დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 14.11.2013
საქმის ნომერი
287აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
14.11.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№287აგ-13 14 ნოემბერი, 2013 წელი

ო-ი ზ.- 287აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ო-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 14 დეკემბრის განაჩენით, რომლითაც შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 მარტის განაჩენი, ზ. ო-ი, ნასამართლევი (გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 10 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა), ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,დ“, მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით - 10 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 7 წლით, ხოლო საბოლოოდ - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2005 წლის 30 ივლისიდან.

უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 20 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი სააპელაციო პალატის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ზ. ო-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები, რის შედეგადაც განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ და იგი დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ზ. ო-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის დანიშვნას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქურდობისათვის ნასამართლევმა ზ. ო-მა დამამძიმებელ გარემოებებში ჩაიდინა მკვლელობა და ყაჩაღობა. კანონიერ ძალაში შესულ განაჩენში მითითებულია, რომ ზ. ო-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ აქვს.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულს სსკ-ის 109-ე მუხლით მიესაჯა კანონით გათვალისწინებული ზომის მინიმუმი, ხოლო 179-ე მუხლით - მინიმუმზე ერთი წლით მეტი. ამასთან, ამნისტიის საფუძველზე ზ. ო-ს საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის უფრო მეტად შემცირება, მით უფრო - შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, აშკარად უსამართლოა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენი ზ. ო-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი