვის სულ ერთია, ვისთან დადებს გარიგებას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან წარმომადგენელმა წარუდგინა ბინის მყიდველს მინდობილობა იმის შესახებ, რომ იგი მოქმედებდა ბინის მესაკუთრის სახელით, ამიტომ ბინის მყიდველი – მ. ღ-ისათვის სულ ერთი არ უნდა ყოფილიყო, ვის უძრავ ქონებას _ ბინას ყიდულობდა, რადგან სკ-ის 183-ე მუხლით და 323-ე მუხლით იმპერატიულად არის დადგენილი უძრავი ქონების შეძენის წესი.

სააპელაციო სასამართლომ სკ-ის 103-ე მუხლის საფუძველზე მიუთითა, რომ ვინაიდან ლ. ჭ-ს ბინის გაყიდვის უფლებამოსილება არ მიუცია ვ. ე-ისათვის და მინდობილობაზე არ არის ლ. ჭ-ის ხელის მოწერა, ამიტომ სასამართლომ ეს მინდობილობა ბათილად ჩათვალა.

მინდობილობის ბათილად ცნობის მიუხედავად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იგი საფუძვლად ვერ დაედება ამ მინდობილობით დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, რადგან ლ. ჭ-ს კეთილსინდისიერად ეგონა ასეთ უფლებამოსილების არსებობა, მას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, მინდობილობა ყალბ დოკუმენტად მიეჩნია, ამიტომ არ მოითხოვა მინდობილობის საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას ნოტარიუსისაგან დასტური მის ნამდვილობაზე. საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს ამგვარი მოსაზრება, რადგან სასამართლომ არ მიუთითა მატერიალური სამართლის იმ კონკრეტულ ნორმაზე, რომლითაც გათვალისწინებულია კეთილსინდისიერების პრეზუმფცია წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არსებობის მიმართ.

დადგენილია, რომ მ. ღ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: ლ. ჭ-ისა და ვ. ე-ის მიმართ და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში იმის აღიარება, რომ მას არ ეკისრება ვალდებულება, დაუბრუნოს შეძენილი ბინა ლ. ჭ-ს სკ-ის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად. მ. ღ-ის განმარტებით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქონების მისთვის გადაცემა შეესაბამებოდა ზნეობრივ მოვალეობებს და ამასთან, მას კეთილსინდისიერად შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა ბინის გადმოცემა.

საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ, ვინაიდან სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად არ უნდა იქნეს ცნობილი, ამიტომ ლ.ჭ-ს არ გააჩნია ამ ბინის გამოთხოვის უფლება და, შესაბამისად, მ.ღ-ის აღიარებითი სარჩელიც უსაფუძვლოდ მიიჩნია. სააპელაციო სასამართლომ არ მიუთითა მატერიალური სამართლის იმ კონკრეტულ ნორმაზე, რომლის საფუძველზეც არ დააკმაყოფილა შეგებებული სარჩელი.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე არ არის იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი, სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ჭ-ის წარმომადგენელი ე. დ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

მ. ღ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 მაისის გადაწყვეტილება ლარის ჭ-ს სარჩელზე უარის თქმის ნაწილში; მ. ღ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

დანარჩენ ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.