დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№191აგ-13 9 დეკემბერი, 2013 წელი
შ-ი გ.- 191აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. შ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 ივნისის განაჩენით გ. შ-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2005 წლის 11 აგვისტოდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 ივლისის დადგენილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 ივნისის განაჩენი დაზუსტდა, კერძოდ: გ. შ-ს სასჯელის ვადა აეთვალა 2005 წლის 8 ნოემბრიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის განაჩენით გ. შ-ი, - ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 19,379-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და გ. შ-ს სასჯელად განესაზღვრა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 8 წელი, 4 თვე, 27 დღე და განაჩენთა ერთობლიობით გ. შ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით, 10 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2008 წლის 14 მარტიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით გ. შ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 19,379-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 ივნისის განაჩენით სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელები, რის შედეგადაც მას განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა - 11 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2005 წლის 8 ნოემბრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივნისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა გ. შ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის განაჩენი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის განაჩენის თაობაზე გ. შ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა, 2013 წლის 17 აპრილს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, მის მიმართ დანიშნული სასჯელის ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა (სასჯელის შემცირება).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.
იმის გათვალისწინებით, რომ გ. შ-ი 2006 წელს გასამართლებულია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 19,379-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის განაჩენი) სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმესა და რაოდენობას, ასევე იმ გარემოებას, რომ გ. შ-მა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდშიც განაგრძო დანაშაულებრივი საქმიანობა და ჩაიდინა სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ მიმართული სამი სხვადასხვა დანაშაული (მათ შორის - პატიმრობის ადგილიდან გაქცევის მცდელობა), რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ მისთვის სასჯელის შემცირება ნაწილობრივი შეკრების წესით, მით უფრო - სრულად შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას გ. შ-ის მიმართ დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სრულად შეკრების წესით დანიშვნის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის განაჩენი გ. შ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი