დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№497აგ-13 12 ნოემბერი, 2013 წელი
გ-ი ი.- 497აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 იანვრის განაჩენით ი. გ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამავე სასამართლოს 2009 წლის 5 სექტემბრის დადგენილებით ი. გ-ი გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან პირობით, ვადაზე 5 თვითა და 5 დღით ადრე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის განაჩენით ი. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე მიესაჯა 2 წლით, 6 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და მოუხდელი ზომა - 5 თვე, 5 დღე და საბოლოოდ მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2011 წლის 28 ნოემბრიდან.
ამავე სასამართლოს 2012 წლის 21 მარტის განაჩენით ი. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა 2012 წლის 28 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 8 თვე, 7 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით, 8 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2012 წლის 21 მარტიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მაისის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებული ი. გ-ი გათავისუფლდა 2009 წლის 12 იანვრისა და 2012 წლის 28 თებერვლის განაჩენებით სსკ-ის 273-ე და 180-ე მუხლებით დანიშნული სასჯელებისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა 2012 წლის 21 მარტის განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლით დანიშნული 3 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2012 წლის 21 მარტიდან.
2013 წლის 17 მაისს მსჯავრდებულმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის ცვლილებების საფუძველზე მოითხოვა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულის შუამდგომლობა ცნობილ იქნა დაუშვებლად.
მსჯავრდებული ი. გ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს: სასჯელის ათვლა დაეწყო 2012 წლის 21 მარტიდან - ბოლო განაჩენის მიღების დღიდან, რა დრომდეც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი - 4 თვე - მოხდილად არ ჩაეთვალა; ფაქტობრივად, სასჯელთა შეკრების პრინციპით მოსახდელი ზომა შეადგენს 2 წელსა და 7 თვეს; სასჯელს უკანონოდ იხდის, რადგან ასევე უკანონოდ გაასამართლეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით (დანაშაულთა ერთობლიობით) განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში (დანაშაულთა ერთობლიობის დროს) საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებული ი. გ-ი ამნისტიის საფუძველზე სრულად გათავისუფლდა წინა ორი განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან და მას მოსახდელი აქვს ბოლო განაჩენით მხოლოდ ერთი მუხლით დანიშნული ზომა. ამდენად, არ არსებობს დანაშაულთა ერთობლიობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება კანონით გათვალისწინებული რომელიმე ახლად გამოვლენილი გარემოება, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის განჩინება ი. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი