დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №162აგ-13 24 დეკემბერი, 2013 წელი
ჯ-ე გ.-162აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 ივნისის განაჩენით გ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,კ“ და ,,ო“ ქვეპუნქტებით - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 120-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ჯ-ეს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2004 წლის 21 ივლისიდან.
ამავე განაჩენით ა. ბ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 120-ე მუხლით, რისთვისაც შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 7 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 15 ნოემბრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 15 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ჯ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე გ. ჯ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო - 2004 წლის 21 ივლისიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განჩინებით გ. ჯ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ არ იქნა დაშვებული განსახილველად. სააპელაციო პალატამ განჩინების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ 2013 წლის 17 აპრილს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებებით მსჯავრდებულის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. შესაბამისად, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განჩინების თაობაზე გ. ჯ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებული საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განაჩენის გაუქმებასა და სასჯელის დანიშვნას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით (სასჯელის შემსუბუქებას).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ. ჯ-ეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 15 ნოემბრის განაჩენით სასჯელი დანიშნული აქვს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, შესაბამისად, საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. ჯ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ გ. ჯ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი