განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№19111-13 31 ივლისი, 2013 წელი
ხ-ი მ., 19111-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ლ. ქ-ის
მსჯავრდებულ _ მ. ხ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ხ-ის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 მაისის განაჩენით მ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი – ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი და სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 26 ოქტომბრიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის განაჩენით მ. ხ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 4 წლით, ხოლო 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით მ. ხ-ს განესაზღვრა 6 წლით, ხოლო განაჩენთა ერთობლობით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 30 მარტიდან.
2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. ხ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ხ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ხ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 3 წლით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 3 წლით, ხოლო 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მ. ხ-ს მოსახდელად დარჩა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 30 მარტიდან; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ხ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ ამჟამად დაზარალებული გ. ს-ე ოჯახთან ერთად წასულია საქართველოდან და მისი ადგილსამყოფლის დადგენა ვერ ხერხდება, თუმცა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენის დადგენის დროს მან განაცხადა თანხმობა, მ. ხ-თან დამტკიცებულიყო საპროცესო შეთანხმება, რადგან ზიანი ანაზღაურებული ჰქონდა და პრეტენზია არ გააჩნდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ითხოვს მისი საქმის განხილვას და სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ მ. ხ-ისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელების ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის ამ განაჩენით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა - კანონიერია.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან პირი თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ამაზე თანხმობას განაცხადებს დაზარალებული (ან მისი უფლებამონაცვლე). იქიდან გამომდინარე, რომ დაზარალებულს არ განუცხადებია თანხმობა მსჯავრდებულ მ. ხ-ის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლების თაობაზე, მის მიმართ ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მოქმედება. შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ მ. ხ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება - ასევე კანონიერია, ვინაიდან მის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული და მასზე ვერ გავრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის 1-ლი–მე-15 მუხლების მოქმედება. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ მ. ხ-ს უნდა შეუმცირდეს აღნიშნული მუხლით დანიშნული და არა - მოუხდელი სასჯელი, კერძოდ: ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და უნდა განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი უნდა ჩაეთვალოს მოხდილად. შესაბამისად, ამ განაჩენით უნდა განესაზღვროს 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა დაემატოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის განაჩენით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 4 წელს, 6 თვეს და საბოლოოდ სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ხ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი ჩაეთვალოს მოხდილად.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ მ. ხ-ს საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე