დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 15.11.2013
საქმის ნომერი
311აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
15.11.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№311აგ-13 15 ნოემბერი, 2013 წელი

კ-ე ლ, 311აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 ივლისის განაჩენით ლ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და 19,184-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 ნოემბრის განაჩენით ლ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავების დრო - 2005 წლის 2 ივლისიდან 2005 წლის 4 ივლისის ჩათვლით.

თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 მარტის განაჩენით ლ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ლ. კ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სრულად დაემატა ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. კ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ლ. კ-ს განაჩენით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით. დარჩენილი შეადგენს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 აპრილის განჩინებით თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ლ. კ-ე გათავისუფლდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,184-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ლ. კ-ს გაუნახევრდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 1 წელსა და 6 თვეს.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ლ. კ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 1 წელსა და 6 თვეს. იმის გათვალისწინებით, რომ მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავების დრო - 2005 წლის 2 ივლისიდან 2005 წლის 4 ივლისის ჩათვლით, სულ - 3 დღე, მას დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და განესაზღვრა 1 წლით, 5 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 1 წელი და 6 თვე და მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ლ. კ-ს თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 9 თვეს.

საბოლოოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს - 9 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 2 წელი, 11 თვე, 27 დღე და მსჯავრდებულ ლ. კ-ს მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით, 8 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 1 მარტიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ლ. კ-მ და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სსკ–ის 59–ე მუხლში (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს) 2013 წლის 17 აპრილის კანონით შესულია ცვლილება, რომელიც ამსუბუქებს მის მდგომარეობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ლ. კ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 მარტის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ლ. კ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. კ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ლ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი