დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-874(კ-23) 23 ივლისი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარეები - ლ.გ-ი, გ.მ-ი, ე.მ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 29 დეკემბერს ლ.გ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 15 ნოემბრის №03-4130/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ლ.გ-ისთვის და მისი არასრულწლოვანი შვილებისთვის - გ.მ-ისა და ე.მ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე, მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს ლ.გ-ისა და მისი არასრულწლოვანი შვილების: გ.მ-ის და ე.მ-ის სასარგებლოდ დევნილის მიუღებელი შემწეობის გადახდა დევნილის სტატუსის ჩამორთმევიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ.გ-ის, გ.მ-ისა და გ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 15 ნოემბრის №03-4130/ო ბრძანება. მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელეებს: ლ.გ-სა და მის არასრულწლოვან შვილებს - გ.მ-სა და ე.მ-ის აღუდგებათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ლ.გ-ისა და მისი არასრულწლოვანი შვილების: გ.მ-ის და ე.მ-ის სასარგებლოდ დევნილის მიუღებელი შემწეობის გადახდა, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით დევნილის შემწეობის შეწყვეტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განმარტა, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად პირი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მათ შორის, მას კონკრეტული საფუძვლით - უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხის შექმნის მიზეზით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და აღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელი უნდა იყოს მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. შესაბამისად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად, აუცილებლად უნდა განისაზღვროს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რასაც უკავშირდება ტერიტორიის დატოვებისა და უკან დაბრუნების შეუძლებლობის გამომწვევი საფუძვლების დადგენაც. ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო. ამავე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხებს წყვეტს სამინისტრო. პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე დავებს წყვეტს სასამართლო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კანონი ერთმანეთისგან განასხვავებდა მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილსა და რეგისტრაციის ადგილს. ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და რეგისტრაციის ადგილი, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის და კანონის განმარტებიდან გამომდინარე, უკავშირდება დევნილობის პერიოდს, თუ სად არის პირი სამინისტროს მიერ რეგისტრირებული ან სად ცხოვრობს იგი, რეგისტრაციის გარეშე. რაც შეეხება მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ერთი მხრივ, იგი პირის მიერ არჩეული უნდა იყოს საცხოვრისად, რაც მოიცავს პირის ნებელობასა და ამ მისამართზე ფაქტობრივ ცხოვრებას, მეორე მხრივ კი, მითითებული ადგილი პირს დატოვებული უნდა ჰქონდეს იძულებით. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ეხმიანება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით გათვალისწინებული ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მნიშვნელობას, კერძოდ, მითითებული ნორმის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები. მართალია, კანონმდებლობით პირს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ დევნილის სტატუსის მინიჭებისთვის განმსაზღვრელია ის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, რომელიც პირს არჩეული აქვს ჩვეულებრივ საცხოვრებლად და სადაც ფაქტობრივად იმყოფება. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დევნილის სტატუსის მინიჭების მიზნებისათვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება კანონით გათვალისწინებული რომელიმე მიზეზის არსებობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე დასკვნაზე, რომლის თანახმად, მოძიებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ლ.გ-ი მუდმივად არ ცხოვრობდა ...ის რაიონში. მიუხედავად ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილებისა, თავად ლ.გ-მა აღნიშნა, რომ 1997 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ხოლო 2002-2006 წლებში ცხოვრობდა ქ. ...ში. 2006-2014 წლებში მუშაობდა ქ. თბილისში. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სააგენტომ მიიჩნია, რომ 2008 წლამდე ლ.გ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ...ის რაიონი არ ყოფილა და მასთან მიმართებაში არ დასტურდება „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა. შესაბამისად, ვინაიდან ლ.გ-ის სარეგისტრაციო ნომერზე რეგისტრირებულები არიან მისი არასრულწლოვანი შვილები - ე.მ-ი და გ.მ-ი, რომლებსაც დევნილის სტატუსი მინიჭებული აქვთ „იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ლ.გ-ისა და მისი არასრულწლოვანი შვილებისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა ზემოაღნიშნულ დასკვნას და ყურადღება გაამახვილა საქმეზე წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებზე, კერძოდ, 2021 წლის 9 აგვისტოს ...ის მუნიციპალიტეტი დაბა ...ის ტერიტორიული ორგანოს N68 წერილზე, რომლის თანახმად, ლ.გ-ი 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა დაბა ...ში, ...ის ქ. N9-ში. ასევე, 2021 წლის 9 აგვისტოს ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის N2-0438 წერილზე, რომლითაც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ეცნობა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე ლ.გ-ი ნამდვილად მუდმივად ცხოვრობდა დაბა ...ში, ...ის ქ. N9-ში. ლ.გ-ის 2008 წლის აგვისტოს ომამდე ...ის მუნიციპალიტეტში, დაბა ...ში, ...ის ქ. N9-ში ცხოვრების ფაქტი დადასტურებულია ასევე ...ის ტერიტორიული ორგანოს 2021 წლის 30 სექტემბრის N93 და 2021 წლის 4 ოქტომბრის N2-0581 წერილებით. აღნიშნულ წერილებში ასევე მითითებულია, რომ ლ.გ-ის ოჯახს საცხოვრებელი სახლი ჰქონდა აგრეთვე ამავე რაიონის სოფელ ...ში. სასამართლომ ასევე ყურადღება მიაქცია, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ლ.გ-სთან ჩატარებული გასაუბრების დროს მის ახსნა-განმარტებებზე, სადაც განაცხადა, რომ 1998 წლიდან 2001 წლის ჩათვლით სწავლობდა ქ. თბილისში ...ში. 2002 წლიდან 2006 წლამდე ქ. ...ში ...ში და ცხოვრობდა მამიდასთან, სადაც ასევე ცხოვრობდნენ ლ.გ-ის პაპა-ბებია, რომლებმაც მათ საკუთრებაში არსებული სახლი მდებარე ...ის რაიონში, სოფელი ...-...ში, აჩუქეს ლ.გ-ის, ხოლო ..., ...ის N9 არის დედის სახლი, სადაც ამჟამადაც ცხოვრობს ლ.გ-ის დედა - ც.ზ-ი.
სასამართლოში საქმის მიმდინარეობისას მოსარჩელე ლ.გ-მა ასევე განაცხადა, რომ იგი ...ში ცხოვრობდა და თბილისში პერიოდულად უწევდა ცხოვრება, ქირით ხან ქირის გარეშე ახლობელთან, რადგან მუშაობდა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილზე და იმ პერიოდებში, როდესაც არ ჰქონდა სამუშაო ბრუნდებოდა მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილას ...ში. ასევე, ლ.გ-მა განაცხადა, რომ ქ. ...ში არ ცხოვრობდა, რადგან სწავლობდა დაუსწრებელ ფაკულტეტზე მხოლოდ პერიოდულად ჩადიოდა სწავლის პროცესში, შესაბამისად, პერიოდულად, დროებით რჩებოდა აღნიშნულ ქალაქში. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, მოწმეთა ჩვენებებზე, მათ შორის მოწმის სახით დაკითხული თ.ქ-ის ჩვენებაზე, რომელმაც დაადასტურა, რომ ლ.გ-ი ნამდვილად ცხოვრობდა ომამდე ...ის რაიონში, იგივე განაცხადა მოწმის სახით დაკითხულმა პ.ბ-მაც და დაადასტურა ლ.გ-ის ...ის რაიონში სოფელ ...ში ცხოვრების ფაქტი. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება განათლების მიღების მიზნით არ ქმნის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველს.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის ლ.გ-ის და მისი არასრულწლოვანი შვილების - გ.მ-ისა და ე.მ-ის სასარგებლოდ დევნილის მიუღებელი შემწეობის დევნილის სტატუსის ჩამორთმევიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილშიც სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, სასამართლოებმა საქმის არსებითად სწორად გადაწყვეტისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულად მიიჩნიეს საქმეში წარმოდგენილი ...ის მუნიციპალიტეტის დაბა ...ის ტერიტორიული ორგანოს 2021 წლის 09 აგვისტოს N68 ცნობა, სადაც მითითებულია, რომ ლ.გ-ი 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა ...ში, ...ის ქუჩა N9-ში. თუმცა არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ მოსარჩელემ სხვა სასამართლო პროცესზე თავად განმარტა, რომ ...ში 1999 წლიდან არ უცხოვრია და მეტიც მისამართზე ...ის ქუჩა N9, ცხოვრობდა მხოლოდ სკოლის პერიოდში და მას შემდეგ მითითებული მისამართი არ წარმოადგენდა მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. სასამართლოებმა ყურადღება გაამახვილეს ასევე ...ის მუნიციპალიტეტის გამგების 2021 წლის 04 ოქტომბრის N53724 წერილზე, სადაც საუბარია იმაზე, რომ ოჯახს ჰქონდა საცხოვრებელი ადგილი ...ის რაიონის სოფელ ...ში, თუმცა წერილში საუბარია ოჯახზე, ხოლო როგორც ლ.გ-ი შემდეგ ახსნა-განმარტების დროს განმარტავს, მითითებულ მისამართზე თითქოსდა თვითონ ცხოვრობდა, მაგრამ რატომღაც ...ის მუნიციპალიტეტი მის მუდმივ საცხოვრებლად მიიჩნევს დაბა ...ის, ...ის ქუჩა N9. აღნიშნული გარემოებები კი არის ურთიერთგამომრიცხავი და ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევდა გონივრულ ეჭვს მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ მისამართთან დაკავშირებით.
კასატორის მითითებით, არც ერთ მოწმეს მკაფიოდ და ცალსახად არ დაუდასტურებია 2008 წლის აგვისტოს ომამდე დაბა ...ში, ლ.გ-ის მუდმივად ცხოვრების ფაქტი, პირიქით, ორივე მოწმე დაკითხვის დროს განმარტავდა, რომ მათ დეტალები და ცხოვრების წლები არ ახსოვდათ. მოწმეების საცხოვრებელი ადგილი გახლდათ დაბა ... ...ის ქუჩა, ხოლო, როგორც მოსარჩელე განამარტავს, იგი ცხოვრობდა სოფელ ...ში. აღნიშნულის გათვალისწინებით, როგორ შეიძლებოდა მოწმეებს დაედასტურებინათ ლ.გ-ის მუდმივად სოფელ ...ში ცხოვრების ფაქტი, მაშინ როდესაც თავად სხვაგან ცხოვრობდნენ და შეხება არ ჰქონდათ ერთმანეთთან.
კასატორის განმარტებით, კანონი მუდმივი ცხოვრების ფაქტს პირის რეგისტრაციას არ უკავშირებს. ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრირებულ) მისამართს. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად და იგი პირის ცხოვრების საერთო მონაცემების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს მისი ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური კავშირებით, საქმიანობის და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ პირს დევნილის სტატუსი ეკუთვნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი, კანონში მითითებული გარემოებების გამო, იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამავე კანონით განმარტებულია მუდმივი საცხოვრებლის დეფინიცია, კერძოდ, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი მშობელი (მშობლები) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ ეს არის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, ანუ პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი. პირის მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. აღნიშნულ საცხოვრებელთან უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც, მას ამ ადგილზე უფრო ხშირად უწევს ყოფნა, ვიდრე სხვა ადგილზე, სადაც ასევე შეიძლება ჰქონდეს სხვა საცხოვრებელიც. კონკრეტულ შემთხვევაში გაუგებარია, რის საფუძველზე დაადგინა სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე დაბა ...ში მოსარჩელის - ლ.გ-ის მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
რაც შეეხება სასამართლოს დავალებას - ლ.გ-ისა და მისი არასრულწლოვანი შვილებისთვის მიუღებელი დევნილის შემწეობის გადახდის დაკისრებას დევნილის სტატუსის ჩამორთმევიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, აღნიშნულს ასევე არ დაეთანხმა კასატორი და მიუთითა, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია დევნილის შემწეობის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის საფუძვლები. მოცემული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დევნილის შემწეობა შეჩერდება ამ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვში, თუ: დასადგენია პირისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის წარდგენილი საბუთების სისწორე. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დევნილის შემწეობა აღდგება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოებების აღმოფხვრის შემთხვევაში, მის მიერ პირადი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დევნილის შემწეობის გაცემა განახლდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემდეგ. ამასთანავე, ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში დევნილის შემწეობის გაცემა განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და მიუღებელი თანხა ანაზღაურდება, მაგრამ დევნილის შემწეობის შეჩერების დღიდან არაუმეტეს ერთი წლისა. ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე ცალსახაა, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დევნილის შემწეობის ანაზღაურების შეჩერების მთელი პერიოდისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მიიჩნია, რომ მხარის მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ეწინააღმდეგება კანონს.
კასატორმა ასევე მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ მითითებული მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც აქტი მოსარჩელეთა მიმართ კანონიერად არის გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის და ახალი აქტის გამოცემის საფუძველი მოსარჩელეებს კანონიერად შეუწყდა დევნილის შემწეობის გაცემა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
კონკრეტულ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს ლ.გ-ისათვის 2008 წლამდე ქალაქ ცხინვალში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დაუდასტურებლობის საფუძვლით დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 15 ნოემბრის №03-4130/ო ბრძანების კანონიერება და მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დრომდე მიუღებელი დევნილის შემწეობის გადახდის დავალება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს, ხოლო მეორე პუნქტის შესაბამისად, დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს იძულებით გადაადგილებულად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება და ეს იძულება განპირობებული უნდა იყოს უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ - პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, დევნილის სტატუსის მინიჭებისას, მნიშვნელოვანია სწორედ, მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ განმარტებასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება საქმეზე №ბს-1227-1213(კ-11)).
საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის საკითხის დადგენის მიზნებისათვის, ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა განმარტებებსა და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე. კერძოდ, დევნილის სტატუსის კანონიერებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსარჩელემ კითხვარში მიუთითა, რომ დაიბადა ... წელს დაბა ...ში. 1988-1997 წლებში სწავლობდა ...ის № ...ში. 1998 წლიდან 2001 წლის ჩათვლით სწავლობდა ქ. თბილისში ...ში. 2002 წლიდან 2006 წლამდე ქ. ...ში სწავლობდა ...ში და ცხოვრობდა მამიდასთან, მისი ბებია და პაპაც 2003 წლიდან ცხოვრობდნენ ...ში და სახლი, ...ის რაიონში, სოფელი ...ში-...ში, მას აჩუქეს, ხოლო ...ში, ...ის №9-ში არის დედის სახლი, სადაც ამჟამად ცხოვრობს ლ.გ-ის დედა - ც.ზ-ი. 2021 წლის 9 აგვისტოს ...ის მუნიციპალიტეტი დაბა ...ის ტერიტორიული ორგანოს N68 წერილის თანახმად, ლ.გ-ი 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა დაბა ...ში, ...ის ქ. №9-ში. ასევე, 2021 წლის 9 აგვისტოს ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის №2-0438 წერილით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ეცნობა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე ლ.გ-ი ნამდვილად მუდმივად ცხოვრობდა დაბა ...ში, ...ის ქ. №9-ში.
საქმეში წარმოდგენილია ასევე 2021 წლის 30 სექტემბრის, ...ის მუნიციპალიტეტი დაბა ...ის ტერიტორიული ორგანოს N93 წერილი, რომლის თანახმად, 2008 წლის აგვისტოს ომამდე ლ.გ-ი მუდმივად ცხოვრობდა დაბა ...ში, ...ის ქ. N9-ში. აღნიშნულ წერილში ასევე განმარტებულია, რომ ლ.გ-ის ოჯახს საცხოვრებელი სახლი ჰქონდა აგრეთვე ამავე რაიონის სოფელ ...ში. 2021 წლის 4 ოქტომბრის ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის N2-0581 წერილის თანახმად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ეცნობა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე ლ.გ-ი მუდმივად ცხოვრობდა დაბა ...ში, ...ის ქ. N9-ში. ასევე, ლ.გ-ის ოჯახს საცხოვრებელი სახლი ჰქონდა აგრეთვე ...ის რაიონის სოფელ ...ში.
მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებაში ასევე განაცხადა, რომ იგი ...ში ცხოვრობდა და ქ. თბილისში პერიოდულად უწევდა ცხოვრება, ქირით ხან ქირის გარეშე ახლობელთან, რადგან მუშაობდა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილას და იმ პერიოდებში, როდესაც არ ჰქონდა სამუშაო ბრუნდებოდა მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილას ...ში. ქ. ...ში არ ცხოვრობდა, რადგან სწავლობდა დაუსწრებელ ფაკულტეტზე.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად ადმინისტრაციული ორგანოს აპელირებას მხოლოდ 2021 წლის 6 ივლისს გამართულ სხდომაზე ლ.გ-ის განმარტებაზე, რომ 1999 წლიდან მას ფაქტობრივად არ უცხოვრია ...ში და მიუთითებს, საქმეში არსებულ ზემოაღნიშნულ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულ ცნობებზე, რომლებიც ადასტურებენ მოსარჩელის დაბადებიდან ომამდე ...ის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტს. ასევე, მოწმეთა ჩვენებებზე, მათ შორის მოწმის სახით დაკითხული თ.ქ-ის ჩვენებაზე, რომელმაც დაადასტურა, რომ ლ.გ-ი ნამდვილად ცხოვრობდა ომამდე ...ის რაიონში, იგივე განაცხადა მოწმის სახით დაკითხულმა პ.ბ-მაც და დაადასტურა ლ.გ-ის ...ის რაიონში სოფელ ...ში ცხოვრების ფაქტი. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება განათლების მიღების მიზნით არ ქმნის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველს.
აღნიშნულის გათვალისწინებით და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო აქტში მითითებული გარემოება, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დასტურდება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე მოსარჩელის - ლ.გ-ის ...ის რაიონში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მოსარჩელის მიერ მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების თაობაზე და მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, თუ იგი მიყენებულია ამ ორგანოს სახელმწიფო მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის შედეგად. ამასთან, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა წარმოეშობა მოსამსახურის ბრალის მიუხედავად, თუ არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, ბათილად არის ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 15 ნოემბრის №03-4130/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ლ.გ-სა და მის არასრულწლოვან შვილებს გ.მ-სა და ე.მ-ის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე, შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მიუღებელი დევნილის შემწეობა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე