დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№626აგ-13 28 ნოემბერი, 2013 წელი
ჩ-ე გ, 626აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჩ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. კ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 ივლისის განაჩენით გ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2008 წლის 18 იანვრიდან 2008 წლის 21 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 ივნისის განაჩენით გ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი, 8 თვე და 26 დღე და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით, 2 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 3 იანვრიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 20 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ჩ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა 1/4¼-ით და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის, 9 თვისა და 22 დღის ვადით.
მასვე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა 1/4-ით და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 4 თვისა და 15 დღის ვადით და საბოლოოდ გ. ჩ-ს მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის, 2 თვისა და 7 დღის ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 3 იანვრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა 2008 წლის 18 იანვრიდან 2008 წლის 28 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. ჩ-მ, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 ივნისის განაჩენში გ. ჩ-ს მიმართ შევიდა ცვლილება, კერძოდ:
გ. ჩ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით შემცირებული სასჯელებიდან: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სასჯელს – თავისუფლების აღკვეთას 3 წლის, 4 თვისა და 15 დღის ვადით - დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 ივლისის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის, 4 თვისა და 15 დღის ვადით. გ. ჩ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 3 იანვრიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 ივნისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული გ. ჩ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას.
მსჯავრდებული გ. ჩ-ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. კ-ე საკასაციო საჩივრებით ითხოვენ ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის სწორად გამოყენებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში, გ. ჩ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ჩ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
რაც შეეხება მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის სწორად გამოყენების თაობაზე, საკასაციო პალატა ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ჩ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. კ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი