დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 15.11.2013
საქმის ნომერი
447აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
15.11.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№447აგ-13 15 ნოემბერი, 2013 წელი

ბ-ი ნ, 447აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 ივლისის განაჩენით ნ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 23 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლებისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. ნ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 7 ივნისიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ბ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ნ. ბ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელი - 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ერთი მეოთხედით შემცირების შედეგად შეადგენს თავისუფლების აღკვეთას 2 წლისა და 3 თვის ვადით.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულ ნ. ბ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა - შესაბამისად, შეუმცირდა პირობით მსჯავრად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც ერთი მეოთხედით შემცირების შედეგად შეადგენს თავისუფლების აღკვეთას 3 წლით, რომლის მოხდის წესი - პირობითი მსჯავრი შენარჩუნდა. ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა გამოსაცდელი ვადა და აღნიშნულის შემცირების შედეგად დაუდგინდა გამოსაცდელი ვადა - 3 წელი და 9 თვე.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ზემოაღნიშნული ამნისტიის გამოყენების შედეგად დარჩენილი სასჯელები შეიკრიბა და ნ. ბ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 3 თვის ვადით - განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით - შეეცვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი და 9 თვე. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 7 ივნისიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.

2013 წლის 24 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ნ. ბ-ა და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის განაჩენის გადასინჯვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სსკ–ის 59–ე მუხლში (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს) 2013 წლის 17 აპრილის კანონით შესულია ცვლილება, რომელიც ამსუბუქებს მის მდგომარეობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ნ. ბ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 ივლისის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ნ. ბ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს შთანთქმის პრინციპის გამოყენებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ნ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი