დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 19.11.2013
საქმის ნომერი
336აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
19.11.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №336აგ-13 19 ნოემბერი, 2013 წელი

ს-ი ვ., 336აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ს-ის საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის განაჩენით ვ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ “ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 2 წლით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 3 წლით, ხოლო 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით ვ. ს-ს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი, 11 თვე, 19 დღე და საბოლოოდ მიესაჯა 13 წლით, 11 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა, 8 წლის, 11 თვისა და 19 დღის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი – ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსახდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 31 მაისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ვ. ს-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 28 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 3 წელი და 9 თვე პირობითი მსჯავრი, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

2013 წლის 22 მაისს მსჯავრდებულმა ვ. ს-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ვ. ს-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის განაჩენი და 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ვ. ს-ი საკასაციო საჩივრებით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის განაჩენის გაუქმებას, სასჯელის საბოლოო ზომის განსაზღვრას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით და პირობითი სასჯელის მოხსნას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, უცვლელად დაეტოვებინა გადასასინჯი გადაწყვეტილება.

მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების ან შთანთქმის წესის გამოყენება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის განაჩენი ვ. ს-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე